ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინის 10-ზე მეტი დასახლება დაბომბა


10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის 15-მდე სხვადასხვა დასახლება დაბომბა. ეროვნული პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით, შუადღის 2 საათისთვის, სულ მცირე 10 ადამიანი იყო დაღუპული, დაშავებული კი - 60-ზე მეტი. საგანგებო სიტუაციების სამსახური მხოლოდ 9 დაღუპულზე ავრცელებდა მონაცემებს.

თავდასხმის სამიზნე გახდა დედაქალაქი კიევიც, სადაც რუსულ რაკეტას სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიევიდან ვრცელდება აფეთქებული, დამწვარი მანქანების და დაზიანებული შენობების ფოტოები. დედაქალაქში შედარებითი მშვიდი თვეების შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილმა თავი ისევ მეტროს სადგურებს შეაფარა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს თავდასხმები კიევის "ტერორისტული ქმედებების" საპასუხო ნაბიჯი იყო. "ტერორისტულ აქტად" რუსეთის პრეზიდენტს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე მომხდარი აფეთქება მიაჩნია. პუტინმა "მკაცრი" და "პროპორციული" ნაბიჯების პირობა დადო, თუკი უკრაინა "რუსეთის უსაფრთხოებას ისევ დაემუქრება".

გავრცელდა კადრები, სადაც ვლადიმირ პუტინი ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ვიდეო-ზარის მეშვეობით ესაუბრება და ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს "ზუსტი დამიზნების იარაღი", როგორც ჰაერიდან და ზღვიდან, ისე ხმელეთიდან, რომ მიზანში ამოეღოთ ენერგო და სამხედრო მართვის ობიექტები.

საჰაერო იერიშები პირველი ასეთი ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო ბოლო თვეების განმავლობაში, რაც რუსულმა ძალებმა განახორციელა. ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინა რუსულ ძალებს სამხრეთით და აღმოსავლეთით უტევს და წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, არაერთი ტერიტორია ოკუპაციისგან გათავისუფლდა.

კიევში თავდასხმა შევჩენკოს უბანში მოხდა, ფართო ტერიტორია მოიცავს კიევის ცენტრსაც, სადაც ქალაქის ისტორიული ნაწილი და ზოგიერთი სამთავრობო შენობა მდებარეობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ისაუბრა. ერთ-ერთი თავდასხმა სწორედ სამთავრობო კვარტლის მახლობლად მოხდა, სადაც პარლამენტი და სხვა უწყებების შენობებია. მნიშვნელოვნად დაზიანდა შუშის შენობა ბიზნეს ოფისებით, შუშების უდიდესი ნაწილი ჩამსხვრეულია. იერიშის სამიზნეთა შორის იყო კიევში ეროვნული უნივერსიტეტის მახლობლად ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსი, შევჩენკოს პარკში კი სამიზნე საბავშვო გასართობი მოედანი გახდა. ასევე საფეხმავლო, ე.წ. კლიჩკოს ხიდი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, ათობით რაკეტა და ირანული წარმოების დრონები გამოიყენეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ 75 რაკეტა იყო ნასროლი. მათგან 41 კი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა. 10 სხვადასხვა ქალაქში სამიზნეთა შორის იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, უკრაინის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ობიექტები.

"რუსებმა ასეთი დრო და ასეთი ადგილები განზრახ აირჩიეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი გამოეწვიათ", - თქვა ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG