ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის გატარება გადაწყვეტილია


"ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი ადასტურებს, რომ შეტაკება უკრაინულ და რუსულ შეიარაღებულ ძალებს შორის გარდაუვალია. ეს მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე. ამის მიზეზი კი ხალხის დაცვის აუცილებლობაა.

მისი თქმით, რუსეთს აღარ შეუძლია მოითმინოს და შეეგუოს იმ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინიდან მის ქვეყანას ემუქრება. თქვა, რომ უკრინის სრული ტერიტორიის ოკუპაციას არ აპირებს. თუმცა მისგან ვითარება მოითხოვს გადამჭრელ ზომებს და ამ ოპერაციის მიზანი მხოლოდ ხალხის დაცვაა. "ვხედავთ, რომ იმ ძალებმა, რომლებმაც 2014 წელს მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება და მოიპოვეს ძალაუფლება, საბოლოოდ უარი თქვეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე. ჩვენ 8 წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკთებდით ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, მაგრამ ყველაფერი ამაოდ".

სატელევიზიო გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა ასევე თქვა, რომ ნატოს გაფართოება და მის მიერ უკრაინის ტერიტორიის გამოყენება რუსეთისთვის მიუღებელია. მისი თქმით, ნატოს წამყვანი ქვეყნები მხარს უჭერენ ნაციონალისტებსა და ნეონაცისტებს უკრაინაში, რომლებიც თავის მხრივ არასდროს აპატიებენ ყირიმის და სევასტოპოლის მცხოვრებთ იმას, რომ მათ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს და რუსეთთან შეერთება გადაწყვიტეს.

პუტინის განმარტებით, 2014 წელსაც რუსეთი იძულებული იყო დაეცვა ყირიმელები. დღევანდელი მოვლენები კი უკვე უკავშირდება თავად რუსეთის დაცვას მათგან, ვინც უკრაინა აიყვანა მძევლად და ცდილობს გამოიყენოს ის რუსი ერის წინააღმდეგ.

პუტინმა რუს ხალხს პირდაპირ მიმართა და მათ მოთმინებისგან და გაგებისკენ მოუწოდა: "როგორი ძნელიც უნდა იყოს, გთხოვთ გაიგეთ და მიიღეთ ეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავშალოთ ისტორიის ეს სამწუხარო ფურცელი", - თქვა ვალდიმირ პუტინმა და ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებულია და ყველა მიმართულებით მოვლენებს სპეციალისტები და პროფესიონალები ხელმძღვანელობენ.

მან უკრაინელ სამხედროებსაც მიმართა და უთხრა, რომ მათი წინაპრები იმისთვის არ ებრძოდნენ ფაშისტებს, რომ ახლა მათმა შთამომავლებნმა მათ დასაცავად იბრძოლონ.

„ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მამები, ბაბუები იმისთვის არ იბრძოდნენ ჩვენი სამშობლოს დასაცავად, რომ უკრაინაში ძალაუფლება ხელში დღევანდელი ნეონაცისტებისთვის ჩაეგდოთ. თქვენ ერთგულების ფიცი დადეთ უკრაინელი ხალხის წინაშე და არა ანტისახალხო ხუნტის წინაშე, რომელიც ძარცვავს და ავიწროვებს საკუთარ ხალხს. არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები, დაყარეთ იარაღი და წადით შინ. სრული პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრისა, სრულად ეკისრება უკრაინის ტერიტორიის მმართველ რეჟიმს და ეს მიგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომელთა პირისპირაც თქვენ ჯერ კიდევ თქვენს ცხოვრებაში არასდროს ყოფილხართ" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

XS
SM
MD
LG