ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი დასავლეთის პასუხზე: არაა გათვალისწინებული პრინციპული საკითხი


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

ამერიკისა და ნატოს მხრიდან, კრემლის ძირითად მოთხოვნებზე წერილობითი უარის თქმის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა პირველი განცხადება გააკეთა. პუტინმა თქვა, რომ ამერიკამ და ნატომ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების მოთხოვნებს უკრაინასთან დაკავშირებით, არ უპასუხეს. თუმცა, მოსკოვი მზადაა, რომ დიალოგი გააგრძელოს.

პუტინი გასული კვირების განმავლობაში უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებდა. თავისი პირველი საჯარო პოზიცია მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს დააფიქსირა.

პუტინის პოზიციის შესახებ ინფორმაცია კრემლმა გაავრცელა. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ დეტალურად შეისწავლის ამერიკის და ნატოს წერილობით პასუხებს და მოგვიანებით გადაწყვეტს, თუ რა იქნება რუსეთის პასუხი აღნიშნზე.

"ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ამერიკისა და ნატოს პასუხში არ იყო გათვალისწინებული რუსეთისთვის პრინციპული საკითხი",- ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

მოსკოვის განცხადებით, რუსეთისთვის პრინციპულ საკითხებს შორისაა: ნატოს გაფართოებაზე უარი, რუსეთის საზღვართან ნატოს შემტევი იარაღის განლაგებაზე უარი და ნატოს "სამხედრო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის" იმ ფორმაში დაბრუნება, რაც ეს ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნების ალიანსში მიღებამდე იყო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა არაერთხელ გააფრთხილეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მწვავე ეკონომიკური სანქციები დაეკისრება. გუშინ ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტებს, ბაიდენსა და ვოლოდიმრ ზელენსკის შორის გამართული საუბრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ვაშინგტონი ფიქრობს, რუსეთი უკრაინაში დიდი ალბათობით თებერვლის თვეში შეიჭრება.

2021 წლის მიწურულს, რუსეთმა ნატოსა და ვაშინგტონს 2008 წლის, ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა. კრემლი მოითხოვს, რომ შეიცვალოს სამიტის კომუნიკეს ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვში ითხოვენ, წერილობით გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები არასდროს გახდებიან.

უკრაინა რეზერვისტების გადამზადებას აქტიურად იწყებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

როგორც ვაშინგტონი, ასევე ნატო და მოკავშირე ქვეყნები ამბობენ, რომ ეს მოთხოვნას არ განიხილება და რუსეთს არ მისცემენ საშუალებას ნატოს გადაწვეტილებებსა და ცალკეული ქვეყნების სურვერენულ არჩევანში ჩაერიოს. აქვე ვაშინგტონის პოზიციაა, რომ „არ იქნება მოლაპარაკებები ევროპაზე, ევროპის გარეშე. არ იქნება მოლაპარაკებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არ იქნება მოლაპარაკებები საქართველოზე საქართველოს ჩართულობის გარეშე“.

მაშინ, როცა ლავროვი კვლავ უარყოფს, რომ რუსეთს ომი სურს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ამ კვირაში დაადასტურა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზება და აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ნატოშიც.

XS
SM
MD
LG