ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ომის მოლოდინში


"ქართული ლეგიონი" უკრაინაში
"ქართული ლეგიონი" უკრაინაში

„არავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალს, ერთობის დღეს.

ერთობის დღე თბილისში, უკრაინის საელჩოშიც აღნიშნეს. მიღებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველომაც გამოსცადა რუსული აგრესია 2008 წელს, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ასევე ათასობით მოქალაქე იქცა დევნილად.

„იგივე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია ვუყურებდეთ იმ მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას ოცდამეერთე საუკუნეში, რაც ხდება უკრაინის საზღვრებთან. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, მიემართა რუსეთის პრეზიდენტისადმი უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯს“, - თქვა დავით ზალკალიანმა.

„არც საქართველომ და არც უკრაინამ უარი არ თქვა ნატოსკენ სწრაფვაზე, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია. განსაცდელის ჟამს ერთად უნდა ვიყოთ. შეიძლება კამერების წინ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის“,- აღნიშნა მიღებაზე საელჩოში იგორ დოლგოვმა, უკრაინის ელჩმა საქართველოში.

უკრაინის ერთიანობის დღე
უკრაინის ერთიანობის დღე

„დღეს არასასიხარულო ამბის გამო შევიკრიბეთ, მაგრამ ერთიანობის გამო გვიხარია. დღეს ომს დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენი ერთიანობის გამო, ომი არ შედგა. სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, მორალურად, ფინანსურად. მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და საქართველოს საელჩოსი უკრაინაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ერთიანობა, არამედ ერთიანობა ჩვენ მეგობრებთან, ძმებთან და თქვენთან. ძვირფასო ქართველო ხალხო. ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა აგრესიას და მუქარას, ერთად უნდა ვიყოთ, როგორც საქართველოს გერბზეა, ძალა ერთობაშია,“- ასეთი გახლდათ დოლგოვის მიმართვა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ტვიტერზე მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს თანადგომისთვის.

მხარდაჭერას, რასაც ოფიციალური თბილისი გამოხატავს უკრაინის მიმართ არასაკმარისად მიიჩნევენ ქართველი მებრძოლები, ვინც წლების განმავლობაში საკუთარი საქმით ცდილობს პარტნიორი ქვეყნისთვის თანადგომის დამტკიცებას.

„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში მერვე წელია სამხედრო სწავლებასა და ბრძოლებშია ჩართული. ის, ძირითადად, ქართველი, პროფესიონალი მებრძოლებისგან დაკომპლექტებული გუნდია და ამ ეტაპზე უკრაინელი სამოქალაქო პირების წვრთნითაა დაკავებული.

"ქართული ლეგიონი" უკრაინაში
"ქართული ლეგიონი" უკრაინაში

„ქართული ლეგიონის“ მებრძოლებთან თანამშრომლობენ უცხოელი ინსტრუქტორებიც. მამუკა მამულაშვილი, ლეგიონის ხელმძღვანელი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ უმეტესწილად, ამერიკელი და ბრიტანელი პროფესიონალი სამხედროები აკითხავენ და მოხალისეობრივად, მზად არიან ინსტრუქტორობა გასწიონ, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაერთონ ბრძოლებში „ქართული ლეგიონის“ სახელით. ლეგიონი ამ ეტაპზე 3000 სამოქალაქო პირს წვრთნის. სწავლება მოიცავს თავდაცვის უნარებისა და პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევის ათვისებას, ასევე იარაღთან მოპყრობას.

„ჩემ მისიად მიმაჩნია დღეს ის, რომ უბრალოდ, წარმოვადგინოთ საქართველო უკრაინაში. ხელისუფლება თითქოს ემიჯნება იმ მოვლენებს, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ქართველები, ვინც ჩვენთან ერთად არიან ჩაბმულები ამ საქმიანობაში, რვა წელია ამას აკეთებენ და დაარწმუნეს უკრაინელები, რომ დგანან მათ გვერდით“, - გვეუბნება მამუკა მამულაშვილი.

„ლეგიონის“ წარმომადგენლების ნაწილი ამ მომენტისთვისაც ბრძოლის წინა ხაზზეა, ნაწილი კი სასწავლო პროცესში იღებს მონაწილეობას.

2014 წლიდან „ქართული ლეგიონი“ უცხოელ მოხალისეთა ყველაზე დიდი დანაყოფი იყო, რომელიც უკრაინის ჯარში მოქმედებდა. უკრაინაში კანონს ადაპტაცია გაუკეთეს, რათა უცხოელებს შესძლებოდათ საკონტრაქტო სამსახური. „2016 წელს ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ხელი მოვაწერეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და კონტრაქტი გავაფორმეთ, რომლის თანახმად, სამი წელი ვმუშაობდით. ბუნებრივია, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, როგორც თავდაცვის უწებასთან, ისე პოლიტიკოსებთან, ვინც დღეს წარმოადგენს და მართავს უკრაინას,“ - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

უილიამი, ვინც "ამერიკის ხმასთან" ვინაობის სრულად გამხელის გარეშე ამჯობინებს საუბარს, აშშ-ის მოქალაქეა. ის წლების განმავლობაში საკონტრაქტო ჯარში მსახურობდა, ახლა კი „ქართულ ლეგიონში“, ქართველ კოლეგებთან ერთად, ინსტრუქტორია. „რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, მზად ვარ სრული თანადგომისთვის, იქნება ეს პირველად სამედიცინო დახმარების პუნქტებში, თუ ფრონტის ხაზზე. ამ დროისთვის არ შემიძლია გითხრათ, კიდევ რამდენ ხანს დავრჩები აქ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რის გაკეთება იქნება არის საჭირო უკრაინისთვის“, - ამბობს უილიამი.

"ქართული ლეგიონი" უკრაინაში
"ქართული ლეგიონი" უკრაინაში

ევგენი კი უკრაინელია. ის წვრთნას ქართველი და უცხოელი ინსტრტუქტორების დახმარებით გადის.

„აქ ჩემი სამშობლოს დასაცავად მოვედი. ქართველი ძმები ჩვენთან არიან. მათაც იგივე პრობლემა აქვთ, რაც ჩვენ და გვეხმარებიან, რითიც შეუძლიათ. მათ დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. „ქართული ლეგიონი“ და სხვა ბევრი უცხოელი ინსტრუქტორი წვრთნიან უკრაინელ სამოქალაქო პირებს. რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია და ეს ცუდია. რუსეთი ყოველთვის გვატყუებდა. ისინი ისტორიის გადაწერას ცდილობენ, უკრაინული ისტორიის მიტაცება უნდათ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ახლა ხალხი განსხვავებულად აზროვნებს და თავის მიწას იცავს“, - გვეუბნება ევგენი.

"ქართული ლეგიონი" უკრაინელ სამოქალაქო პირებს წვრთნის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

ქართველი მებრძოლების ყველაზე დიდი ტალღა, რომელიც მზადაა უკრაინისთვის იბძოლოს, ახლა ფიქსირდება - გვეუბნება „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი. „მომართვიანობა საკმაოდ ინტენსტიურია. კარგად იცით, რომ ახლა მიმდინარეობს ესკალაცია, რუსეთი აპირებს შემოჭრას. ჩვენ ძალიან ბევრი აპლიკანტი გვყავს, ვისაც აქვს სურვილი ჩვენთან გაწევრიანდეს. მომართვები არა მხოლოდ საქართველოდანაა. თუმცა, ლიდერობას, ამ მხრივ, საქართველო ინარჩუნებს. მას მოჰყვება აშშ და დიდი ბრიტანეთი.“

"ქართული ლეგიონი" უკრაინაში
"ქართული ლეგიონი" უკრაინაში

„ქართულ ლეგიონს“ მემორანდუმი აქვს გაფორმებული იმ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სპორტულ ფედერაციებთან უკრაინაში, ვინც სურვილი გამოთქვა გაევლო წვრთნები. „კიკ ბოქსინგის, კარატის ეროვნული ფედერაცია, დაახლოებით, 30 ასეთი ორგანიზაციაა, ვისაც სურვილი აქვს დატრენინგდეს, როგორც მოხალისე. ახლა არის წვრთნის შესაძლებლობა, თუმცა, ეს საქმიანობა ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიდოს და მოგვიწიოს ფრონტზე გასვლა“, - გვეუბნება მამუკა მამულაშვილი.

„ქართული ლეგიონის“ მეთაურს მიაჩნია, რომ იმ საქმიანობით, რასაც ის უკრაინაში ეწევა, ხელს უწყობს საქართველოსა და უკრაინის მეგობრობას.

XS
SM
MD
LG