ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა, რომელიც ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, უკვე სრულად განადგურებულია. ამის შესახებ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM), რუსეთის ეროვნული კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის დასკვნიდან გახდა ცნობილი.
ICOM-ის ჯგუფის ექსპერტებმა, რომლებიც აფხაზეთს, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის უხეში დარღვევით სტუმრობდნენ, ბედიის მონასტერი 2011 წლის შემოდგომაზე მოინახულეს და შეისწავლეს.
ბედიის მონასტრის მხატვრობის და ფრესკების უმძიმესი მდგომარეობა, 2012 წელი, ოკუპირებული აფხაზეთი
სწორედ ამ დროიდან, სეპარატისტული სოხუმის მიწვევით, ბედიის მონასტრის უკანონო „რესტავრაციაზე“, ოკუპანტი რუსეთის ქალაქ ვლადიმირის სამეცნიერო ფირმა „ტექტონიკა“ მუშაობდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რუსული ოკუპაციის შემდეგ, ბაგრატ მესამის ფრესკასთან ერთად, ბედიის მონასტრის შიგნით არსებული, თითქმის ყველა ფრესკა, ქართული წარწერა და ორნამენტი ძლიერ დაზიანებული ან სრულად განადგურებულია.
„ბედიაში მიდის უკანონო „რესტავრაცია“, მაშინ როცა იქ ფიზიკურად რესტავრატორი არ არის. როგორ ხდება ეს ყველაფერი და რა შედეგებს ვიღებთ ყველამ უკვე ვიცით - სახეცვლილს და ბარბაროსობას.ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, ბაგრატ მესამის ფრესკის განადგურებას ბარბაროსობა უწოდა.
„ბედიაში მიდის უკანონო „რესტავრაცია“, მაშინ როცა იქ ფიზიკურად რესტავრატორი არ არის. როგორ ხდება ეს ყველაფერი და რა შედეგებს ვიღებთ, ყველამ უკვე ვიცით - სახეცვლილს და ბარბაროსობას.
საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის რესურსი კიდევ არსებობს, კულტურის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რომ ეს რესურსი ამოქმედდეს და ამ ბარბაროსობას როგორმე წერტილი დაესვას.“
ბედიის მონასტერი დაახლოებით, 999 წელს, ბაგრატ მესამე ბაგრატიონის ინიციატივით აიგო. ისევე როგორც ქუთაისში - ბაგრატის ტაძარი (1003 წელს) და რაჭაში - ნიკორწმინდა (1010 წელს).
გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ (978-1014) რომელიც იწოდებოდა „მეფედ აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი - ბედია, „საყდრად საეპისკოპოსოდ შექმნა“.
ბედიის ნახევრად დანგრეული მონასტერი, 1900 წელი, აღდგომის დღე
ქართული ისტორიოგრაფიის მიხედვით, ბაგრატმა აფხაზეთის საკათოლიკოსოს გაძლიერების მიზნით, სწორედ ბედიაში გადმოიტანა, ძიღანევში (გუდაყვაში) მდებარე საეპისკოპოსო ცენტრი, რომელიც მანამდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, აბაზგიის (სებასტოპოლისის) ეპარქიის ქვემდებარე იყო.
ამ ნაბიჯით, ბაგრატ მესამემ უფრო განამტკიცა საქართველოს სახელმწიფოს და მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციები აფხაზეთში და მთლიანად დასავლეთ საქართველოში. ბაგრატმა სწორედ ბედიაში დაკრძალა, დედამისი, დედოფალი გურანდუხტი. 1014 წელს კი როცა ბაგრატი ტაოში, ფანასკერტის ციხეში აღესრულა, მეფის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს და ბედიის მონასტერში დაასვენეს.
ბედიის მთავარი ქტიტორის, მეფე ბაგრატ მესამის ფრესკა, მონასტრის სამხრეთ კედელზე იყო გამოსახული. ექსპერტების შეფასებით, ეს ფრესკა, სადაც მეფეს მარჯვენა ხელში გუმბათიანი ტაძარი უჭირავს, ხოლო მარცხენა ზეაღმართული აქვს, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნის უნდა ყოფილიყო.
ბაგრატ მესამის ფრესკის ასლი-ფაქსიმილე, შესრულებული რუსი ფერმწერის ნატალია ტოლმაჩევსკაიას მიერ, 1927 წელს
ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ბაგრატის ფრესკა დიდწილად განახლებულია. სავარაუდოდ, მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში, როცა გუმბათ ჩამონგრეული და ძლიერ დაზიანებული ბედიის მონასტრის, თითქმის, თავიდან აშენება, რესტავრირება და მოხატვა მოხდა.
ბაგრატ მესამის ფრესკა ბედიაში, ერთ-ერთმა პირველმა, ცნობილმა რუსმა მხატვარმა და ფერმწერმა ნატალია ტოლმაჩევსკაიამ 1920-იანი წლების ბოლოს შემოგვინახა, აღდგენილი ასლი-ფაქსიმილეს ტექნოლოგიით. ორიგინალში, ფრესკა მაშინაც მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ იკითხებოდა, ფრესკასთან წარწერა, ასომთავრული გრაფემას ნაწილი - „რატი“.
ბაგრატის ფრესკის 1951, 1979 და 1987 წლების ფოტოები აჩვენებს, თუ რა სწრაფი ტემპით ქრებოდა, ბედიის მონასტრის კედლიდან, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის გამოსახულება, მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე.
ბედიაში, ბაგრატ მესამის ფრესკის მდგომარეობა, 1951 წლის ფოტო
ბედიაში, ბაგრატ მესამის ფრესკის მდგომარეობა, 1987 წლის ფოტო
ეს პროცესი მხოლოდ დროებით შეაფერხა, ბედიის მონასტრის ორმა მნიშვნელოვანმა რესტავრაციამ 1950-იან და 1960-იან წლებში, როცა ბედია კიდევ ერთხელ, ხელახლა აღადგინეს. 1968 წელს, უარი ითქვა, ჩამონგრეული გუმბათის აღდგენაზე და მონასტერში, მხოლოდ დროებითი გადახურვა მოეწყო.
ბედიის მონასტერს რა თქმა უნდა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა აფხაზეთის ომის (1992-93) დროს. მთელი ოჩამჩირის რაიონი და კონკრეტულად სოფელი აგუ (შუა) ბედია, სადაც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, აქტიური საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, ბედია არაერთხელ გაიძარცვა, განძის ძიებაში კი უამრავჯერ გადათხარეს. პარალელურად, 2003-2011 წლებში, აფხაზი სეპარატისტების მოთხოვნით, რუსმა „რესტავრატორებმა“ ექვსი უხეში და უკანონო ჩარევა მოახდინეს მონასტრის კედლებზე, ე.წ „რესტავრაციის“ დროს.
2006 წელს, ბედია ფარულად გადაიღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაპარულმა ქართველმა დოკუმენტალისტებმა თეა შარიამ და ტარიელ სოხაძემ. ისინი სეპარატისტებმა თანხლებ პირებთან ერთად დააპატიმრეს და თითქმის, ერთი თვით, სოხუმის უკანონო, ე.წ "ციხეში" ჰყავდათ გამოკეტილი.
ბედიის მონასტერი, 2011 წლის ფოტო
თეა შარიამ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ ბაგრატის ფრესკა ფაქტიურად დაკარგული იყო. თუმცა, ამ ფაქტს, მაშინ ჯეროვანი ყურადღება არ მიექცა. არ არის გამორიცხული, რომ ბედიაში, ბაგრატის ფრესკა სრულად, სინამდვილეში, წლების წინ გამქრალიყო.
2010 წელს, ე.წ "აფხაზური ეკლესიის" "ლიდერმა", თვითმარქვია ბესარიონ აფლიაამ ბედიაში, სეპარატისტების იარაღი აკურთხა და იქ უკანონოდ მომუმაშე, რუსი "რესტავრატორები" დალოცა. ამ ღონისძიებას სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი სერგეი შამბაც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ომის დროს "ბედია ქართველი ბარბაროსებისგან დავიცავითო".
რუსეთი აგრძელებს არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ კულტურულ წმენდასაც. ეს გათვლილი და მიმართულია იმაზე, რომ რაღაცნაირად მოხდეს ქართული ისტორიული და კულტურული კვალის აღმოფხვრა, წაშლა და გაქრობა აფხაზეთში.ნიკა რურუა
საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად, ეს უმძიმესი პრობლემა, რომელიც რუსული ოკუპაციით არის გამოწვეული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის სხდომაზე წამოჭრა.
სხდომას იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვაც ესწრებოდა. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
"რუსეთი აგრძელებს არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ კულტურულ წმენდასაც. ეს გათვლილი და მიმართულია იმაზე, რომ რაღაცნაირად მოხდეს ქართული ისტორიული და კულტურული კვალის აღმოფხვრა, წაშლა და გაქრობა აფხაზეთში. ამას რუსეთი მიზანმიმართულად აკეთებს.
ყველანაირი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს ხელშია და ეს ჯერ მხოლოდ ინფორმატიული ინსტრუმენტია, ამოქმედებულია.
პირადად მე, იუნესკოს ბოლო ასამბლეაზე, ყველა ის ძეგლი ჩამოვთვალე, რომელზეც ასეთი ბარბაროსული ძალადობა ხორციელდება. მათ შორის ვისაუბრე ბედიაზეც. ამ პოლიტიკის გაგრძელებას ვაპირებთ იქამდე, სანამ ეს ყველაფერი არ შეჩერდება.“
ილორის ეკლესია რუსული ვანდალიზმის შემდეგ
ბედიის გარდა ქართული კვალის წაშლა ხდება, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სხვა ტაძრებზეც. 2010 წლის შემოდგომაზე, მე-11 საუკუნის, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შედევრი ,ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვითნებობით და პუტინის ხელისუფლების დაფინანსებით, თეთრად გადაღებეს და ზედ, რუსული "ხახვის გუმბათი" დაადგეს.
ანალოგიური უმძიმესი მდგომარეობაა დრანდისა და კომანის ეკლესიებში, ლიხნის ტაძარსა და ანაკოფიის ციხეზე. სულ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, 1000-ზე მეტი, ქართული ისტორიული ძეგლი შველას ითხოვს.
ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკოს) ექსპერტები შევიდნენ. ბოლოს, ანკლავში, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს, იუნესკოს დელეგაცია 1997 წელს იმყოფებოდა.
2008 წლიდან, საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, იუნესკოს ექსპერტებს, მხოლოდ ზუგდიდის მხრიდან შეუძლიათ აფხაზეთში მოხვედრა, რასაც რუსი ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. თუმცა, ამჯერად, თბილისი თანახმაა იუნოსკოს ექსპერტებისთვის გამონაკლისი დაუშვას.