ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შსს ინტერპოლის ხაზით 100-ზე მეტ ადამიანს ეძებს


ინტერპოლის გენმდივანი რონალდ ნოუბლი საქართველოში

საქართველო 151-ე ქვეყანა გახდა, რომელიც საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (Interpol) გენერალური მდივნის რანგში რონალდ ნოუბლმა მოინახულა. ეს ნოუბლის რიგით მეორე ვიზიტი იყო საქართველოში.

პირველად ინტერპოლის შეფი თბილისს ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში 2001 წელს ესტუმრა, მაშინ საქართველოში ინტერპოლის 30-ე ევროპული რეგიონალური კონფერენცია გაიმართა.

ნოუბლი ინტერპოლის გენერალურ მდივნად პირველად 2000 წელს აირჩიეს, ხუთი წლის შემდეგ კი უკვე მეორე ვადით გადაირჩიეს. ამჯერად ინტერპოლის შეფი თბილისში რუანდის დედაქალაქ კიგალიდან ჩამოფრინდა, სადაც ასევე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე, ინტერპოლის შეფმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპა-აზიის საზღვარზე ინტერპოლის სტრატეგიული მოკავშირეა და რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

რონალდ ნოუბლმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან ინფორმაციის მიღების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება

„ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანი საქართველოს ინტერპოლის მონაცემთა ბაზასთან კიდევ უფრო დაახლოებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი გეგმის თანახმად ყველა ქართველ პოლიციელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ თითის ანაბეჭდის მიხედვით, მოახდინოს პირის იდენტიფიცირება და გაიგოს, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში.“

ორდღიანი ვიზიტის დროს, ინტერპოლის შეფმა თბილისში რამდენიმე ახლადგახსნილი პოლიციის განყოფილება, ხოლო რუსთავში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოინახულა.

პოლიციის აკადემიაში, სადაც ინტერპოლის შეფი პოლიციელების წვრთნას დაესწრო, რონალდ ნოუბლს აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.

საფრანგეთის ქალაქ ლიონში, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში, გამოცდილების მიღების მიზნით, პოლიციის აკადემიის პროფესორებისა და სტუდენტებისა სტაჟირება. ორმხრივი მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახდა. ინტერპოლის შეფთან შეხვედრის შემდეგ პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ კერძოდ განაცხადა

„ინტერპოლის უფროსის ვიზიტის ზოგადი მიზეზი გახლდათ, მისი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის დაფიქსირება, საქართველოს რეფორმირებული პოლიციის მიმართ. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ინტერპოლთან ინფორმაციის გაცვლის ძალიან მაღალი მონაცემები აქვს. მის თქმით, ბოლო წლებში, რამდენიმე ათასით გაიზარდა ჩვენს შორის მრავალფეროვანი ინფორმაციის გაცვლა, ორგანიზებული დანაშაულის თუ უსაფრთოების კუთხით. ნოუბლი განცვიფრებული დარჩა თუ რამდენად განსხვავებულია, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს პოლიცია.“

საქართველო საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის წევრი,1993 წლის 29 სექტემბრიდან არის. ინტერპოლში უკვე 188 ქვეყანაა გაერთიანებული.

ინტერპოლის გლობალური საკომუნიკაციო სისტემით კი საქართველო 2004 წლიდან სარგებლობს ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის სხვადასხვა ცირკულარების გამოყენებით, ასზე მეტ ადამიანს ეძებს.

მათ შორის არიან: ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობის წევრები და მაღალჩინოსნები: უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, გაზის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი უფროსი ალექსანდრე გოცირიძე, საფოსტო ბანკის ყოფილ პრეზიდენტი სერგო იაკობიძე და პრეზიდენტ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია, რომელმაც ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის ხაზით ასევე ეძებს, რუსეთის არმიის ორ ოფიცერს რომან ბოიკოსა და ევგენი ბორისოვს, რომლებსაც ტერორიზმში ადანაშაულებს. ასევე, ქართული მაფიის ბოსად აღიარებულ, კანონიერ ქურდ ლაშა შუშანაშვილს და მის ძმას კახა შუშანაშვილს;

ახლო წარსულში, მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოკავშირეს, დღეს მოსკოვში მცხოვრებ, სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ჯემალ ქარქუსოვს და სატყეო დეპატამენტის ყოფილ უფროსს ბიძინა გიორგობიანს. ეს უკანასკნელი, ინტერპოლმა აგვისტოში ესპანეთში დააპატიმრა კიდეც, თუმცა, გერმანიის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, (ძებნილი გერმანიის მოქალაქეა) თბილისმა ბიძინა გიორგობიანის ექსტრადირება ვერ შეძლო.

„მე ვიმყოფებოდი ჯერ პალმის, შემდეგ კი მადრიდის ციხეში. და, გერმანიის საელჩოს და საკონსულოს დიდი მუშაობის შემდეგ, გამომიყვანეს ციხიდან, ეხლა როგორ და რანაირი გზით დამაბრუნეს მე გერმანელებმა ბერლინში, ამაზე გერმანული მხარის თხოვნით, ჯერ ვერ ვისაუბრებ.“

გარდა, სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის ხაზით, გატაცებულ და დაკარგულ მოქალაქეებსაც ეძებს. მათ შორის არის, 2002 წელს, წყნეთიდან გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებული მარიამ გოგინაშვილი, რომელიც მაშინ 14 წლის იყო და 19 წლის მარიამ მახნიაშვილი, რომელიც ზუსტად ორი წლის წინ კანადის ქალაქ ტორონტოში დაიკარგა.

XS
SM
MD
LG