ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კონგრესმენები ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ


საოკუპაციო ხაზი დუშეთის რაიონის სოფელ ოძისთან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტი აშშ-ის კონგრსმენთა დელეგაციამ საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო. კონგრესმენები დასავლეთ ვირჯინიიდან ალექს მუნი და კეროლ მილერი, ჩრდილოეთ დაკოტადან - კელი არმსტრონგი, კანზასიდან - რონ ესტესი და ვისკონსინიდან ბრაიან სტილი დუშეთის რაიონის სოფელ ოძისთან ჩავიდნენ, საიდანაც რუსეთის საოკუპაციო ჯარების ბაზა ჩანს.

„მნიშვნელოვანია, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“
კეროლ მილერი, კონგრესმენი


„საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი“ - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ალექს მუნმა, რომელიც ოძისში 2019 წლის ნოემბერში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერთან ერთად იმყოფებოდა.

ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან, სოფელი ოძისი
ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან, სოფელი ოძისი

„მნიშვნელოვანია, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“ – აღნიშნა რესპუბლიკელმა კეროლ მილერმა.

ოძისის შემდეგ, კონგრესმენებმა სოფელ წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადეს.

აშშ-ს კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გასტანს, ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენთა დელეგაცია შეხვდება პრემიერ ღარიბაშვილს, საგარეო მინისტრ ზალკალიანს და ეკონომიკის მინისტრ თურნავას. ასევე შეხვედრები გაიმართება საქართველოს პარლამენტში. იგეგმება კონგრესმენებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაც.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა. იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ამ ნაწილში განსაკუთრებით ბევრი მოვლენა ვითარდება, მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის პარტნიორობა, როგორიც საქართველოა“ – მიაჩნია რესპუბლიკელ კონგრესმენ რონ ესტესს.

„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა"
რონ ესტესი, კონგრესმენი


„ეს ვიზიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ გავეცნო საქართველოს მთავრობის მუშაობას, საქართველომ, ბოლო 20 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების კუთხით. ძალიან მაინტერესებს ამ მიმართულებით როგორ მუშაობს მთავრობა და მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები“ – აღნიშნა რესპუბლიკელმა კელი არმსტრონგმა.

ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი ორგანიზებულია „ამერიკა - საქართველოს მეგობრობის ასოციაციის“ მიერ. კონგრესმენებს თან ახლავს ამ ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოს საპატიო კონსული სან-დიეგოში მელორ წიფურია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG