ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: რუსეთის სარაკეტო იერიშის სამიზნე ამჯერად უკრაინის ელექტროსისტემები იყო


უკრაინის საგანგებო სამსახურები რუსეთის მიერ ხარკივში დაბომბილ ელექტროსადგურზე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. 2022 წლის სექტემბერი.

10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვამ ქვეყნის ბევრი დასახლება ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა. კიევს ელექტროენერგიის ექსპორტის დროებით შეწყვეტა მოუწია.

რუსეთის სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 12 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, დაშავებული და დაჭრილია 80-ზე მეტი ადამიანი. რეგიონების ნაწილი უშუქოდაა დარჩენილი და საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, საჭირო მარაგის მიწოდება მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში დროებით შეფერხებულია.

კიევმა მოსახლეობას და ბიზნესებს დენის დაზოგვისკენ მოუწოდა. ენერგეტიკის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ეს იყო თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, რის გამოც ის იძულებული გახდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეეჩერებინა.

"ახლა ცხადი ხდება, რომ რაკეტების უმეტესობა სხვადასხვა ქალაქების ენერგოსისტემებზე იყო დამიზნებული" - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ "ტელეგრამზე". ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსის მოადგილეა. ტიმოშენკომ მოსახლეობა გააფრთხილა და უთხრა, რომ ისინი მომავალშიც მზად უნდა იყვნენ მსგავსი იერიშების შედეგებთან გასამკლავებლად.

დენის მიწოდება აღდგენილია ლვივში და დასავლეთ უკრაინის უმეტეს ნაწილში. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, თუ როდის აღდგება ის ბოლომდე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპილში, ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმიში და ცენტრალური უკრაინის ქალაქ პოლტავაში. კიევს დღეს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, მაგრამ ქალაქის მერიამ მოსახლეობას და ბიზნესებს სთხოვა, შეზღუდონ დენის მოხმარება საღამოს 5-დან 10 საათამდე. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სარეკლამო აბრებზეც განათების მოხსნას ითხოვს.

უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება. ორშაბათს ქვეყნის ქალაქებზე მიტანილმა იერიშებმა ოფიციალური კიევის შეშფოთება ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავა. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, მოიმარაგონ ყველაფერი, ელექტროგენერატორებიდან დაწყებული, შეშით დამთავრებული, რათა გათბობის სეზონმა შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიაროს. უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ მსგავსი იერიშები მიზნად "უკრაინელებში პანიკის დათესვას და ევროპის საზოგადოების დამცირებას" ისახავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG