ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ პანიკა საჭირო არაა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ ვერ გამორიცხავს რუსეთთან დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ადგილი აქვს ზედმეტტ "პანიკას" და ეს ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს მძიმე გავლენას.

ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ამერიკამ და ნატომ რუსეთის მთავარი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.

პუტინის თქმით, ის უსაფრთხოების პრინციპული საკითხები, რაც უკრაინას და ნატოს გაფართოებას უკავშირდებოდა, დასავლეთმა თავის წერილობით პასუხებში არ გაითვალისწინა, თუმცა მოსკოვი დიალოგისთვის კვლავ მზადაა.

პრეს-კონფერენციაზე საუბრის დროს, ზელენსკიმ თქვა: "მე არ მიმაჩნია, რომ სიტუაცია ახლა იმაზე უფრო დაძაბულია, ვიდრე ეს აქამდე იყო. საზღვარგარეთ ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ აქ ომია, რაც ასე არაა".

"მე არ ვამბობ, რომ ესკალაცია შესაძლებელი არაა...[მაგრამ] არ გვჭირდება ეს პანიკა",- დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, სწორედ ეს მესიჯი გადასცა მან ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხუთშაბათს, სატელეფონო საუბრისას. საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ ვაშინგტონი ფიქრობს, რუსეთი უკრაინაში დიდი ალბათობით თებერვლის თვეში შეიჭრება.

რუსეთი უარყოფს რომ გეგმავს უკრაინაში შეჭრას. თუმცა, რუსული ჯარი და შეიარაღება უკრაინის საზღვარზე რჩება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა არაერთხელ გააფრთხილეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მწვავე ეკონომიკური სანქციები დაეკისრება.

2021 წლის მიწურულს, რუსეთმა ნატოსა და ვაშინგტონს 2008 წლის, ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა. კრემლი მოითხოვს, რომ შეიცვალოს სამიტის კომუნიკეს ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვში ითხოვენ, წერილობით გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები არასდროს გახდებიან.

როგორც ვაშინგტონი, ასევე ნატო და მოკავშირე ქვეყნები ამბობენ, რომ ეს მოთხოვნას არ განიხილება და რუსეთს არ მისცემენ საშუალებას ნატოს გადაწვეტილებებსა და ცალკეული ქვეყნების სურვერენულ არჩევანში ჩაერიოს.

XS
SM
MD
LG