ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეძლებს, თუ არა რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შენახვას?


აფხაზი სეპარატისტების ლიდერი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე
აფხაზი სეპარატისტების ლიდერი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ელიტა ცდილობს, როგორმე მოერგოს ახალ, მისთვის მძიმე რეალობას, რომელიც რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის და მოსკოვისთვის დაწესებული, უმძიმესი ეკონომიკური სანქციების შემდეგ შეიქმნა.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, მოსკოვში, სეპარატისტული ანკლავის ლიდერი ასლან ბჟანია ცდილობდა მიეღო პასუხი კითხვებზე, თუ როგორ გაგრძელდება, ოკუპირებული აფხაზეთის დაცვა, მას შემდეგ რაც გუდაუთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზის ნაწილები უკრაინაში იქნა გადასროლილი? და, რა მასშტაბის იქნება 2022 წელს, რუსული ფინანსური დოტაცია?

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ნოვაკი და ბჟანია
რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ნოვაკი და ბჟანია

ბჟანია მოსკოვში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, მთავრობის ვიცე-პრემიერ ნოვაკს და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კოზაკს. რას აკეთებს ამ დროს ოფიციალური თბილისი?

„არ შეიძლება ამ დროს საქართველოს ჩუმად ყოფნა, აუცილებელია ღიად საუბარი დეოკუპაციაზე, იმაზე, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული! ეს ახლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, წლების წინ, მიძინებული ეს თემები გაცოცხლდეს, სწორედ უკრაინის ომის კონტექსტში"
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი

„ახალი რეალობა, ახალი შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსგან მოითხოვს, მეტ, მკაფიო, სოლიდარულ დაპირისპირებას რუსული ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში საკუთარი თავის გადასარჩენად, შესაძლოა, ერთ-ერთ, ბოლო დიდ ომს აწარმოებს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, „არ შეიძლება ამ დროს საქართველოს ჩუმად ყოფნა, აუცილებელია ღიად საუბარი დეოკუპაციაზე, იმაზე, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული, აუცილებელია, ღიად მოთხოვნა, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ექვს პუნქტიანი გეგმა, სადაც ჩვენი ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანის ვალდებულება აქვს აღებული. ეს ახლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, წლების წინ, მიძინებული ეს თემები გაცოცხლდეს, სწორედ უკრაინის ომის კონტექსტში. ამას ვერ ვხედავთ.

სულ რაღაც, რვა თვის წინ, 2 აგვისტოს, ჩვენმა პარლამენტმა მიიღო საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ, სადაც დაგმო მოსკოვის ქმედებები, დიახ, ზუსტად ასე წერია, „ერთხმად და მტკიცეთ გმობს“...რა შეიცვალა ახლა? რვა თვის შემდეგ? რატომ ვართ ჩუმად? - კითხულობს პაატა ზაქარეიშვილი.

ოკუპირებული აფხაზეთი როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ანკლავის 2022 წლის „ბიუჯეტის“ მოცულობა, დაახლოებით, 10 მილიარდი რუსული რუბლია, რაც „ბიუჯეტის“ დამტკიცების დროს, ანუ უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებული კურსით, 130 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2022 წლის „ბიუჯეტის“ ნახევარზე მეტის, დაახლოებით, 75 მილიონი აშშ დოლარის მიღებას, სეპარატისტული სოხუმი სწორედ რუსეთის დოტაციიდან ელოდა. საიდან მოვა ეს თანხები, ამ დროისთვის გაურკვეველია.

ბჟანიას ვიზიტს მოსკოვში წინ უსწრებდა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება, რომ როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, მოსკოვი 2022 წლიდან, დოტაციას ეტაპობრივად შეამცირებს და „ამ რეგიონებმა საკუთარი თავის შენახვა თავად უნდა შეძლონ“. მოსკოვიდან ასევე იყო ღია მითითება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარებული ელექტრო ენერგია „უფასო“ ვეღარ იქნება.

რუსეთი, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შენახვას. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს ამ ტერიტორიებზე, ყველას ესმის, რომ შეუძლებელია, რუსული დოტაცია აფხაზეთსა და ცხინვალში რაიმეთი ჩაანაცვლო
აკია ბარბაქაძე, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე

„ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შენახვას“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე აკია ბარბაქაძემ.

მისი თქმით, „ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს ამ ტერიტორიებზე, ყველას ესმის, რომ შეუძლებელია, რუსული დოტაცია აფხაზეთსა და ცხინვალში რაიმეთი ჩაანაცვლო. როგორც კი ეს დოტაცია შეწყდება ჩვენთვის შესაძლებლობების ფანჯარა კიდევ უფრო გაიხსნება. ხაზს ვუსვამ, მე არ ვამბობ, რომ ეს რეგიონები ადგებიან და საქართველოსკენ წამოვლენ. ასე მარტივად ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება. ამისთვის საჭიროა, დეოკუპაციის მტკიცე, ჭკვიანური პოლიტიკა, საერთოდ არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ომს. ამ პოლიტიკას სამწუხაროდ, ვერ ვხედავ“ - ამბობს თადარიკის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე.

სოხუმსა და ცხინვალში მოსალოდნელი ეკონომოკური პრობლემების გარდა, ასევე შეშფოთებული არიან სამხედრო უსაფრთხოების თემითაც. უკრაინაში უმძიმესი დანაკარგების ფონზე, მოსკოვი ისევ განაგრძობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალში განთავსებული საოკუპაციო ბაზებიდან, რუსი სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის გადასროლას, ძირითადად, დონეცკი-ლუჰანსკის ფრონტის მიმართულებით.

24 მარტს, გუდაუთაში, საავტომობილო ტრასაზე, რუსეთის ჯარების გადაადგილებისას, ჯავშანმანქანა მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რა დროსაც მძღოლი და მისი ფეხმძიმე მეუღლე სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. ამ ინციდენტს ადგილობრივებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

ოკუპირებული გუდაუთა, რუსულმა ჯავშანმანქანამ კერძო ავტომობილს გადაუარა
ოკუპირებული გუდაუთა, რუსულმა ჯავშანმანქანამ კერძო ავტომობილს გადაუარა

აფხაზეთში ასევე დიდი კრიტიკით შეხვდნენ, მოსკოვში ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ „თუ საჭირო გახდა, სოხუმი რუსეთს სამხედრო ძალით დაეხმარება“.

აშკარაა, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფ აფხაზურ საზოგადოებას უკრაინის ომში ჩართვა კატეგორიულად არ სურს. ამაზე მეტყველებს, 11 მარტის, რუსეთის მხარდამჭერი მიტინგიც სოხუმში, როცა „დინამოს“ 4300 ადგილიანი სტადიონი, მხოლოდ სანახევროდ შეივსო და ისიც, ადგილობრივი ჯარისკაცების ხარჯზე.

სოხუმის "დინამოს" სტადიონი, რუსეთის მხარდამჭერი მიტინგი
სოხუმის "დინამოს" სტადიონი, რუსეთის მხარდამჭერი მიტინგი

XS
SM
MD
LG