ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ გასცა გენერალ დუმბაძის მკვლელობის ბრძანება?


გენერალ დუმბაძის შეკვეთილი მკვლელობისთვის რუსეთში ოთხი ეთნიკური ქართველი გაასამართლეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას, რომელიც 2013 წლის ივლისიდან, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კიდევ ერთი ბრალი წაუყენა - ამჯერად მკვლელობის ორგანიზება.

საქმე ეხება 2012 წლის 21 მაისს, რუსეთის დედაქალაქში, ქართველი გენერლის რომან დუმბაძის ლიკვიდაციას. დუმბაძე მოსკოვში, რუბლიოვკაზე, საკუთარი სახლის წინ, ქილერმა მოტოციკლეტიდან შვიდი გასროლით მოკლა. რუსეთის საგამოძიებო სამსახურებმა დანაშაული ერთი თვის შემდეგ გახსნეს და ეთნიკური ქართველების ოთხკაციანი ჯგუფი აიყვანეს.

გენერალ დუმბაძის მკვლელობა საქართველოს მოქალაქემ, 53 წლის გოჩა კვირიკაშვილმა აღიარა. 2014 წელს, მოსკოვის სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ასევე გასამართლდნენ: 27 წლის თორნიკე კვირიკაშვილი, 43 წლის რომან ბელქანია და 45 წლის ალექსანდრე ბერიშვილი. მათ შესაბამისად, 25, 21 და 4 წელი მიესაჯათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა აღნიშნა, რომ გენერალ დუმბაძის მკვლელობა ამ ჯგუფს, შუამავლის მეშვეობით, სწორედ მეგის ქარდავამ შეუკვეთა:

მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით, რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. ოთხკაციანმა ჯგუფმა ეს მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა"
სავლე მოთიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი

„მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით, რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. ოთხკაციანმა ჯგუფმა ეს მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირის სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო.“

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სუს-მა ამ სკანდალური საქმის მასალებს გრიფი საიდუმლო დაადო და არ დაასახელა, დუმბაძის მკვლელობის ორგანიზებაში შუამავალი. თუმცა, მისი ვინაობა ცნობილია, ეს არის დავით ჯიჭონაია (სხვა პასპორტით - ჯიჭონავა), რომელიც საქართველოში 9 წლიან სასჯელს იხდის.

2012 წლის დასაწყისში, ჯიჭონაია მოსკოვში დაუკავშირდა, ბანქოს ცნობილ მოთამაშე გოჩა კვირიკაშვილს, რომელიც რუსეთში ყალბი პასპორტითა და შოთა ტარუღეშვილის სახელით ცხოვრობდა.

ჯიჭონაიამ გენერალ დუმბაძის მკვლელობის სანაცვლოდ კვირიკაშვილს 200 000 დოლარი შესთავაზა და თანხმობის მიღების შემდეგ, თებერვალში, ავანსად 50 000 დოლარი გადაუხადა.

გოჩა კვირიკაშვილმა შეკრიბა სამკაციანი ჯგუფი. მათ შეიძინეს ავტომანქანა „ვოლვო“, „ჰონდას“ მოტოციკლეტი და ПСМ-ის ტიპის თვითდამტენი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. ჯგუფი ორი თვის მანძილზე სწავლობდა გენერლის გადაადგილების მოსკოვურ მარშუტს და საბოლოოდ დუმბაძე 21 მაისს მოკლეს. შვიდი საბედისწერო გასროლა გოჩა კვირიკაშვილმა განახორციელა.

დაპატიმრების შემდეგ გამოძიებასთან მხოლოდ ქილერმა ითანამშრომლა. ამის გამო, გოჩა კვირიკაშვილს მხოლოდ 14 წელი მიუსაჯეს. შუამავალ დავით ჯიჭონაიას შესახებ ინფორმაცია რუსულ გამოძიებას სწორედ მან მიაწოდა.

მეგის ქარდავა ინტერპოლის ხაზით იძებნება
მეგის ქარდავა ინტერპოლის ხაზით იძებნება

ძებნილი მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურა დღეს რუსეთის საქმეს აკეთებს და მისი კლიენტის წინააღმდეგ მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს

ძირითადად ეს მასალები ეყრდნობა სწორედ რუსეთიდან მოპოვებულ ინფორმაციას და რუსულ მტკიცებულებებს. გამოძიება მოქმედებს სწორედ რუსული და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ძალიან შემაშფოთებელია“
მალხაზ ველიჯანაშვილი, მეგის ქარდავას ადვოკატი

„ძირითადად ეს მასალები ეყრდნობა სწორედ რუსეთიდან მოპოვებულ ინფორმაციას და რუსულ მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე, მარტივია გავაკეთოთ დასკვნა რომ საქართველოს პროკურატურა და გამოძიება მოქმედებს სწორედ რუსული და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ძალიან შემაშფოთებელია.“

48 წლის რომან დუმბაძე ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური იყო, რომელიც უშუალოდ აჭარის მაშინდელ მეთაურს ექვემდებარებოდა. 1998 წელს, დუმბაძეს გენერლის წოდება პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიანიჭა.

2004 წლის მაისში, აჭარის რევოლუციის დროს, გენერალი ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაემორჩილა. ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ იგი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. ბათუმის სასამართლომ მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, რუსებმა ფოთში დატყვევებული 12 ქართველი სამხედროს გათავისუფლების სანაცვლოდ, რომან დუმბაძის გადაცემა მოითხოვეს. ამის გამო, ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.

საქართველოდან მოსკოვში რომან დუმბაძე პირადად საოკუპაციო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა ჩაიყვანა. 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

გენერალ დუმბაძის მკვლელობის დროს, მეგის ქარდავას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეჭირა, მისი უშუალო ხელმძღვანელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის უმაღლესს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს ექვემდებარებოდა.

XS
SM
MD
LG