ოკუპირებული აფხაზეთის "ახალი ლიდერი", 58 წლის ალექსანდრე ანქვაბი გახდა, რომელსაც 1984-1990 წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
26 აგვისტოს, გამართულ ე.წ "საპრეზიდენტო არჩევნებზე", რომელსაც საქართველო და ცივილიზირებული სამყარო უკანონოდ მიიჩნევს, ანქვაბმა ხმების სერგეი შამბას მთელი "აჯობა". "მესამე ადგილზე" რაულ ხაჯიმბასა და აფხაზური სეპარატიზმის მამის, ვლადისლავ არძინბას ქვრივის სვეტლანა ჯერგენიას დუეტი "გავიდა"
ალექსანდრე ანქვაბმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთი უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება. ასევე აღნიშნა, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ აფხაზეთში, გალის რაიონის გარდა, ქართველი ლტოლვილები დაბრუნდნენ.
„ჩვენ გალის რაიონში უკვე დავაბრუნეთ ლტოლვილები. რა შუაშია აქ სოხუმი?! ჩვენ შიდა აფხაზეთში არავის დაბრუნებას არც ვაპირებთ! არ დავაბრუნეთ! ეს არის აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხი. ამაზე პასუხი აგონ იმათმა, ვინც 1992 წელს ომი გააჩაღა. ეს არ არის აფხაზური მხარის დანაშაული. ეს მათი პასუხისმგებლობააალექსანდრე ანქვაბი
„ჩვენ გალის რაიონში უკვე დავაბრუნეთ ლტოლვილები. რა შუაშია აქ სოხუმი?! ჩვენ შიდა აფხაზეთში არავის დაბრუნებას არც ვაპირებთ! არ დავაბრუნეთ! ეს არის აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხი. ამაზე პასუხი აგონ იმათმა, ვინც 1992 წელს ომი გააჩაღა. ეს არ არის აფხაზური მხარის დანაშაული. ეს მათი პასუხისმგებლობაა.
მაშინ ჩვენ უნდა გადაგვიხადონ კომპენსაცია უამრავ გადამწვარ ქალაქებსა და სოფლებზე, ეს ასე მარტივი საკითხი არ არის. საქმე გქონდა სამხედრო აგრესიასთან, რომელიც იყო, და უამრავი ქართველი (დღეს ლტოლვილი) ეხმარებოდა აგრესორს. ბევრი მათგანი ყვავილებით ხვდებოდნენ ტანკებს, რომლებიც სოხუმის ქუჩებს ანგრევდნენ.“
ე.წ "არჩევნების" ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ალექსანდერ ანქვაბმა ოკუპირებული გალის რაიონის ქართული მოსახლეობის უმრავლესობის მიმხრობა შეძლო.
გალის რაიონში, სეპარატისტების "მონაცემებით", 30 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი (ქართული წყაროებით - 47 ათასამდე) ცხოვრობს, აქედან "ხმის უფლება", 10 ათასამდე, ქართველს ჰქონდა.
გალში აფხაზი სეპარატისტების სამივე კანდიდატი ჩავიდა. სერგეი შამბამ ქართულ ენაზეც კი მიმართა გალის ქართველობას. ალექსანდრე ანქვაბი კი გალელებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ანქვაბი ასევე დაპირდა ქართველებს, რომ დღესასწაულებზე, მდინარე ენგურზე გადასასვლელად საზღვარს უპრობლემოდ გაუხსნის.
ნიშანდობლივია, რომ აგვისტოში, პირადად ალექსანდრე ანქვაბის ინიციატივით, გალის ქართულ მოსახლეობაში ე.წ "აფხაზური პასპორტების" დარიგების პროცესი დაჩქარდა. თემო ქორთუასთან, რომელიც ოკუპირებულ გალში ცხოვრობს, „ამერიკის ხმამ“ ინტერვიუ გუშინ, არჩევნების დღეს ჩაწერა
"საარჩევნო უბანზე" რიგი იყო. ამას სხვა მიზეზიც აქვს. არავის ეხალისებოდა და არავის არ უნდოდა ამ "არჩევნებზე" მისვლა, მაგრამ ვისაც "აფხაზური პასპორტი" აქვს აღებული, ის თუ "არჩევნებზე" მიდის "პასპორტში" სპეციალურ ბეჭედს ურტყამენ. თუ არ მიდიხარ, ეს ბეჭედი არ გაქვს "პასპორტში", მერე როცა ენგურის ხიდზე გინდა გადასვლა ან უბრალოდ მოძრაობ და გაჩერებენ, შეიძლება პრობლემები შეგიქმნან.თემურ ქორთუა, ოკუპირებული გალის მკვიდრი
„დილის რვა საათზე გაიხსნა ყველა "საარჩევნო უბანი" გალის რაიონში. გალში აფხაზების სხვადასხვა დაჯგუფება და საახლობლოა. ერთი გვეუბნებოდა იმას მიეცით ხმა, მეორე - მეორეს. გაყოფილები არიან, სამივე კანდიდატურას თავისი მომხრეები ჰყავდა.
ჩვენ ქართველებს სხვადასხვა სტრუქტურებიდან ხალხი გვეუბნეოდა ვისთვის მიგვეცა "ხმა". იგივე "მილიციიდან", "სამხედრო კომისარიატიდან". ეს ყველაფერი იყო თხოვნის დონეზე, მოთხოვნა და მუქარა რომ ყოფილიყო ასეთი არაფერი გამიგია.
"არჩევნებში" მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ქართველებს, ვისაც აქვს ე.წ „ფორმა ნომერი-9“ და იმათ, ვინც "აფხაზური პასპორტები" აიღო. ჩემს სოფელში ათასამდე კაცმა აიღო უკვე ეს "პასპორტი".
დილის რვა საათიდან "საარჩევნო უბანზე" რიგი იყო. ამას სხვა მიზეზიც აქვს. არავის ეხალისებოდა და არავის არ უნდოდა ამ "არჩევნებზე" მისვლა, მაგრამ ვისაც "აფხაზური პასპორტი" აქვს აღებული, ის თუ "არჩევნებზე" მიდის, "პასპორტში" სპეციალურ ბეჭედს ურტყამენ. თუ არ მიდიხარ, ეს ბეჭედი არ გაქვს "პასპორტში", მერე როცა ენგურის ხიდზე გინდა გადასვლა ან უბრალოდ მოძრაობ და გაჩერებენ, შეიძლება პრობლემები შეგიქმნან.
ქართველები დაბნეულები არიან, აქ გალის რაიონში. სოხუმიდან მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ ანქვაბი "კარგი კაცია" და რაღაცა ისეთი დადებითი აქვს, რაც აქაურ ქართველებს შეიძლება მომავალში წაგვადგეს. და ამის გამო გალელების უმრავლესობა ანქვაბს ემხრობა.“
ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" უკანონო და ცინიკური უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა არ სცნოს ეთნოწმენდით მიღებული „პოლიტიკური შედეგები“.
ამის, პარალელურად, ანქვაბს "აფხაზთა პრეზიდენტად" არჩევა მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. ანქვაბი ოკუპირებულ ანკლავში, რიგით მესამე ე.წ "პრეზიდენტი" გახდა. 1994-2005 წლებში ეს "პოსტი" პირველს ვლადისლავ არძინბას "ეკავა", 2005-2011 წლებში სერგეი ბაღაფს, რომელიც 29 მაისს გარდაიცვალა.
2005-2010 წლებში, ანკლავში, ალექსანდრე ანქვაბის ლიკვიდაცია ხუთჯერ სცადეს და იგი ხუთჯერვე გადაურჩა სიკვდილს.