ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გერმანის კანცლერი „ყოყმანობს“


რუსეთიდან მზარდი დაძაბულობის ფონზე, გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში იმყოფება და მოსკოვში ვიზიტისთვის ემზადება. კანცლერი შოლცი კიევში უკვე შეხვდა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის. ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამ დრომდე უკრაინასა და გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„დეტალურად განვიხილეთ, რუსულ გაზსადენთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები და შეფასების ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს“ - თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. „ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს გეოპოლიტიკური იარაღია“ თქვა მან.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს დასავლეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. წლების განმავლობაში რუსული გაზსადენის მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რადგან გაზსადენი მკაცრი ამერიკული სანქციების ქვეშ იყო.

"თუ რუსეთი [უკრაინაში] შეიჭრება, ეს ნიშნავს, რომ ტანკები და ჯარები გადაკვეთენ [...] უკრაინის საზღვრებს კიდევ ერთხელ, მაშინ აღარ იქნება... "ჩრდილოეთის ნაკადი 2". ჩვენ მას დავასრულებთ... გპირდებით, რომ ამას შევძლებთ" - ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, 7 თებერვალს, გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გერმანია მილსადენთან დაკავშირებით ყოყმანობს და კანცლერი შოლცი მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.

„ოლაფ შოლცის ყოყმანობამ, ბუნებრივია, მიგვიყვანა სიტუაციამდე, როდესაც ჩვენ არ ვიცით რეალურად რა სურთ გერმანელებს. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს ვფიქრობ, უნდა ყოფილიყო მკაფიო განცხადება, რომ თუ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია იქნება, მაშინ მილსადენი არ შევა ექსპლუატაციაში, თუმცა ეს [შოლცს] არ უთქვამს. მაგრამ ეს თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. რა თქმა უნდა, უცნაურია, რომ ამ საკითხს ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს, როცა ამ პროექტში ამერიკა უშუალოდ ჩართული არაა, მაგრამ მაინც“, ამბობს მარკუს ზინგერი გერმანიის მარშალის ფონდიდან.

ზინგერს მიაჩნია, რომ მოსკოვში კანცლერმა შოლცმა მკაფიო გზავნილები უნდა ჩაიტანოს და აჩვენოს კრემლს, რომ დასავლეთი ერთიანია და მოსკოვს უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება.

“ამავდროულად მან [პუტინს] უნდა აუხსნას, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება. ასეთი საუბრები მანამდეც ბევრჯერ ყოფილა, თუმცა ეს არის თემა, რომელიც მოსკოვში ყველაზე მეტად აწუხებთ. ასევე მგონია, რომ კანცლერმა შოლცმა რუსულ მხარეს სახის შესანარჩუნებლად გამოსავალი უნდა შესთავაზოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტი“.

კლაუდია კემფერტს, გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტიდან, მიაჩნია, რომ ბერლინს ერთადერთი ბერკეტი აქვს ამ ვითარებაში, რაც შეუძლია რომ გამოიყენოს.

„გერმანიას დიდი ბერკეტი არ აქვს გარდა იმისა, რომ ის არ დაამტკიცებს "ჩრდილოეთის ნაკად-2"-ს. სწორედ ეს გაზსადენია ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტი ამ ვითარებაში. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი არაფრის გაკეთება“, ამბობს კემფერტი. თუმცა აქვე განმრტავს, რომ გერმანია ახალ რუსულ გაზსადენზე მნიშვნელოვნად არის გამოკიდებული.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მივიღოთ დამატებითი გაზი, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს გაზის დივერსიფიცირებული წყაროები. ასე რომ, ჩვენ ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ და ახლა ამის ვიხდით ფასს“, კემფერტი.

რა აქცენტებს გააკეთებს გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას უცნობია, თუმცა ვაშინგტონის პოზიციები მკაფიოა. როგორც თეთრ სახლში ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში მკაფიოდ თქვეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ ამუშავდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

უფრო კრიტიკულები არიან ამერიკელი კანონმდებლები. სენატორები რესპუბლიკური პარტიიდან გაზსადენის მიმართ ახალ მკაცრ სანქციებს ითხოვენ. თუმცა სენატორ კრუზის სანქციების პაკეტს დემოკრატები მხარს არ უჭერენ.

„მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს” და ვმუშაობდი მის შესაჩერებლად, რადგან ის საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგო უსაფრთხოებას. თუმცა, გერმანიასთან სიტუაციის დინამიკა შეიცვალა, ნაწილობრივ, ახალი კოალიციური მთავრობის გამო“, უთხრა სენატორმა შაჰინმა „ამერიკის ხმას“. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ერთ-ერთია იმ სანქციების სიაში, რომელსაც დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ აამოქმედებს, თუ კი პუტინი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს. სრული სია, რას მოიცავს დასავლეთის სანქციები ამ დროისთვის უცნობია. პრეზიდენტმა ბაიდენმა იანვარში თქვა, რომ დასავლეთის პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე რუსულ ეკონომიკას „გაანადგურებს“

ვაშინგტონში ამბობენ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა მყისიერი საფრთხეა და ის შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს. მოსკოვში კი მიაჩნიათ, რომ დასავლეთში ანტი-რუსული "ისტერიაა“. კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში ომს არ გეგმავენ. უარყოფის პარალელურად კი რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო შეიარაღებას ზრდის, როგორც ხმელეთზე ასევე ზღვაში. ამ დროისვის კრემლს უკრაინის საზღვართან 130 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მობილიზებული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG