ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მიზნით ვრცელდება ფარული ჩანაწერები?


ფარული ჩანაწერები
ფარული ჩანაწერები

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებიდან ორი კვირა გავიდა. პროკურატურამ საქმეზე მოკვლევა მეორე დღესვე, 14 სექტემბერს დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ხელმისაწვდომობა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან შეუძლებელი არაა. უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში ჩნდება ახალი ფაილებიც.

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება საქართველოში იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური აქტორები გაძლიერებულ კონკურენციულ რეჟიმში იმყოფებიან. 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. არის ეს უბრალოდ დამთხვევა, თუ გამიზნული ნაბიჯი, რთული სათქმელია, რადგან ამ დრომდე დაკონკრეტებით საუბარი იმის შესახებ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ესოდენ მასშტაბური ინფორმაციის გამოქვეყნება, რთულია.

ზვიად ქორიძე ფარული ჩანაწერების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:22 0:00

„რა შეიძლება იყოს ჩანაწერების გავრცელების მოტივი? ჩემთვის რთულია ამ საკითხზე მარჩიელობა და არც შეთქმულების თეორიებზე მსურს საუბარი. მოდით, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაზიანდეს და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნები. შეიძლება დაზიანდეს ყველაფერი“, - გვეუბნება ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში. ის საუბრუბს იმის თაობაზე, რომ თუ ინფორმაციის გამავრცელებლებს ხელი მიუწვდებათ დაფარულ ინფორმაციაზე, ეს, შესაძლოა ატარებდეს არა მხოლოდ პიროვნებების პირად ინფორმაციას, არამედ სახელმწიფო საიდუმლოებასაც.

„შესაძლოა, პერსონალურად, ადამიანის რეპუტაცია დააზიანო, მიაყენო მორალური ზიანი... პირადი ცხოვრება არაა მხოლოდ ინტიმური მხარე. სამიზნეა საზოგადოებრივი ჯგუფები, შესაძლოა, მედია-ჯგუფებიც აღმოჩნდეს ამის სამიზნე ხვალ... რიგში, შესაძლოა, იყვნენ პარტიები, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ დიპლომატებიც... თუკი დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოიყარა, იქ ინახება საიდუმლო ინფორმაციაც ასევე. რა გარანტიები არსებობს, რომ პირადი ინფორმაცია არ იყო დაცული და სახელმწიფო საიდუმლოა დაცული? ეს შიცავს საკმაოდ სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეს შიგნით, საზოგადოებაში და ასევე სახელმწიფობრივი თვალსაზრისითაც დესტაბილიზაციის საფრთხესაც. ანუ, რა გამოდის?“ - ამბობს ტუღუში.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელებით და იმ საკითხზე კონცენტრირებით, თუ რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს ამ ქმედებას, ქვეყანაში ტოტალიტარიზმის მძლავრ საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ. „ჩანაწერების მიზნის თაობაზე ისაუბროს დაე, მან, ვინც ეს გაავრცელა. ჩვენ საქმეს შევხედოთ სხვაგვარად და ვთქვათ, რა რეალობა დაგვანახა ამ ფაილების გავრცელებამ? პირველი ის, რომ მართლა ყველას გვისმენენ და ფაქტია, თუ ერთი კონკრეტული დეპარტამენტი მუშაობს ისე, რომ ამ კონკრეტულ სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანი ჰყავს ჩაწერილი, გადაღებული, დაარქივებული და აქ ათეულ ათასობით ადამიანზეა საუბარი (მხოლოდ საეკლესიო სივრცესთან დაკავშირებით). ასეთი ინტერესთა ჯგუფები ძალიან ბევრია, ვგულისხმობ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან ინტერესთა ჯგუფებს. ეს აჩვენებს საერთო სურათს, რომ არის ტოტალური თვალთვალი და მიყურადება ქვეყანაში“, - ამბობს ქორიძე.

ლაშა ტუღუში ფარული ჩანაწერების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

იგი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ ვინ შეიძლება იყოს ჩანაწერების ავტორი: „სადავოდ არავინ არ ხდის იმას, რომ ეს გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ფაქტია, რომ თავიდან, ჩვენ უფრო მეტი ეჭვი გვქონდა მასალების ავთენტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მმართველმა გუნდმა არ უარყო და თქვა, რომ თურმე ეს ყველაფერი იმიტომ გავრცელდა, რომ ღალატია ქართულ ოცნებაში. ანუ, ვიღაც მოღალატე ჰყავთ შიგნით, პარტიაში, მმართველ გუნდში, ისეთი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ ტიპის მასალაზე. ესაა სახიფათო და საგანგაშო სიგნალი ჩემთვის იმისა, რომ ასეთი ტოტალური თვალთვალი, ტოტალური მიყურადღება ემსახურება არა იმას, რომ ვიღაც კონრეტული ადამიანი დააშანტაჟო, არამედ იმას, რომ ქვეყანაში შექმნა შიშისა და დევნის საერთო განწყობა, რაც არის ერთმნიშვნელოვანი კომპონენტი ტოტალიტარიზმის“.

თავად ოფიციალური სტრუქტურები, როდესაც ფარული ჩანაწერების გამოძიებას ეხება საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით სწავლობენ საქმეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასთან არაა კავშირში.

საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. ეს გულისმობს „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“; „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

ზემოთხსენებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხ წლამდე, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლის მეოთხე პუნქტი ამბობს, რომ იგივე დანაშაული თუ ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სასჯელის ვადა, შესაძლოა, შვიდ წლამდე გაიზარდოს. წარმოდგენილ შემთხვევაში, პროკურატურა სსმ-ის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე არ საუბრობს. ანუ, საქმეს იკვლევს, მაგრამ არა ისე, რომ ეჭვი ჰქონდეს ფარული ინფორმაციის გაჟონვაზე, მაგალითად სუსი-დან, ან მისი ცალკეული თანამშრომლის მხრიდან.

ფარული ჩანაწერები
ფარული ჩანაწერები

ამერიკის ხმასთან საუბრისას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ „თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, თითქოსდა წარმოუდგენელია ტოტალიტარიზმი, მაგრამ პირიქით, ეს მოცემულობა გვკარნახობს იმას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში გაცილებით ადვილია ტოტალიტარული მმართველობის შექმნა, თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება და საზოგადოება ვერ გამოიყენებს კონტროლის მექანიზმებს.“

რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების რაიმენაირ კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, ამგვარი ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს როგორც ზვიად ქორიძეს, ასევე ლაშა ტუღუშს. „ეს ყველაფერი არ ემსახურება ვიწროდ, მუნიციპალური არჩევნების თემას, თუმცაღა, არაა გამორიცხული ირიბი გავლენის შესაძლებლობა ამ არჩევნებზე. ესაა გათვლილი უფრო გრძელვადიან შედეგზე. ესაა გათვლილი პირადად ბიძინა ივანიშვნილის მიზანსწრაფვაზე, რომ მან ქვეყანაში გააფორმოს ტოტალიტარული მმართველობა,“- გვეუბნება ზვიად ქორიძე, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ჟანდარმერიის საფრთხეს ხედავს.

„ფაქტია, რომ დანაშაულია ჩადენილი, ფაქტია, რომ ეს დიდ ხიფათს შეიცავს, როგორც კონტერული ადამიანებისთვის და ეს არაა ორი კაცი და სამი კაცი, ასევე, საფრთხეს შეიცავს სახელმწიფოსთვისაც. აღმოჩნდა, რომ არ ვართ დაცულები არც პიროვნულ დონეზე და არც სახელმწიფო დონეზე. ჩანაწერების გავრცელების ამ ახალი ტალღის შემდეგ, ამ საკითხებზე, მე მგონი, უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ. როდესაც იქმნება საფრთხე, სერიოზულად აირიოს ვითარება და დაიწყოს რთული პროცესები, ზოგადად სახელმწიფოს შეუქმნას საფრთხე, მოდით, დავფიქრდეთ, ვის ინტერესშია ეს ყველაფერი?“- ამბობს ლაშა ტუღუში.

ამასობაში კი საგამოძიებო სტრუქტურები მიმართავენ მედია-საშუალებებს, რომ მიაწოდონ მსგავსი მასალები, თუკი ამგვარი გააჩნიათ. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: „საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან.“

ამ დროისთვის, ფარული ჩანაწერების გავრცელების თაობაზე გამოძიებას სიახლე არ აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG