ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ დიპლომატიას სერიოზულად უდგება" - ჰარისი


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი (მარჯვნივ) შეხვედრას მართავს ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან (მარცხნივ). მიუნხენი, 18 თებერვალი, 2022.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი (მარჯვნივ) შეხვედრას მართავს ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან (მარცხნივ). მიუნხენი, 18 თებერვალი, 2022.

ევროპაში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მიუნხენში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ჰარისი აცხადებს, რომ რუსეთმა დიპლომატიის მიმართ ღიაობა უნდა აჩვენოს. ვიცე-პრეზიდენტი მოსკოვს იმ მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს, რაც უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემთხვევაში დადგება. ჰარისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ შეერთებული შტატები, პრიორიტეტს დიპლომატიას ანიჭებს.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რამდენადაც ჩვენ გვსურს, შეგვიძლია და ერთგული ვრჩებით შეკავებისა და თავდაცვის საკითხების მიმართ, ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ და პრიორიტეტს ვანიჭებთ დიპლომატიის მნიშვნელობას“ - აცხადებს ჰარისი.

მიუნხენში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც მოგვიანებით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, პირისპირ შეხვედრა ასევე გამართა ლატვიის, ლიეტვუისა და ესტონეთის ლიდერებთან.

„მე ვაცნობიერებ ამჟამინდელ, ისტორიულ და მომავალ საფრთხეებს, რომელიც ჩვენი მეგობრების წინაშე დგას - ლატვიის, ლიეტვუისა და ესტონეთის წინაშე. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, აქ ვარ ამის სათქმელად. ამ და სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ თქვენთან, ჩვენი ალიანსის სულისკვეთებით, ჩვენი საერთო ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. და ჩვენ ერთად ვდგავართ, თითოეული ჩვენგანი, როგორც ნატოს მოკავშირეები“ - აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი.

„შეერთებული შტატები მეხუთე მუხლის ერთგული რჩება“, აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი და დასძენს: „შეერთებული შტატები რჩება მეხუთე მუხლის ერთგული. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება, რომ მეხუთე მუხლი არის ქვაკუთხედი და მისი სულისკვეთება - თავდასხმა ერთზე, არის თავდასხმა ყველაზე - რჩება პერსპექტივაში. მე მწამს, ვფიქრობ ყველამ ვიცით, ჩვენი ყველაზე დიდი სიძლიერე, ჩვენი ერთიანობაა. ახლა არის მომენტი, რომელმაც ცხადყო, რომ ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე ჩვენი სიძლიერის საზომია.“

ვაშინგტონი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში და მის საზღვრებთან, 160 000-დან, 190 000-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული. ამის შესახებ, დღეს ეუთოში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, მაიკლ კარპენტერმა ისაუბრა.

თავის მხრივ, რუსეთი უარყოფს დასავლეთის მოლოდინებს იმის შესახებ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. კრემლი აცხადებს, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს.

XS
SM
MD
LG