ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატოს მოკავშირეებთან შესახვედრად გაემგზავრა


ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ბრიუსელში ნატოს წევრ მოკავშირეებთან შესახვედრად გაემგზავრა. ოსტინი პოლონეთში განთავსებულ ამერიკელ სამხედროებსაც ეწვევა.

ლოიდ ოსტინის ვიზიტი ევროპაში გამგზავრების პარალელურად რუსეთი ახადებს, რომ მისი სამხედრო შენაერთების ნაწილი უკრაინის სიახლოვეს განხორციელებული წვრთნების შემდეგ საკუთარ ბაზებს უბრუნდებიან. ჯერჯერობით უცნობია რამდენი შენაერთი გადააადგილდება საზღვრიდან ან რა დისტანციით დაშორდნენ ისინი უკრაინას. თუმცა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ამ დრომდე არ იკვეთება, რუსეთის უკანდახევის ნიშნები.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, კონფიდენციალურობის დაცვის პირობით ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ამერიკა გამუდმებით მიჰყვებოდა დიპლომატიის გზას და გამუდმებით იმედგაცრუებული იყო რუსეთის ინტერესის სიმწირით ამ პროცესის მიმართ. "ჩვენ ახლა ვერ გეტყვით, რომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი", - ამბობს ის.

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 130 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. სამხედრო ძალა და შეიარაღება გაგზავნილია მეზობელ ბელარუსშიც, სადაც კრემლი ამას სამხედრო წვრთნებით ამართლებს. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას და აგრესიას არ გეგმავს, თუმცა ნატოს პროვოკაციებში ადანაშაულებს და მისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დასავლეთის ქვეყნების მიერ მოქალაქეებისთვის უკრაინის დატოვების რეკომენდაციას "ისტერიულს" უწოდებენ.

ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს ოთხშაბათს და ხუთშაბათს ხვდებიან. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მრავალეროვანი საბრძოლო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობასაც განიხილავენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ცნობებს სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარი ნაბიჯი შესაძლოა ნატოს სამხედრო პოზიციებში 2014 წლის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ცვლილება იყოს.

XS
SM
MD
LG