ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი მთავრობის თანამშრომლებისგან მოითხოვს წვერი ატარონ


თალიბანი მთავრობის ყველა თანამშრომლისგან მოითხოვს, ატარონ წვერი და დაიცვან ჩაცმულობის წესი, სხვა შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების რისკი არსებობს. ინფორმაცია ამის შესახებ, სააგენტო „როიტერს“, სამმა ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

წყაროების ინფორმაციით, სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს წარმომადგენლები, სამთავრობო უწყებების შესასვლელებს უკვე აკონტროლებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ დადგენილ წესებს, ყველა თანამშრომელი იცავს.

თალიბანის მთავრობაში დასაქმებულებს განუცხადეს, რომ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, ოფისებში შესვლას ვერ შეძლებენ, ან სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს საზოგადოებრივი მორალის სამინისტროს სპიკერი.

გასულ კვირას, თალიბანმა მამაკაცების გარეშე, ქალებს ფრენა აუკრძალა. გარდა ამისა, დაპირების მიუხედავად, არ გახსნეს ქალთა სკოლები.

გარდა ამისა, ქალებისა და მამაკაცებისთვის განისაზღვრა დროები, როცა მათ შეუძლიათ საზოგადოებრივ პარკებში შევიდნენ. ამისთვის, თალიბანმა ქალებს კვირაში სამი დღე მისცა, დანარჩენი ოთხი დღე კი, მათ შორის შაბათ-კვირა, მამაკაცებს. ახალი წესდებით, პარკში ერთად შესვლა, დაქორწინებულ წყვილებს და ოჯახებსაც კი აღარ შეუძლიათ.

ავღანეთის მთავრობამ კერძო ტელემაუწყებლებს აუკრძალა "ამერიკის ხმის" (VOA) და "ბი-ბი-სის" (BBC) საინფორმაციო გამოშვებათა ეთერში გაშვება. ეს ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების შევიწროებისკენ მიმართული შეზღუდვების მთელ ციკლში, რომელიც თალიბების ისლამისტურმა მთავრობამ, აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუწესა ავღანურ მედიას.

მომხდარი "ამერიკის ხმამ" მაშინვე დაგმო. "ვთხოვთ თალიბანს, კიდევ ერთხელ გადახედოს ამ შემაშფოთებელ და სამწუხარო გადაწყვეტილებას" - განაცხადა კვირას "ამერიკის ხმის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა იოლანდა ლოპესმა. მისი თქმით, "შინაარსობრივი შეზღუდვები, რომელთა დაწესებასაც თალიბანი ცდილობს, უშუალოდ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას, რასაც ავღანეთის ხალხი იმსახურებს".

ამ შეზღუდვების მიუხედავად, იოლანდა ლოპესი ამბობს, რომ "ამერიკის ხმა" ავღანეთის ენებზე მაუწყებლობას არ შეწყვეტს. გადაცემების მომზადება გაგრძელდება და ისინი ტელე, რადიო და ინტერნეტით გავრცელდება ავღანეთისთვის განკუთვნილ ვებგვერდებზე: www.pashtovoa.com და www.darivoa.com, ისევე როგორც სოციალური მედიის გვერდებზე.

ამერიკული მაუწყებელი, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ფინანსდება, ავღანეთისთვის ნახევარსაათიან ახალი ამბების გამოშვებას ავღანეთის ორ მთავარ ენაზე ამზადებს: პაშტუ და დარი. "ამერიკის ხმის" საინფორმაციო გამოშვებას ავღანელი პარტნიორები - "ტოლო-ნიუს" და "შამშად-ტვ" - ეთერში კვირაში ხუთჯერ უშვებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG