ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სააკაშვილი და ივანიშვილი პოლარიზებას უწყობენ ხელს“ - კრამერი


მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, 9 ოქტომბერი, 2012 წელი
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, 9 ოქტომბერი, 2012 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი, პოლარიზებას უწყობს ხელს.

„ოპოზიციისთვის ის [მიხეილ სააკაშვილი] კვლავ ძლიერ ფიგურად რჩება. მაგრამ, ის ასევე არის ფიგურა, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზებას, ისევე, როგორც ბატონი ივანიშვილი“ - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.

ვფიქრობ ეს პროვოკაციულია. ვფიქრობ ეს მიზნად ისახავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს, რაიმე სახის მოქმედებისკენ უბიძგოს
დევიდ კრამერი

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნებას გეგმავს. ამის დასტურად, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად ოფიციალურ გვერდზე, ბილეთის ფოტო განათავსა და მხარდამჭერებს მიმართა.

ამერიკელი დიპლომატი ფიქრობს, რომ ეს „პროვოკაციული“ ნაბიჯია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, შესაძლოა, რაიმე მოქმედებისკენ უბიძგებდეს.

„სრულიად გულწრფელი რომ ვიყო, არ ვფიქრობ, რომ ეს ზოგად პოლიტიკურ ვითარებას დაეხმარება. ვფიქრობ, ეს პროვოკაციულია. ვფიქრობ, ეს მიზნად ისახავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს რაიმე სახის მოქმედებისკენ უბიძგოს“ - აცხადებს კრამერი.

კრამერი არ არის დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში ნამდვილად ჩავა. თუმცა, ფიქრობს, რომ მცდელობის შემთხვევაში, მას აეროპორტშივე დააკავებენ, მიუხედავად იმისა, ლეგიტიმურია თუ არა, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.

„მისი დაბრუნებისას, თუ ეს მართლა მოხდება, და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე იქნება, მას აეროპორტში დააკავებენ და სასამართლო პროცესების მოლოდინში ციხეში ჩასვამენ. მას ბრალდებები აქვს წაყენებული- გვერდზე რომ გადავდოთ, ლეგიტიმურია ეს ბრალდებები, თუ არა. ამასთან, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა, უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ დატოვა და რაიმე სახით არჩევნებში მისი ჩართულობა, ქართული კანონმდებლობის სამართლებრივი დარღვევაა“ - აცხადებს კრამერი.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ფიქრობს, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე მეტად ორიენტირებული უნდა იყოს პოლიტიკის კეთებაზე, და არა გავლენის მქონე ფიგურებზე.

„ოპოზიციისთვის ის [მიხეილ სააკაშვილი] კვლავ ძლიერ ფიგურად რჩება. მაგრამ, ის ასევე არის ფიგურა, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზებას, ისევე როგორც, ბატონი ივანიშვილი. ამრიგად ვფიქრობ, რომ ორ ძლიერ ფიგურას შორის დაპირისპირება არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება. მე ვამჯობინებდი, რომ ეს ორი დიდი პერსონა, ქართულ პოლიტიკაში რაიმე როლს აღარ თამაშობდნენ და ქართული პოლიტიკა მეტად იყოს ფოკუსირებული პოლიტიკაზე, ვიდრე ჩართულ პირებზე“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კრამერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს ვკითხეთ, როგორ აფასებს საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და როგორ მივიდა ხელისუფლება და ოპოზიცია 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. კრამერი რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ საელჩომ მკაფიო ტონი გამოიყენა.

“22 სექტემებრს, საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება ძალადობრივ თავდასხმებს გმობდა, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს. ვფიქრობ, ეს [საელჩოს განცხადება] გამოხატავს შეშფოთებას, ამ არჩევნების მიმართ მთავრობის, „ქართული ოცნების“ მიდგომებთან დაკავშირებით. ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ ზეწოლისა და დაშინების შესახებ ცნობები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ქმედებები, სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის ვალდებულებას, უზრუნველყოს უსაფრთხო, სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო და დემოკრატიული საარჩევნო პროცესი. ვფიქრობ, საელჩოს განცხადება, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, მზარდ შეშფოთებას ასახავს. მე ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ქმედებები, როგორიცაა აგრესიული რიტორიკა, ან ფიზიკური დაპირისპირება, შემაშფოთებელია." - ამბობს კრამერი.

კრამერი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობის შექმნას, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებიც უწყობს ხელს.

"ჩვენ ვხედავთ მუქარას, პრემიერ-მინისტრისგან და სხვებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, ისინი არ იქნებიან ტოლერანტული საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების მიმართ. ასე რომ, ეს ყველაფერი ხელს უწყობს დაძაბულ გარემოს. ჩვენ ვიხილეთ მზარდი რაოდენობის ინციდენტები, რომლებიც პრობლემებს წარმოშობს, მე ვიტყოდი, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხრიდან. მმართველი ძალა „ქართული ოცნებაა“ და მათ აქვთ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩატარებული კამპანიის ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ, მე მაფიქრებს ორივე - თავად არჩევნების დღე, როგორ ჩატარდება ის და ასევე, როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ“ - ამბობს კრამერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG