სმითების ოჯახის შემზარავი მკვლელობა ხადის ხეობაში

საქართველოში, ხადის ხეობაში მოკლული საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლორა, ქელებ და რაიან სმითების ოჯახი

43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმითების, და მათი 4 წლის ბიჭის ქელების სასტიკი მკვლელობის გამო, საქართველოს მოქალაქე, 19 წლის მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, დუშეთიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ხადის ხეობაში მოხდა.

სოფელ წკერეს სიახლოვეს, აშშ-ისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმითების ოჯახი დასასვენებლად და სალაშქროდ, 3 ივლისიდან იმყოფებოდა. მათ კარავი ჰქონდათ გაშლილი. კავშირი სმითებთან 4 ივლისს გაწყდა.

ხადის ხეობა, სოფელი წკერე და ჩანჩქერი ხადისწყლის ხეობაში

ადგილობრივების ცნობით, 4 ივლისის დილას, სმითები, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის - ხადის წყლის ხეობაში ჩანჩქერის სანახავად წასულან, რომელსაც მთიულები „წკერეს ჩანჩქერსაც“ ეძახიან. მათი მეგზურობა 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს უთავია, რომელიც თოფით იყო შეირაღებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ მწემსმა პირველი რაიან სმითი მოკლა. შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა. ლორა სმითი სავარაუდოდ, გააუპატიურა, შემდეგ მოკლა და მდინარეში ჩააგდო. ბავშვის ცხედარი მკვლელმა ზვავში დამალა. ისევე, როგორც მკვლელობის იარაღი.

კობაურმა, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან დევნილია, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სოფელ წკერეს მცხოვრებლებს და მწყემსებს, ვისთანაც მუშაობდა, თავად შეატყობინა, რომ ჩანჩქერთან ქალის ცხედარი იპოვა. თავდაპირველი ვერსია, რომ ამერიკელები შესაძლოა, უბედურ შემთხვევას შეეწირნენ, სწორედ მწყემსმა გაავრცელა.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური

6 ივლისიდან, ორი დღის მანძილზე, მწყემსი მაშველებთან ერთად რაიან და ქელებ სმითების ცხედრების ძებნის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. გუშინ, დაპატიმრების შემდეგ კი იმ ადგილამდე, სადაც ბავშვის გვამი გადამალა, კობაურმა პოლიცია თავად მიიყვანა.

ჩადენილი დანაშაული აღიარა. ეს საზარელი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება“
მამუკა ჭელიძე, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მალხაზ კობაურმა სასტიკი დანაშაული უკვე აღიარა, თუმცა მწყემსის ადვოკატი და ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფენ:

„სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ეს საზარელი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება.“

ამერიკელები რაიან და ლორა სმითები საქართველოში, კერძოდ ქალაქ მარნეულში, 2012 წლიდან ცხოვრობდნენ.

კალიფორნიაში დაბადებული რაიანი პროექტ Rewoven-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალებში ხალიჩის ქსოვის მივიწყებული ტრადიციის აღორძინებას ემსახურება.

რაიან და ქელებ სმითები

რაიანმა, რომელიც 2002-2005 წლებში, მეზობელ აზერბაიჯანში ცხოვრობდა და აზერბაიჯანულ ენას კარგ ფლობდა, Millennium Relief and Development Services-ის დახმარებით, Rewoven პროექტში, 20-ზე მეტი ხალიჩის მქსოველი ქალი დაასაქმა და საქართველოში დამზადებულ ხალიჩებს საერთაშორისო ბაზარზე ყიდდა.

ლორა სმითი საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, მარნეული N3 საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენას ასწავლიდა და ქმრის ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული.

ლორამ და რაიანმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს „საგამონაკლისო წესით“ მიიღეს. ბოლო თვეების მანძილზე სმითები საკუთარი სახსრებით, მარნეულში ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობისთვის იბრძოდნენ.

სმითებმა სოციალური ქსელით აქტიური კამპანია აწარმოეს, მოსახლეობასთან და მერიის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართეს, თუმცა მარნეულის მერიამ მიწის გამოყოფაზე მაინც უარი უთხრა.

ლორა სმითი მარნეულის სკოლაში

სმითების ოჯახმა ქვემო ქართლსა და კახეთში მოქსოვილი ხალიჩების გამოფენა რამდენჯერმე თბილისშიც მოაწყო, „ევროპის სახლსა“ და „ახურნდოვის სახლის“ არტ გალერეაში.

არ მჯერა რომ ეს ტრაგედია ნამდვილად მოხდა. ვერ წარმომიდგენია რა შელაპარაკება შეიძლება მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე გაიმეტო. საოცრად კულტურული, განათლებული და ძალიან კარგი ბიჭი იყო რაიანი, ასეთივე იყო ლორაც"
ლელა მოწონელიძე, სმიტების ოჯახის მეგობარი

“ახუნდოვ ჰაუსის” წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ, რომელიც სმითებთან ოჯახით მეგობრობდა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მომხდარი მკვლელობით შეძრწუნებულია:

„ხალიჩების გამოფენის შემდეგ, რომელსაც „ახურნდოვის“ არტ გალერეაში დიდი წარმატება ჰქონდა დავმეგობრდით. რაიანი ჩვენთან ოჯახში მოდიოდა მეუღლესთან და ბავშვთან ერთად. იმდენად დადებითი და კარგი ოჯახი იყო არ მჯერა, რომ ეს ტრაგედია ნამდვილად მოხდა.

უკიდურესად აღშფოთებული ვარ, ვერ წარმომიდგენია რა შელაპარაკება შეიძლება მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე გაიმეტო. საოცრად კულტურული, განათლებული და ძალიან კარგი ბიჭი იყო რაიანი, ასეთივე იყო ლორაც.“

ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევა მოკლული რაიან და ლორა სმითების ხალიჩების ბიზნესს, რომელშიც რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

გადაწყვეტილება ბიზნესისა და სმითების დაკრძალვის ადგილის შესახებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ, რომლებიც აშშ-დან საქართველოში აგვისტოს ბოლომდე ჩამოვლენ.

Rewoven-ისა და ხალიჩების ბიზნესი მომავალი გაურკვეველია

კობაურების ოჯახს, რომელიც ოკუპირებული ახალგორის სოფელ საძიგურიდან 2008 წლის ომის დროს გამოიქცა და ამჟამად, წილკანში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს, მალხაზის მიერ სმითების მკვლელობის ფაქტი არ სჯერათ.

ერთი ვერსიით, პირველი შელაპარაკება რაიან სმითსა და მალხაზ კობაურს შორის, სწორედ თოფის არასწორად დაჭერის გამო მოხდა. მეორე ვერსიით, კობაურს თავიდანვე გაუჩნდა ლორა სმითის გაუპატიურების განზრახვა, რომელიც რაიანის და ქელების მკვლელობის შემდეგ სისრულეში მოიყვანა

კობაურებმა გვითხრეს, რომ მალხაზი იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა და ცხვარში წასულიყო, რათა მრავალშვილიან ოჯახს როგორმე დახმარებოდა. მათი თქმით, მალხაზს არასოდეს არ ჰქონია თოფი და გასარკვევია ეს თოფი ვინ მისცა. შსს-ს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, მკვლელობის იარაღი კობაურმა როგორ მოიპოვა.

როგორ "ამერიკის ხმამ" გაარკვია, ერთი ვერსიით, პირველი შელაპარაკება რაიან სმითსა და მალხაზ კობაურს შორის, სწორედ თოფის არასწორად დაჭერის გამო მოხდა, რასაც შემდეგ მთელი ოჯახის დახოცვა მოჰყვა. მეორე ვერსიით, კობაურს თავიდანვე გაუჩნდა ლორა სმითის გაუპატიურების განზრახვა, რომელიც რაიანის და ქელების მკვლელობის შემდეგ სისრულეში მოიყვანა.

ბოლო ორი წლის მანძილზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოში აშშ-ის მოქალაქეს კლავენ.

2016 წლის აგვისტოში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, 41 წლის ამერიკელი მოგზაური ფრიტზ ვოლფგანგ მუსერი საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჭინჭარაულმა შელაპარაკების დროს დანით მოკლა. მკვლელს თელავის სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

9 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი დაიწყო.