ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთი რუსეთთან ენერგო ურთიერერთობის გაღრმავებას ცდილობს


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.

უნგრეთი შეეცდება გაზარდოს რუსეთისგან მიღებული გაზის რაოდენობა. ამის შესახებ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს. ვიქტორ ორბანი, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, მომავალ კვირაში გამართავს.

ევროკავშირისა და ნატოს წევრმა უნგრეთმა, გასული წლის აგვისტოში, რუსულ სახელმწიფო გაზის კომპანია "გაზპრომთან" ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება დადო.

ორბანმა უარყო ერთიანი ოპოზიციის მოწოდებები, გააუქმოს მისი ვიზიტი მოსკოვში, რომელიც სამშაბათსაა დაგეგმილი. 3 აპრილს, მას წინ მნიშვნელოვანი არჩევნები ელის.

“მე მსურს გავზარდო მიწოდებული გაზის რაოდენობა... რუსეთ-უნგრეთის გაზის კონტრაქტში შეთანხმებული დონეებიდან. მინდა, ჩვენს მოლაპარაკებებზე მივაღწიოთ იმას, რომ დღევანდელი რთული ვითარების გათვალისწინებით, რომელიც დატვირთულია ენერგიის მაღალი ფასებით... ჩვენთვის ხელმისაწვდომი გაზის რაოდენობა გაიზარდოს” - აცხადებს ორბანი, უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას.

ორბანი თქმით, ვლადიმირ პუტინთან ასევე განიხილავს ევროპული უსაფრთხოების საკითხებს. ის აღნიშნავს, რომ უნგრეთი დაინტერესებულია, უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

“რა თქმა უნდა, უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ამიტომ ყოველი ასეთი შეხვედრის წინ, მე კონსულტაციებს და კოორდინაციას ვაწარმოებ ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან“ - განაცხადა ორბანმა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ის შემდგომ მოლაპარაკებებს გამართავს დასავლელ ლიდერებთან.

უმასპინძლებს თუ არა უნგრეთი, ნატოს მეტ ძალებს უახლოეს კვირებში - ეს არის კითხვა, რომლითაც საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა”, უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

მიმდინარე კრიზისის ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის საზღვრებში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის, მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალერულად, ნატო საკუთარ აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.

მოსკოვმა, საკუთარ მოთხოვნებზე, დასავლეთისგან უკვე მიიღო, ოფიციალური, წერილობითი პასუხი.

კრემლი ამბობს, რომ ვაშინგტონი მათ უმთავრეს შეშფოთებას არ იზიარებს. მოსკოვის განმარტებით, დასკვნები ნაჩქარევად არ გაკეთდება, თუმცა მოლაპარაკების გაგრძელებისთვის მზად არიან.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსკოვი ნატოსგან და ამერიკისკან ითხოვდა, წერილობით დაედასტურებინათ, რომ უკრაინა და საქართველო, ნატოს წევრები არ გახდებიან. საპასუხოდ, ვაშინგტონი და ნატო აცხადებენ, რომ ამ საკითხის გადახედვა არ იგეგმება და ნატოს კარი ღია რჩება.

XS
SM
MD
LG