ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დუმა პუტინს სთხოვს ლუჰანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს


351 მომხრე, 16 წინააღმდეგი, რუსეთის დუმა პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიაროს. კანონის პროექტი კომუნისტურმა პარტიამ მოამზადა.

როგორც „დუმის“ ქვედა პალატის თავმჯდომარე, ვასიჩესლავ ვოლოდინი ამბობს, დოკუმენტი სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. დეპუტატების გადაწყვეტილება ვოლოდინის თქმით განსახილველად პირადად პრეზიდენტ პუტინს გადაეგზავნება.

ამ დროისთვის უცნობია, რა დროა საჭირო რათა რუსეთის პრეზიდენტმა საკითხი შეისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილება, გამოაცხადებს, თუ არა ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობას. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, საკითხის კომენტირებაზე უარი განაცხადა.

თუ კრემლი უკრაინის ტერიტორიებს, ლუჰანსკსა და დონეცკს დამოუკიდებლად აღიარებს, ამან შეიძლება გაამწვავოს კრიზისი უკრაინის საზღვართან, სადაც ამ დროისთვის 130 000-ზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული.

დონეცკისა და ლუჰანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპიბლიკების აღიარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მინსკის სამშვიდობო პროცესსაც.

კომუნისტური პარტიის მიერ მომზადებული კანონის პროექტი „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების“ ჯგუფის შექმნასაც ითვალისწინებს, რათა "დარეგულირდეს თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ასპექტები“.

„კიევი არ იცავს მინსკის შეთანხმებას. ჩვენს მოქალაქეებს და თანამემამულეებს, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ, სჭირდებათ ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა,“- ამბობს ვიაჩესლავ ვოლოდინი.

რუსი დეპუტატების გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა კიევი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ კრემლი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი ავტომატურად დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

„თუ (კრემლი) აღიარების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, რუსეთი

დეფაქტო და დე იურე გავა მინსკის შეთანხმებიდან ყველა თანმდევი შედეგით,“- ამბობს დიმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინსკის მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის წლებია იმართება, მინსკის ფორმატში ბოლო შეხვედრა გასულ კვირაში გაიმართა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

დასავლური ქვეყნები მოსკოვს დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და კიევს სეპარატისტთა ლიდერებთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდოს.

2014 წლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ ორივე ტერიტორიული ერთეულის დიდ ნაწილს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებას 15 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსკოვმა 8 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ 700 000-ზე მეტ ადამიანს რუსული პასპორტებიც გადასცა. პრო-რუს სეპარატისტებს კრემლი ამ დროის განმავლობაში სამხედრო შეიარაღებითაც ეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG