ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოველი არჩევნები წინაზე უკეთესი უნდა იყოს - ამერიკის ელჩი    


ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ყოველი მომდევნო არჩევნები წინაზე უკეთესი უნდა იყოს. განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იქნება იმის განმსაზღვრელი, რომ საქართველო რჩება „დემოკრატიული განვითარების მიმართ ერთგული“. კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნები უკეთეს ვითარებაში ჩაივლის, ვიდრე გასული წლის საპარლამენტო არჩევნები.

ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ დაშინებისა და შევიწროების ფაქტები არ უნდა ფიქსირდებოდეს.

„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების იმ ფაქტებთან, რაზეც იყო ცნობები. ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ - არც წინასაარჩევნო პერიოდში და არც ზოგადად, ამ ფაქტების ადგილი არ არის. ასეთი ფაქტები და ასევე სიძულვილის ენა კიდევ უფრო ხელს უწყობს საზოგადოების ერთმანეთთან დაშორებას, რომელიც ისედაც უკვე პოლარიზებულია. ასევე, მიუღებელია თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, იმიტომ, რომ ჟურნალისტებმა, მედიამ უნდა შეძლოს საკუთარი საქმიანობის მშვიდ გარემოში განხორციელება, მოქალაქეების ინფორმირება იმისთვის, რომ მოქალაქეებს არჩევნების დროს შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა. თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, ის, რომ უკეთესია წინაზე. სწორედ ეს იქნება ნიშანი დემოკრატიული განვითარების მიმართ ქვეყნის ერთგულებისა,“- ამბობს ამერიკის ელჩი.

კელი დეგნანი აქვე იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩაივლის. „ბოლო დღეებში ვიხილე საარჩევნო გამოკითხვები, რომელიც წინასწარ მეტყველებს იმაზე, რომ ამ არჩევნებზე საკმაოდ დიდი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა, ძალიან მოხარული ვარ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, როცა ხალხს სურს მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გამოხატოს თავისი პოზიცია. იმედი მაქვს, რომ იქნება მშვიდობიანი და წყნარი გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატონ თავისი მოსაზრება,“- აცხადებს ელჩი.

კელი დეგნანის თქმით, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებს ამერიკიდან 100 დამკვირვებელი დაესწრება და პროცესს ადგილზე შეისწავლიან. ჟურნალისტებმა ელჩს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩასვლის შესახებაც დაუსვეს კითხვა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს წყნარი და მშვიდი პოლიტიკური გარემო სჭირდება.

"არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის თავად სააკაშვილის მხრიდან. ვფიქრობ, შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა და ჩვენ ყველამ ამას ხელი უნდა შევუწყოთ,“- აცხადებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG