ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: პრეზიდენტმა პუტინმა წინასწარ განზრახული ომი აირჩია


Joe Biden -U.S. President / Ukraine/ Russia/

"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს" - შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შესვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"ამ ღამეს, მთელი მსოფლიო უკრაინელი ხალხისთვის ლოცულობს, რადგან ისინი განიცდიან რუსეთის სამხედრო ძალების არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას. პრეზიდენტმა პუტინმა წინასწარ განზრახული ომი აირჩია, რომელიც სიცოხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას მოიტანს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, ასევე პარტნიორები მას ერთიანი და გადამწყვეტი გზით უპასუხებენ. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს" - ნათქვამია თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ 24 თებერვალს, დილით, შეხვედრას გამართავს დიდი შვიდეულის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კი, ამერიკელ ხალხს გააცნობს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვის საპასუხოდ გადადგამს.

"ამ საღამოს, ვითარებას თეთრი სახლიდან ვაკვირდები და მივიღებ რეგულარულ განახლებას, ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან. ხვალ დილით შევხდები ჩემს კოლეგებს დიდი შვიდეულიდან. შემდეგ კი ამერიკელ ხალხს ვაცნობებ შემდგომ ქმედებებს, რომლებსაც შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები, უკრაინისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაღმდეგ, აგრესიის უაზრო აქტის გამო რუსეთს დააკისრებს" - აცხადებს ბაიდენი.

"ჩვენ ასევე კოორდინაცია გვექნება ნატოს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც შეაკავებს ალიანსის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას. ამარამ, მე და ჯილი ვლოცულობთ უკრაინის მამაცი და ამაყი ხალხისთვის" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში, თქვა, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში, სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG