ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველო არჩევნების მხრივ უკან დგამს ნაბიჯს


საქართველოში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო იმატებს და ამას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

„საქართველოში ჩატარებულა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია".

ეუთო/ოდირის შუალედურ კვლევაში, რომელიც 17 სექტემბერს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო „ხასიათდება მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზაციით“. წინასაარჩევნოდ წესების გარეშე ბრძოლას, კომპრომატების თუ უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას, ძალადობას და დაპირისპირებას, რომ კარგი არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის, ამას ვაშინგტონში საქართველოს მეგობრებიც ადასტურებენ.

კენეტ იალოვიცი ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი, უკვე 20 წელზე მეტია, რაც წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნებს აკვირდება. ამბობს, რომ 2018 წლის შემდეგ, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო, ისევე, როგორც თავად არჩევნები, საგრძნობლად გაუარესდა.

„2012 წელს, როდესაც ისინი [ნაციონალური მოძრაობა] ციხის კადრების სკანდალის გამო დამარცხდნენ იყო ნამდვილი გარდატეხა. ამის შემდეგ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არჩევნები ნამდვილად გაუმჯობესდა და ამას ეუთოს შეფასებებიც ამტკიცებს. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოქმედ პრეზიდენტს [სალომე ზურაბიშვილს] არჩევნებში გაემარჯვა. სწორედ მაშინ დაიწყო ის ტალღა, როდესაც პარლამენტი და თავად ივანიშვილი თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამერიკას, არაფრად აგდებდნენ ოპოზიციას და ეს დღემდე გრძელდება. მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ასევე ძალიან ნეგატიურადაა ოპოზიციის მიმართ განწყობილი“, - ამბობს იალოვიცი.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს
სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს

2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს, როდესაც მოსახლეობამ ბოლოჯერ აირჩია პრეზიდენტი, სხვებთან ერთად, ადგილზე აკვირდებოდა ჯონათან კაციც. "გერმანიის მარშალის ფონდის" მკვლევარი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა, მაშინ ნამდვილად არ მომხდარა სრული წესების დაცვით და პრობლემები იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროსაც. თუმცა, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების რესურსი საქართველოს აქვს და სწორედ ამის მოლოდინია დასავლეთში 2 ოქტომბრის არჩევნებისადმი.

„საქართველოში ჩატარებულა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. მე მქონდა შანსი, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ვყოფილიყავი და რა თქმა უნდა, მაშინ იყო გამოწვევები. ბევრმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო დემოკრატია, ეს არ იყო საუკეთესო გზა იმისა, როგორ უნდა ჩაატარო არჩევნები და რა თქმა უნდა, დარღვევები იყო ბოლო არჩევნების დროსაც. შემიძლია გავიხსენო მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ფაქტებიც, თუმცა ეს არაა პრობლემის ერთადერთი მხარე. გამოწვევებია ოპოზიციაშიც. ისინი არ არიან მმართველი პარტია და მათი შესაძლებლობები შეზღუდულია, თუმცა პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ. ამ არჩევნების ივანიშვილისა და სააკაშვილს შორის არჩევნად წარმოჩენა არაჯანსაღია საქართველოსთვის“, - ამბობს კაცი.

24 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამერიკელი ექსპერტების განწყობას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ქართველი ამომრჩევლებიც იზიარებენ- „საქართველოში არჩევნების მიმდინარეობა იშვიათად ფასდება, როგორც დემოკრატიული. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ყველაზე ხშირად დაბრკოლებად ამომრჩევლთა მოსყიდვა და დაშინება აღიქმება’’,- ვკითხულობთ ანგარიშის მთავარ მიგნებებში.

ISFED-ის კვლევის მიხედვითვე, „მოსახლეობის უმრავლესობა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ერთ-ერთი საარჩევნო უბანი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ერთ-ერთი საარჩევნო უბანი.

არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ასოციაციები არჩევნებთან მიმართებაში ხშირად არის უარყოფითი, კერძოდ, არეულობასთან და იმედგაცურებასთან დაკავშირებული“.

„ვიტყოდი, რომ საქართველო არჩევნების მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯს“,- ამბობს კენეტ იალოვიცი. ყოფილი ელჩი თვლის, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატია წინ მიდიოდა, მაგრამ ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებმა გააჩინა იმის ფიქრის საფუძველი, რომ მიღწეული დემოკრატიული რეფორმები და თავად ქვეყნის დასავლური გეზი, საფრთხის წინაშეა.

„პერსონალურად ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ შესაძლებლობა შეიძლება ხელიდანაა გაშვებული. ვფიქრობ, იმ აზრს, რომ რაღაც კარგი, რაც ქვეყანაში ხდებოდა და ჩამოყალიბების პროცესში იყო, ახლა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ჩემი კოლეგებიც იზიარებენ.

მე ხშირად გამომითქვამს ჩემი შეშფოთება საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ, სადაც ძალები არადემოკრატიულად მართავენ პროცესებს და ყველა ბოლო მოვლენა იქნება ეს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, თუ იმ მოლაპარაკების დატოვება, რომელშიც ევროკავშირის პრეზიდენტი თავად იყო ჩართული, არის ძალიან ცუდი სიგნალები საქართველოს გზასთან დაკავშირებით“,- გვითხა იალოვიცმა ინტერვიუს დროს.

„ვიტყოდი, რომ საქართველო არჩევნების მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯს“,- ამბობს კენეტ იალოვიცი.

იალოვიციც და კაციც თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის და პოლარიზაციის კუთხით გამოწვევები აქვს. ორივე ექსპერტს ამის ნათელ მაგალითად 6 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭრების, არჩევნების შედეგების ანულირების მიზნით, კაპიტოლიუმში შეჭრა და იქაურობის დარბევა მოჰყავთ. თუმცა, ორივე ამბობს, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ეს გამოწვევები უნდა გადალახონ და ხალხის და ქვეყნის ინტერესებში იმოქმედონ.

„პოლიტიკური ბრალის გადანაწილება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არ ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მომწიფებაში და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მომწიფების ნახვა გვსურს კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოს, საარჩევნო კანონებისა და იმ შეთანხმებების, თუ დაპირებების აღსრულებაში, რომელშიც საქართველოს პარნტიორები- ევროკავშირი და ამერიკა იღებდნენ მონაწილეობას. [ამ მომწიფების ხილვა უნდა გამოიხატებოდეს] იმაშიც, რომ საქართველოს მთავრობამ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და შეასრულოს ამ შეთანხმებების პირობები“, - განმარტავს ჯონათან კაცი.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ მკველვარი ასევე გვიხსნის, რომ თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანი იქნება, არა მხოლოდ საქართველოს შიგნით დემოკრატიისთვის და ხალხის აზრის პატივისცემისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვისაც.

2021 წლის დეკემბერში, პრეზიდენტი ბაიდენი თავისივე ინიცირებულ „დემოკრატიის სამიტს“ უმასპინძლებს. ეს „იქნება შესაძლებლობა მსოფლიოს ლიდერებისთვის, რომ მოუსმინონ ერთმანეთს, საკუთარ მოქალაქეებს, გაუზიარონ ერთმანეთს წარმატების ისტორიები, ჩაებან საერთაშორისო კოლაბორაციებში და ღიად ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომელიც დემოკრატიას უდგას, რათა ერთობლივად გაამყარონ დემოკრატიის განახლების საფუძველი“, - წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კაციც და იალოვიციც განმარტავენ, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები და მეგობრები ამერიკაში, აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს და წლევანდელი არჩევნები დიდწილად განსაზღვარავს იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ამ სამიტში მონაწილეობას. ყოფილი ელჩი იალოვიცი ამბობს, რომ დემოკრატიის სამიტში მონაწილეობა/არ მონაწილეობის საკითხი „აჩვენებს იმას, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო“.

„ვფიქრობ, ამ კონრეტულ არჩევნებს და მის შედეგებს მყისიერი გავლენა ექნება, მაგალითად იმაზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას საქართველო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიცირებულ დემოკრატიის სამიტში, რომელიც დეკემბერში ჩატარდება. ჩვენ ნამდვილად ვღელავთ ამაზე. ასე რომ, ძალიან ბევრი რამე დევს ახლა სასწორზე“,- გვეუბნება ჯონათან კაცი.

„დღემდე კამპანიაში წამყვანია, ერთი მხრივ, ორმხრივი ბრალდებები დეზინფორმაციისა და საარჩევნო დარღვევების შესახებ და, მეორე მხრივ, არჩევნების შემდგომ პროტესტზე ფოკუსირებაზე“, - ვკითხულობთ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში. ექსპერტები ვაშინგტონში თვლიან, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი გარემო საქართველოს ცუდ იმიჯს უქმნის და პოლიტიკურ პარტიებს ურჩევენ გვერდით გადადონ პირადი და პარტიული ინტერესები და ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილას დააყენონ. ვაშინგტონში თვლიან, რომ ახლა საქართველოს მიზანი ევრო ინტეგრაცია და ძლიერი ეკონომიკისა და დემოკრატიის შექმნა უნდა იყოს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG