ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის თქმით, დასავლეთი კრემლის მოთხოვნებს არ პასუხობს


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)

რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა მოსკოვში დასრულდა. ოლაფ შოლცთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ ამერიკა და ნატო არ ითვალისწინებენ მოსკოვის მოთხოვნებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებისა და რუსეთის საზღვრებთან შეიარაღების განთავსების კუთხით.

პუტინის თქმით, მოსკოვი მზადაა განაგრძოს ამერიკასა და ნატოსთან მოლაპარაკებები რაკეტების განთავსებისა და სამხედრო გამჭვირვალობის შესახებ.

ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ იმაზე საუბრით, რომ უკრაინა ჯერ მზად არ არის ნატოს წევრობისთვის და ის კვლავ მოითხოვს, რომ ეს საკითხი ახლავე გადაწყდეს:

"ჩვენ რუსეთის ძალისხმიერ შეკავებას მივიჩნევთ, როგორც პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ის სამართლებრივი ვალდებულებები, რომლებიც ჩვენი შემოთავაზებების სამუშაო ვერსიებშია წარმოდგენილი, არის გამიზნული ამ საფრთხის შესამცირებლად. ვიმეორებ, ამერიკისა და ნატოს მხრიდან, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ჩვენს წინადადებებზე, რეაგირება არ პასუხობს რუსეთის სამ ფუნდამენტურ მოთხოვნას", - თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთს არ სურს ევროპასთან საომარ ვითარებაში ყოფნა.

"რაც შეეხება ევროპაში ომს, გვინდა თუ არა ეს ჩვენ? რა თქმა უნდა - არა. სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ შემოთავაზებები მოლაპარაკების პროცესისთვის. ამის შედეგი კი უნდა იყოს შეთახმება და უსაფრთხოების თანაბარი გარანტირება ყველასთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც", - თქვა პუტინმა.

გავრცელებული ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედროების ნაწილი მუდმივ ბაზებს უბრუნდება, თუმცა დასავლეთში ამ ცნობებს დე-ესკალაციის ნიშნად ჯერჯერობით არ მიიჩნევენ. ნატოს განცხადებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი უკან იხევს. მოვლენებს სიფრთხილით აფასებს ბრიტანეთის პრემიერიც. ბორის ჯონსონის თქმით, ამ დროისთვის არსებული დაზვერვის ინფორმაცია არ არის ოპტიმისტური და გამამხნევებელი. რუსეთის მიერ ძალების უკანდახევის არ სჯერა არც უკრაინის საგარეო უწყებას.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების ნაწილი დასრულებულია და ზოგიერთი სამხედრო შენაერთი მუდმივ ბაზებს უბრუნდება. თუმცა არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი შენაერთი ბრუნდება მუდმივი დისლოცირების ადგილზე ან რამდენად შორდებიან ისინი უკრაინის საზღვარს.

გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ „დიპლომატიური ვარიანტები ჯერ ამოწურვისგან შორსაა“. მისივე განმარტებით, ძალების გაყვანის შესახებ სიახლე „კარგი სიგნალია“ და იმედოვნებს, რომ ასე გაგრძელდება.

"ჩვენთვის, გერმანელებისთვის და ასევე ევროპელებისთვის, მდგრადი უსაფრთხოება შესაძლოა მხოლოდ მიღწეული იქნას რუსეთთან ერთად. ასე რომ შესაძლებელი უნდა იყოს გამოსავლის პოვნა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული და სერიოზული ჩანს სიტუაცია, მე უარს ვამბობ იმის თქმაზე, რომ ვითარება უიმედოა", - თქვა კანცლერმა.

ვლადიმირ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთი გეგმის და მოვლენათა განვითარების შესაბამისად იმოქმედებს.

"ჩვენ ვიმოქმედებთ გეგმის მიხედვით. გეგმა იქმნება არსებული სიტუაციის მიხედვით. როგორ განვითარდება არსებული სიტუაცია? ეს ამ დრომდე არავინ იცის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ ვეცდებით და ვაპირებთ მივაღწიოთ თანხმობას ჩვენს პარტნიორებთან იმ საკითხებზე, რომლებიც დიპლომატიური გზებით წამოვჭერით", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მოგვარდეს. გერმანიის კანცლერის განმარტებით კი, თუკი რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებს დამოუკიდებლად სცნობს, ეს "მინსკის პროცესის" დასასრული იქნება.

ეს საკითხი კიდევ ერთხელ ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც რუსეთის დუმამ მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტს, აღიაროს უკრაინის ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა. რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამ რეგიონებში "ადამიანის უფლებები ირღვევა" და რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აქვს უფლება განაცხადოს, რომ რუსი ხალხი დონბასში მცხოვრებლებს მხარს უჭერს.

"სახელმწიფო დუმის კენჭისყრა ამა თუ იმ კუთხით ცხადია დაკავშირებულია [მიმდინარე მოვლენებთან]. კანონმდებლები რუსეთში, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში რეაგირებენ საზოგადოებრივ აზრზე, გრძნობენ მათი ამომრჩევლის განწყობას. აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დონბასელ ხალხს მხარს უჭერს და იმედი აქვს, რომ სიტუაცია იქ არსებითად შეიცვლება", - თქვა პუტინმა.

პუტინმა საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდა გაზარდონ ზეწოლა კიევზე.

"მე ვიგულისხმებდი, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ გადავწყვიტოთ დონბასის პრობლემები. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები ევროპაში, პირველ ყოვლისა კი გერმანია და საფრანგეთი შესაბამის გავლენას მოახდენენ კიევის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე და გამოსავალი ნაპოვნი იქნება", - თქვა მან»

დასავლელი ლიდერები კი, მათ შორის ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის პირველი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი აფრთხილებენ კრემლს, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება, საერთაშორისო წესებისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა იქნება.

XS
SM
MD
LG