ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პოლონეთს 250 ტანკს მიჰყიდის


ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთთან დაძაბულობის გამწვავების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შეერთებული შტატები პოლონეთს 250 საბრძოლო ტანკს „მ1 აბრამს“ მიჰყიდის.

პარასკევს, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ვარშავაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, სამხედრო ტექნიკის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აცნობეს.

„ამჟამად, ამ ტანკების მიწოდების გრაფიკის საკითხის განხილვა ხდება“, თქვა ოსტინმა.

პოლონეთმა გამოაცხადა, რომ ზაფხულში შეერთებული შტატებისგან ტანკების შესყიდვას გეგმავს, რაც დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგების ნაწილი იქნება, თუმცა გაყიდვის დაყოვნება ხდებოდა.

ოსტინმა თქვა, რომ პოლონეთის მიერ ტანკების შესყიდვა დაეხმარება იმას, რომ ნატოს ალიანსის შიგნით, წევრებს შორის თავდაცვაზე პასუხისმგებლობის “უფრო სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფა“ მოხდეს.

ოსტინმა პოლონეთს მადლობა გადაუხადა დამატებით 4700 ამერიკელი ჯარისკაცის მიღებისთვის, რომლებიც მზად არიან რეაგირებისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ თვის დასაწყისში დამატებითი ძალების განლაგების ბრძანება გასცა, პოლონეთში 9 ათასიდან 10 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

XS
SM
MD
LG