ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინკევიჩიუსი: "პუტინი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ გააჩერებენ"


ლინას ლინკევიჩიუსი
ლინას ლინკევიჩიუსი

რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადება მალევე დაგმეს ამერიკისა და ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში. არ დააყოვნა სანქციებმაც. შეერთებულმა შტატებმა სანქციები სამ ეტაპად წარადგინა. სადამსჯელო ზომების ცენტრში რუსული გაზსადენია - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ეს კრემლისთვის გამორჩეულად მტკივნეული იქნება. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ დროა ისეთი ზომები იყოს მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინს შეაჩერებს, რადგან სხვაგვარად მის აგრესიას საზღვრები არ აქვს. ევროპული უსაფრთხოებისთვის არსებულ საშიშროებაზე და რუსეთთან დამოკიდებულების ცვლილების აუცილებლობაზე „ამერიკის ხმას“ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ესაუბრა.

- თქვენ ევროპული დიპლომატიისა და თავდაცვის კუთხით დიდი გამოცდილება გაქვთ, რა ეტაპზეა ახლა რუსული აგრესია და მისი შეკავების სტრატეგია ევროპის მიწაზე?

ღირებულებები უნდა დავიცვათ მაშინ, როცა მათ თავს ესხმიან და იქ, სადაც თავს ესხმიან. იმის გამეორება, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი, არ არის საკმარისი.

- დაძაბულობა გრძელდება და ის ნამდვილად არ დამთავრებულა. როდესაც მეკითხებიან, სადამდე წასვლისთვისაა პუტინი მზად, მე ვპასუხობ, იქამდე, სადაც გააჩერებენ. ამ დრომდე ეს არ მომხდარა. ეს ყველაფერი კი დღეს ნამდვილად არ დაწყებულა და მე 2008 წლის ომიც კარგად მახსოვს, რომლის შემდეგად საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია მოხდა. რეაქცია ძლიერი და მკაცრი იყო, მოთხოვნებიც კონკრეტული, მაგრამ არც ერთი მოთხოვნა რეალურად არ შესრულებულა და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა. გაკვეთილები ისწავლა აგრესორმა, მაგრამ ვერ ისწავლეს სხვებმა საერთაშორისო საზოგადოებაში. მერე ვნახეთ შემდგომი კრიზისი ყირიმის ანექსიის სახით.

ახლა, რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ პუტინის ცნობილი სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მისი ხედვა მსოფლიო წესრიგისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღქმის შესახებ. მგონია, რომ მათაც კი, ვისაც კვლავ გულუბრყვილოდ სჯეროდა დიპლომატიური გზის, გაიგეს, რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან შორს წავიდა, ყველა ხაზი გადაკვეთილია. მან ასევე ფაქტობრივად თქვა, რა იქნებოდა შემდეგი, რომ ის აპირებდა სრული დონბასის რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებას არა მხოლოდ იმ საზღვრებში, რომლებსაც ახლა რუსეთთან დაკავშირებული ძალები აკონტროლებენ, არამედ, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

ისაუბრა, რომ ქვეყანა [უკრაინა] ხელოვნურადაა შექმნილი, რომ მას სუვერენიტეტის უფლება არ აქვს და ნათელია თუ რისი გაკეთება სურს მას იმისთვის, რომ წარმოაჩინოს უკრაინა, როგორც არშემდგარი სახელმწიფო, რომლის ერთადერთი მომავალიც რუსეთთან მეგობრობა და მასთან გარიგებაა. სხვაგვარად ის ვერ იარსებებს. საუბარიც აღარაა საჭირო მის ევრო-ატლანტიკურ ამბიციებზე. ასე რომ ის [პუტინი] ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა ეს დაამტკიცოს და არ გაჩერდება, სანამ არ გააჩერებენ.

ამ დრომდე სანქციები მისთვის „შთამბეჭდავი“ ნამდვილად არ ყოფილა. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში ამ სანქციებს დასცინეს კიდეც. ვნახოთ ახლანდელი პაკეტი, რა შედეგებს გამოიღებს. ის ძალიან სწრაფად ამოქმედდა და კარგია, სწორი მიმართულებაა, მაგრამ არის თუ არა საკმარისი? ვეჭვობ, რომ -არა, რადგან კვლავ არის გაუმჯობესებისთვის საჭირო სივრცე. საჭიროა ამ რეჟიმის მოკავშირეების მიზანში ამოყება, განსაკუთრებით კი იმ ფინანსების წყაროებისა, რომლებიც, როგორც წესი, აქამდე ყურადღების მიღმა რჩებოდნენ ხოლმე. იქნებ ამან შეცვალოს მათი ქმედებები. აქამდე ეს არ მომხდარა. ახლო მომავალში კი ვნახავთ იყო თუ არა ეს ნაბიჯი მართებული, იყო თუ არა საკმარისი და პარალელურად უნდა მოვამზადოთ ახალი პაკეტი სხვა მოთამაშეებთან ერთად კოორდინაციით. იქნება ეს ამერიკა, ევროკავშირი, კანადა, დიდი ბრიტანეთი თუ სხვები. მხოლოდ ამგვარად - კოორდინირებულად და ძალიან ძლიერად შეიძლება შევძლოთ ამ კურსის სულ მცირე შეცვლა მაინც. მისი შეცვლის მიზეზიც [მათთვის] ჯერჯერობით არ არსებობს.

- ჩვენ დასავლეთიდან ამ დრომდე განსხვავებული გზავნილები გვესმოდა იმის თაობაზე, თუ რა მასშტაბის სანქციებს გამოიწვევდა რუსეთის ესა თუ ის აგრესია. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ახერხებს ვლადიმირ პუტინი წარმატებით უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მანევრირებას იმგვარად, რომ ის „გამანადგურებელი სანქციების პაკეტი“, რომლითაც მას დასავლეთი ემუქრებოდა აგრესიის გარკვეულ ეტაპებზე თავიდან აიცილოს? რამდენად მკაცრია რეაგირება უკვე აშკარა აგრესიაზე?

გაკვეთილები ისწავლა აგრესორმა, მაგრამ ვერ ისწავლეს სხვებმა საერთაშორისო საზოგადოებაში.

- ამ დრომდე ეს ცხადია, არასაკმარისი იყო. ის განაგრძობს მოქმედებას ნაბიჯ-ნაბიჯ, გადადგამს ერთ ნაბიჯს და შეაფასებს რეაქციას, თუ არის ეს მისაღები, მართვადი, აგვარებს ამას და მერე შემდეგ ნაბიჯს დგამს. ამას აქამდე ძალიან წარმატებულად ახერხებდა და რატომ არ უნდა გააგრძელოს ასევე? მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ შესაძლებელია დიპლომატიური საუბარი, ვეტყოდი, რომ ეს შესაძლებელია ღირსეულ პარტნიორებთან, მათთან ვინც ემორჩილება რაიმე წესებს. ახლა ამასთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს.

ვლადიმირ პუტინს ლექსიკონიც კი განსხვავებული აქვს. მშვიდობისმყოფელები და სამშვიდობო პროცესი - მისთვის ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ამ მიწის მისაკუთრებას და შენარჩუნებას გულისხმობს. მოლაპარაკებები მისთვის შანტაჟს ნიშნავს. „რუსული სამყარო“ არის „რუსეთი საზღვრებს გარეშე“ და ა.შ. ეს განსხვავებული ლექსიკონია. როდესაც ის ამბობს, რომ რუსეთი მზადაა დიპლომატიური გამოსავლის საპოვნელად, ფრთხილად იყავით, რადგან ეს გადაწყვეტა შესაძლოა ძალიან შორს იყოს დიპლომატიური გამოსავლისგან და სულ სხვა რამეს ნიშნავდეს.

გვესმის დაუსრულებელი მოწოდებები დიალოგისკენ. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ძალიან შორს წავიდა, ჩვენ უკვე ვხედავთ შედეგებს. დიალოგი მნიშვნელოვანია, დიახ, ლაპარაკი სჯობს იმას, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდეთ, მაგრამ ეს ლაპარაკი უნდა იყოს მკაცრი, ნათელი, ხელშესახები, მნიშვნელოვანი, კონკრეტული წნეხისა თუ სანქციების პარალელურად. მათი სამიზნე კი უნდა იყვნენ ამ აგრესიის წყაროები და არა ისინი, ვისაც არაფერი ესაქმება გადაწყვეტილების მიღების პროცესთან. სხვაგვარად ძალიან ძნელი იქნება რომ ჩვენვე დავიჯეროთ, რომ მზად ვართ დავიცავათ ჩვენი ღირებულებები. ეს ღირებულებები უნდა დავიცვათ მაშინ, როცა მათ თავს ესხმიან და იქ, სადაც თავს ესხმიან. იმის გამეორება, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი, არ არის საკმარისი. ეს უნდა იყოს დამტკიცებული, პრაქტიკაში განხორცილებული.

- პრეზიდენტმა ბაიდენმაც თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი თავს უფლებას აძლევს მთლიანად უკრაინის არსებობის უფლებაც კი ეჭვქვეშ დააყენოს. ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა პრაქტიკულად მთელი უკრაინის და მთელი ყოფილი საბჭოთა სივრცის რუსეთის შემადგენლობაში მოქცევის გასამართლებელ მისეულ არგუმენტებს ეძღვნებოდა. როგორ ფიქრობთ, რა მიანიშნებს იმაზე, რეალურად რამდენად შორს წასასვლელად არის მზად უშუალოდ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით? ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობდა, რომ კრემლი ამ ტერიტორიებს დამოუკიდებლად არ გამოაცხადებდა, თუკი მართლაც ფართომასშტაბიანი ომი არ იგეგმება. რადგან ეს „მინსკის შეთანხმებების“ სახელით ცნობილ პროცესს დაასრულებდა და მოსკოვს მისი კიევის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობასაც სამუდამოდ დაუკარგავდა.

- მინიშნებები ისევ ამ გამოსვლაში უნდა ვეძიოთ. შეთანხმებებს კი ის დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა, უკრაინას მის შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა და მოსალოდნელი იყო, რომ ერთ დღეს ამ ტერიტორიებს აღიარებდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ილუზიაა, თუ გგონიათ, რომ ის აქ გაჩერდება. ნამდვილად არა. თუკი ისინი იგრძნობენ, რომ მათი საწინააღმდეგო, სადამსჯელო ზომები არ არის საკმარისად შთამბეჭდავი, ძლიერი, მაშინ პირველი ნაბიჯი ამ რეგიონების ანექსია იქნება, შემდეგ კი სამხედრო კონფრონტაცია და პროვოკაციები შეხების ხაზზე და დონბასის უკრაინელთა მიერ კონტროლირებად ნაწილზე. შემდეგ სხვა მიმართულებით წავლენ, არა აუცილებლად კიევის, მაგრამ შესაძლოა ხარკოვის, ოდესის, ვინ იცის. ბევრი ვარიანტია იმის, რითიც ისინი ეცდებიან უკრაინის დაყოფას და იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყანა ვეღარასდროს დადგეს ფეხზე.

ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე, მას ამაში არ დავეხმაროთ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭორთ უკრაინას პოლიტიკური და სამხედრო მიმართულებით, მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც დამაკმაყოფილებლად არ მომხდარა. ჩვენი გზავნილი პუტინისთვის მხოლოდ ერთი უნდა იყოს: რის მიღწევასაც ის იმედოვნებდა, ყველაფერი პირიქით მოხდება. ნატო სამი მიმართულებით უნდა მუშაობდეს: წნეხი რუსეთზე სანქციების კუთხით, უკრაინის დახმარება და აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება - ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი.

- მაინც რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს დასავლეთის არასამხედრო, წნეხის პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტები ისეთი ძალის წინააღმდეგ, როგორიც პუტინის რუსეთია? არის თუ არა დემოკრატიული სამყაროს მხრიდან პასუხის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდული ?

იმის ფიქრი, რომ აგრესორთან ფლირტი გექნება, ის კი შენ [ამის გამო] კარგად მოგექცევა, ეს შენი მომავლისთვის უფრო მარტივი იქნება, მცდარია. სინამდვილეში პირიქითაა.

ეს არაა ის შემთხვევა, როცა დიპლომატიურ მეთოდებს იყენებ პარტნიორთან, რომელსაც შესაძლოა არ ენდობი, მაგრამ იცი, რომ წესებს დაემორჩილება. სხვაგვარი ვითარებაა, როცა შენ ფეხბურთს თამაშობ, სხვები კი იმავე დროს რაგბის გეთამაშებან. როფორ უნდა მიაღწიო შედეგს? ეს ხომ ცხადია. მას ეს დიპლომატია სრულიად განსხვავებულად ესმის. კომუნიკაციის არხები ღია უნდა დარჩეს, ეს ასე ხდება ომის დროსაც კი, მხარეებს აქვთ კონტაქტი, მაგრამ ძალიან გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ ეს იქნება გამოსავალი. პარალელურად, ჩვენი არგუმენტები ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ.

- როგორი პოზიცია იქნებოდა მოსალოდნელი საქართველოსგან, როგორც კიდევ ერთი, რუსეთის აგრესიის მსხვეროლი და ამავე დროს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყნისგან?

- ეს ქართველების გადასაწყვეტია და იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. თუკი მათ სჯერათ ამ არჩევანის, მაშინ ეს გზა უნდა გაგრძელდეს. ყოველთვის არსებობს დანებების შანსიც, სცადო და კარგად მოექცე მას, ვისაც პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ამბიცია აქვს. მე ქართველებს პატივს ვცემ, მჯერა მათი, ვიცი, რომ ამაყი და ღირსეული ხალხია.

ახლა მხარეების არჩევაც მნიშვნელოვანია. იმის ფიქრი, რომ აგრესორთან ფლირტი გექნება, ის კი შენ [ამის გამო] კარგად მოგექცევა, ეს შენი მომავლისთვის უფრო მარტივი იქნება, მცდარია. სინამდვილეში პირიქითაა. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.

საქართველოს მიმართ იყო პირობა გაცემული, რომ ის ერთ დღეს გახდება ნატოს წევრი. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა. საჭიროა ერთიანობა. ვიცი, არსებობს ერთგვარი ტრადიცია ერთმანეთის ციხეში ჩასმისა იმის მიხედვით, თუ ვის აქვს ძალაუფლება. მაგრამ არსებობს სხვა გზებიც, ნორმალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, მით უმეტეს, როცა არსებობს საგარეო აგრესიის საფრთხე. ვფიქრობ, ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და მიზნები ერთგვარი წებოა ერის ერთობისთვის, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს. პოლიტიკური ძალები ყოველთვის განსხვავებული იქნება, მაგრამ არის დრო, როდესაც ეს მნიშვნელოვანია ერისთვის და არა მხოლოდ ერთი პარტიისთვის ან პერსონალიებისთვის. ამას საბოლოოდ მივყავართ რეფორმების თანმიმდევრულ გატარებასთან, კორუფციასთან ბრძოლასთან, ნორმალურ, თანამედროვე ქვეყნად და დასავლური საზოგადოების ნაწილად გახდომის მცდელობასთან. ეს არჩევანი უნდა იყოს დაცული.

ხშირად გვესმის ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან, რომ რუსეთის სამეზობლოში და სასურველი „გავლენის სფეროში“ დაცულად თავს არც ისინი გრძნობენ. რამდენად რეალურია რისკები ასეთი ქვეყნებისთვის და უფრო ფართოდ და გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული უსაფრთხოებისთვის?

ბალტიისპირეთის ქვეყნები განსხვავებულ პოზიციაშია, ჩვენ ნატოს და ევროკავშირის წევრები ვართ. მესმის, რომ სიგიჟეს საზღვრები არ აქვს, მაგრამ იქნებ აქ მაინც არსებობს რაღაც ლიმიტები და რაციონალურობა. მეორე მხრივ კი, ჩვენც არ უნდა მოვდუნდეთ მაშინ, როცა ვხედავთ, რა ხდება ჩვენ ირგვლივ, ჩვენს სამეზობლოში. მაგალითად ბელარუსიც გავიხსენოთ, ახლა რეალურად ამ ქვეყნის ოკუპაცია, მისი სრული შეწოვა ხდება. ეს ჩვენი ახლო სამეზობლოა. ამასაც ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

ეს ძალები არა მხოლოდ უკრაინას ესხმის თავს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასაც. ისინი ძირს უთხრიან ყველაფერს, რაზეც ჩვენი ცხოვრება, გაერთიანებები და მსოფლიო წესრიგი დგას. თუკი ჩვენ კონკრეტულ მომენტში თავს იმაზე უფრო დაცულად ვგრძნობთ, ვიდრე სხვები, ვისაც ახლა თავს ესხმიან, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ და არ უნდა გვაწუხებდეს. სულ მცირე, ჩვენი ქცევა მაინც უნდა შევცვალოთ, რადგან აქამდე გამოყენებული ტაქტიკა არ აღმოჩნდა ეფექტური და საკმარისი. ჩვენ ვნახეთ შედეგები. ჩვენგან იგივე პასიური რეაქციული გზით სვლა ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იქნება.

XS
SM
MD
LG