20 წლის მწყემსს მალხაზ კობაურს, რომელმაც ხადის ხეობაში ამერიკის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმითების ოჯახი განსაკუთრებული სისასტიკით ამოწყვიტა, გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
ორი დღით ადრე, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ოთხსაათიანი თათბირის შემდეგ, კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მწყემსს ბრალად სს კოდექსის 137-ე და 109-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენა ედებოდა: 43 წლის რაიანის, 42 წლის ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის ქელების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა და ლორა სმითის გაუპატიურება.
ერთი-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობის საქმის, სასამართლო პროცესი 5 თვე გაგრძელდა. წინასასამართლო სხდომა თავდაპირველად მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, შემდეგ კი საქმე გორის სასამართლოს გადაეცა.
საბოლოოდ, როგორც ნაფიცმა მსაჯულებმა, ისე მოსამართლემ სრულად გაიზიარეს პროკურატურის მტკიცებულებები და მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა შეეფარდა. გორის სასამართლოში განაჩენის გამოცხადებისას სმითების ოჯახს საქართველოში აშშ-ის კონსული ჯენეტ რებერი წარმოადგენდა, მან განაჩენს სამართლიანი უწოდა:
შემიძლია ვთქვა, რომ მტკიცებულებები რაიმე ეჭვისთვის სივრცეს არ ტოვებს. ჩვენ გვჯერა რომ ეს იყო სამართლიანი პროცესი და გადაწყვეტილება. ლორას და ბრაიანის ოჯახის წევრებიც ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს"ჟენეტ რებერი, საქართველოში აშშ-ს კონსული
„დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით სასამართლო პროცესს და შემიძლია ვთქვა, რომ მტკიცებულებები რაიმე ეჭვისთვის სივრცეს არ ტოვებს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო სამართლიანი პროცესი და გადაწყვეტილება. ლორას და ბრაიანის ოჯახის წევრებიც ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს“ - აღნიშნა რებერმა.
შემზარავი ტრაგედია 2018 წლის 4 ივლისს, ხადის ხეობაში, დუშეთიდან 70 კილომეტრით მოშორებულ სოფელ წკერეს თავზე დატრიალდა.
სმითებმა, რომლებიც მთიულეთში დასასვენებლად წინა დღით ავიდნენ, მწყემსი ხადისწყლის ხეობაში ჩანჩქერებისკენ მიმავალ გზაზე გაიცნეს. კობაურმა მათი მეგზურობა ითავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სანადირო თოფით შეიარაღებულმა მწყემსმა, რომელიც ნასვამი იყო, გზაში ლორა სმითის გაუპატიურება გადაწყვიტა. ამ მიზნით, კობაურმა რაიან სმითი და მცირეწლოვანი ქელები ჩანჩქერისკენ გაიტყუა.
კობაურმა შვილის თვალწინ ჯერ მამა მოკლა, შემდეგ კი თავში მიბჯრით ბავშვი გამოასალმა სიცოცხლეს. მისი ცხედარი ზვავში გადამალა. უკან დაბრუნებულმა განსაკუთრებული სისასტიკით ლორა სმითი გააუპატიურა და შემდეგ ხადისწყალში დაახჩო.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელმა სოფელ წკერეს მაცხოვრებლებს და მწყემსებს ვისთანაც მუშაობდა, თავად აცნობა, რომ ქალის ცხედარი იპოვა და თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა. მან მკვლელობის იარაღიც გადამალა, რომელიც ერთ-ერთ მწყემს ეკუთნოდა. კობაური ორი დღის მანძილზე სმითების ძებნის ოპერაციაშიც კი მონაწილეობდა.
კობაურმა პოლიცია იმ ადგილამდე, სადაც ბავშვის გვამი გადამალა. მხოლოდ დაპატიმრების შემდეგ მიიყვანა. თავდაპირველად მწყემსმა დანაშაული სრულად აღიარა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა და ნაფიც მსაჯულთა წინაშე ამტკიცებდა, რომ თითქოს სმითები "შავებში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა" მოკლეს. პროკურორი ზაზა დათუკიშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს:
ბრალდებულმა არა თუ არ მოინანია დანაშაული, იგი ბოლო წუთამდე ცდილობდა სასამართლოს და ნაფიცი მსაჯულების შეცდომაში შეყვანას. მის ერთადერთ მიზანს სასჯელისგან თავის დაღწევა წარმოადგენდა"ზაზა დათუკიშვილი, პროკურორი
„ბრალდებულმა არა თუ არ მოინანია დანაშაული, იგი ბოლო წუთამდე ცდილობდა სასამართლოს და ნაფიცი მსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
მის ერთადერთ მიზანს პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან თავის დაღწევა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ადექვატური სასჯელი თავისუფლების უვადო აღკვეთა იყო.“ - აღნიშნა პროკურორმა.
აშშ-ის მოქალაქეები რაიან და ლორა სმითები საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობდნენ. რაიანი მარნეულში პროექტ Rewoven ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალებში ხალიჩის ქსოვის მივიწყებული ტრადიციის აღორძინებას ემსახურებოდა.
Rewoven პროექტში, 20-ზე მეტი ხალიჩის მქსოველი ქალი იყო დასაქმებული. ქვემო ქართლსა და კახეთში დამზადებული ხალიჩები საერთაშორისო ბაზარზე იყიდებოდა.
ლორა სმითი განათლების სამინისტროს პროექტ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა.
ოჯახმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს „საგამონაკლისო წესით“ მიიღო. სმითები პროტესტანტი ქრისტიანები იყვნენ, მათი ცხედრები აშშ-ში გადაასვენეს და არიზონის შტატში მიაბარეს მიწას.
უვადო პატიმრობამისჯილი მალხაზ კობაური ოკუპირებული ახალგორიდან, სოფელ საძეგურიდან დევნილი ოჯახიდან არის. 2008 წლის ომის შემდეგ, იგი დედ-მამასთან და ხუთ დედმამიშვილთან ერთად, ჯერ თბილისში გამოიქცა, შემდეგ სოფელ წილკანში დასახლდა.
ფინანსური პრობლემების გამო, კობაურმა წილკნის საჯარო სკოლაში არ იარა, ამის გამო, მოსწავლის სტატუსი შეუჩერეს და საშუალო განათლება არ მიუღია. ოჯახთან შეთანხმებით, მან მწყემსად მუშაობა მეშვიდე კლასში დაიწყო.
„გთხოვ, სიმართლე თქვი, მახო“მარინა ნატრიაშვილი, მალხაზ კობაურის დედა
კობაურების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, მწყემსის მამა წარსულში მეუღლის დაჭრისთვის იყო გასამართლებული და ციხეში რამდენიმე წელი გაატარა.
სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კობაურის დედა მარიამ ნატრიაშვილი ცუდად გახდა. დედამ არაერთხელ მიმართა სასამართლოზე შვილს, რომ სიმართლე ეთქვა - „გთხოვ, სიმართლე თქვი, მახო“
მოგვიანებით, მალხაზ კობოურის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სასჯელს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საქართველოს კანონმდებლობით, მალხაზ კობაურს მხოლოდ 15 წლის შემდეგ, ანუ 2034 წელს შეეძლება მოითხოვოს, რომ მისი სასჯელი გადაიხედოს. იმ დროისთვის, იგი 35 წლის იქნება.
ლორა და რაიან სმითებს პირველი შვილი საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში დაეღუპათ და აქვე დაკრძალეს. ოჯახის ახლობლების თქმით, სმითები სწორედ ამ მიზეზით, ქელების დაბადების შემდეგაც კი არ დაბრუნდნენ აშშ-ში.
Facebook Forum