ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობენ


უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე რუსეთის თავდასხმა უკვე დაგმო არაერთმა მსოფლიო ლიდერმა. მათი დიდი ნაწილი განცხადებებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ შეძრწუნებულია მოვლენებით და იმით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრა აირჩია.

"შეძრწუნებული ვარ უკრაინაში განვითარებული საშინელი მოვლენებით. მე ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაზე ამ არაპროვოცირებული თავდასხმით სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები [მას] გადაჭრით უპასუხებენ", - წერს ჯონსონი.


მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც.

"კანადა უმკაცრესად გმობს რუსეთის შემზარავ თავდასხმას უკრაინაზე. ეს არაპროვოცირებული ქმედებები არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა განგრძობითი დარღვევა. ეს ასევე არღვევს რუსეთის ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის წინაშე", - განაცხადა ტრუდომ და მოუწოდა მოსკოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მტრული და პროვოკაციული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, გამოიყვანოს საკუთარი ძალები და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ქვეყნიდან და პატივი სცეს უკრიანის სუვერენიტეტს.


„მე მტკიცედ ვგმობ რუსეთის სამხედო თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ. ეს საფრთხე უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. ეს ახლა დასავლეთზეა დამოკიდებული, რომ შესაბამისად უპასუხოს. ვდგავართ უკრაინის გვერდით! - წერს გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი.


„მე ვგმობ სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო უკრაინის მიმართ. ამას საერთაშორისო საზოგადოებისგან მტკიცე რეაქცია უნდა მოჰყვეს. ნატო დაიცავს საკუთარ თავს და მის ღირებულებებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ასევე "ტვიტერზე" დაწერა ეგილს ლევიტსმა, ლატვიის პრეზიდენტმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დაწერა "ტვიტერზე": "ბოროტება რეალურია. დიდება უკრაინას!"

კრემლს ვაზღვევინებთ, ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლას შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ შეტევას უკრაინაზე. ამ მძიმე საათებში, ჩვენი ფიქრები უკრაინასთან და უდანაშაულო ქალებთან, მამაკაცებთან და ბავშვებთანაა, ვინაიდან ისინი არაპროვოცირებულ თავდასხმასა და საკუთარი სიცოცხლის გამო შიშს უსწორებენ თვალს. ჩვენ კრემლს ვაზღვევინებთ", - წერია მიშელის განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი კი ამბობს, რომ ევროპის ლიდერები მტკიცე და სწრაფ პასუხს გასცემენ რუსეთის ქმედებებს:

"ჩვენ ვგმობთ რუსეთის უპრეცენდენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მან [რუსეთმა] სამხედროები უკან უნდა გაიწვიოს და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ და სწრაფად მიიღებენ შემდგომ შეზღუდვებს რუსეთისთვის. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ თავდასხმას "აგრესიის ბარბაროსული აქტი" უწოდა. ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი ქვეყანა გმობს რუსეთის ქმედებებს და პარტნიორებთან ერთად იმუშავებს საპასუხო ნაბიჯზე.

განცხადებები გააკეთეს ბელგიისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებმაც. ბელგიის პრემიერის, ალექსანდრ დე კროს თქმით, ეს ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მძიმე მომენტია. იტალიის პრემიერმა კი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას "გაუმართლებელი და უსამართლო" უწოდა.

მოსკოვის დროით, 24 თებერვალს გამთენიისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციების“ გატარება გადაწყვიტა. ორი დღით ადრე, მოსკოვმა უკრაინის რეგიონები, დონეცკი და ლუჰანსკი, ე.წ. „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ გამოაცხადა.

მოსკოვის მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალ შეჭრასთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თთქმით, ვლადიმირ პუტინმა, „წინასწარ განზრახული ომი აირჩია" და „მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს.

თვეების განმავლობაში, რუსეთს უკრაინის საზღვრებსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საბრძოლო ტექნიკა და 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული. მოსკოვი დაჟინებით უარყოფდა დასავლელი ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ კრემლი უკრაინაში განმეორებით შეჭრას გეგმავდა.

მოსკოვმა, უკრაინასა და მის ირგვლივ, სამხედრო ძალების განთავსების შემდეგ, დასავლეთს "უსაფრთხოების გარანტიების" მისაღებად, მოთხოვნები წაუყენა. სხვა მოთხოვნებთან ერთად, კრემლი ვაშინგტონისგან და ნატოსგან ითხოვდა წერილობით დასტურს, რომ უკრაინა და საქართველო, ალიანსის წევრები არასდროს გახდებიან. პასუხად, ვაშინგტონმა და ალიანსმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG