ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - დასავლელი ლიდერები მოსკოვს აფრთხილებენ


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, გერმანია, 19 თებერვალი, 2022

დასავლელი ლიდერები მოსკოვს კვლავ აფრთხილებენ, რომ უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს. დასავლეთი კიდევ ერთხელ ახსენებს რუსეთს, რომ ქვეყნის ეროვნული საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა დაუშვებელია.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ სანქციებთან ერთად, რომლებსაც ვაშინგტონი რუსეთს უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემთხვევაში დაუწესებს, რუსეთის ნებისმიერი შემდგომი სამხედრო მოქმედების შესაკავებლად, ამერიკა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგსაც გააძლიერებს.

„ეროვნული საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით“, - განაცხადა კამალა ჰარისმა შაბათს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„ჩვენ მოვამზადეთ ეკონომიკური ზომები, რომლებიც იქნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი. ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს და ძირითად ინდუსტრიებს“ - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურთ. გერმანიის კანცლერის თქმით, არსებობს იმის ნათელი ნიშნებ, რომ რუსეთი დიპლომატიის მიმართ კვლავ ღიაა.

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ისტორიული წიაღსვლებით საზღვრების გადახედვის გამართლების პოვნას არასწორად ეძებს.

„თუ ისტორიის წიგნებში საკმარისად შორს დაბრუნდებით, შეძლებთ იპოვოთ ომების საფუძვლები, რომლებიც რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში გრძელდება და მთელს ჩვენს კონტინენტს ანადგურებს“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის განმუხტვის მიზნით, მეტი მოლაპარაკებების შეთავაზებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი გაუგზავნა. იენს სტოლტენბერგის თქმით, დიალოგის გაგრძელების შეთავაზებასთან ერთად, მან მოსკოვი ასევე გააფრთხილა, თუ რამდენად საშიშია "შეუძლებელი უსაფრთხოების მოთხოვნების" წამოყენება.

სტოლტენბერგის თქმით, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მიმდინარე კვირაში ძალების ნაწილის გაყვანის შესახებ განაცხადა.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ, რადგან ვხედავთ, რომ ისინი აგრძელებენ ძალების მოგროვებას, აგრძელებენ მომზადებას. ჩვენ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარების ასეთი დიდი კონცენტრაცია ევროპაში არ გვინახავს“ - განაცხადა უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლიას, ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუსეთს, უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სამიზნე კიევი იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ, ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, სადაც 2,8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს“, - თქვა ბაიდენმა.

დღესვე, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების ჩართულობით სტრატეგიული ბირთვული წვრთნები დაიწყო. მოსკოვი აცხადებს, რომ წვრთნები არ უკავშირდება უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების განლაგებას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG