ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის მუქარასთან ერთად, კიევი თითქმის ნორმალურ ცხოვრებას აგრძელებს


უკრაინაში ომის შესაძლებლობა სულ უფრო მკვეთრად იხატება. დიპლომატები ქვეყანას ტოვებენ. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 130 ათასზე მეტი სამხედროა თავმოყრილი. სულ უფრო მეტი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რთულია სხვა დასკვნის გაკეთება გარდა იმისა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა, რვა წლის განმავლობაში მეორედ, თავისი მეზობლის მიწაზე შეჭრას აპირებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თითქმის სამი ათეული სამხედრო ხომალდი შავი ზღვის ჩრდილოეთისკენ მიცურავს და ამ ფლოტილიაში არის სადესანტო ამფიბიური ხომალდები, რომლებიც უკრაინის სანაპიროზე ჯავშანტექნიკის და ქვეითი დესანტის გადასასხმელად შეიძლება იყოს გამოყენებული.

დასავლეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინას შეეძლება მამაცურად იბრძოლოს, მაგრამ ახალი რუსული შეჭრა კიევისთვის დამანგრეველი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენი მტრების საუკეთესო მეგობარი, ჩვენს ქვეყანაში პანიკაა. მთელი ეს ინფორმაცია უბრალოდ პანიკის პროვოცირებას ახდენს და ვერ დაგვეხმარება. არ შემიძლია დავეთანხმო ან არ დავეთანხმო იმას, რაც ჯერ არ მომხდარა. ამ დროისთვის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი არ მიმდინარეობს“.

გასულ უქმეებზე, კიევის ცენტრში, დაახლოებით ორ ათეულ ადამიანთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მოქალაქეების განწყობას დაუმორჩილებლობის და შეშფოთების ნაზავი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ინდიფერენტულობაც კი განსაზღვრავდა. ზოგიერთი ბავშვის საკვებს და დიაპერებს იმარაგებს იმ შემთხვევეისთვის, თუ უეცრად დასავლეთ უკრაინაში, ნათესავებთან გახიზვნა მოუწევს, სხვები კი კიევის დატოვებას არ აპირებენ და მიაჩნიათ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა ნაკლებად სავარაუდოა.

რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, უკრაინელები ბრძოლას აპირებენ და ამბობენ, რომ თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება, ამბოხებაში და წინააღმდეგობის მოძრაობაშიც ჩაერთვებიან.

რამდენიმე ათასმა ადამიანმა კიევის ცენტრში მსვლელობა მოაწყო იმის საჩვენებლად, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა შეეძლება.

XS
SM
MD
LG