ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიდან იწყება ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტი?


ბრძოლა ისრაელსა და "ჰამასს" შორის, რომელიც შაბათს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო, კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ესკალაციაა, თუმცა არა პირველი. 70 წლის განმავლობაში ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება ხშირი იყო, რამაც გარე ძალების ყურადღება მიიპყრო და ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია მოახდინა.

საიდან წარმოიშვა კონფლიქტი?

საწყისი 1948 წლის 14 მაისია, როცა ისრაელის დამფუძნებელმა მამამ დევიდ ბენ-გურიონმა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა. ისრაელი იყო უსაფრთხო თავშესაფარი დევნილი ებრაელებისთვის. ებრაელები "ჰოლოკოსტის" შემდეგ, რომლის დროსაც 6 მილიონი ებრაელი იქნა მოკლული, ეძებდნენ სახლს მიწაზე, რომელთანაც მათ თაობების განმავლობაში ღრმა კავშირები ჰქონდათ.

ამ დღეს პალესტინელები "ნაკბას" უწოდებენ, რაც კატასტროფას ნიშნავს. ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ მათ მიზნებს სახელმწიფოებრიობის შესახებ საფრთხე შეუქმნა.

ისრაელის შექმნიდან ერთი დღის თავზე, მას მეზობლებმა ომი გამოუცხადეს. ომის დროს, ინგლისის ყოფილი პალესტინის პროტექტორატის ტერიტორიიდან, არაბი მოსახლეობის ნახევარი ქვეყნიდან გაიქცა. 700 000 პალესტინელმა თავი შეაფარა ღაზას სექტორს, აღმოსავლეთ იერუსალიმს, იორდანიას, ლიბანსა და სირიას.

ისრაელი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეა უარყოფს ინფორმაციას, რომ მათ განდევნეს პალესტინელები. ებრაელები ხაზს უსვამენ, რომ მათ ხუთი არაბული სახელმწიფო დაესხა თავს მას შემდეგ რაც ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ომი 1949 წელს შეჩერდა ზავით, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა.

პალესტინელები, რომლებიც დარჩნენ, ამ დროისთვის ისრაელის მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენენ.

რა ომები მოხდა მას შემდეგ?

ომი 1967 წელს განახლდა, როცა ისრაელმა ეგვიპტესა და სირიაზე პრევენციური იერიშები მიიტანა. მაშინ ომი 6 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მას შემდეგ ისრაელმა დაიკავა დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომელიც მოიპოვა იორდანიისგან და სირიის გოლანის სიმაღლეები.

1973 წელს ეგვიპტემ და სირიამ ისრაელის პოზიციებს შეუტიეს სუეცის არხის და გოლანის სიმააღლეების გასწვრივ, რითიც დაიწყო "იომ-ქიპურის ომი". ისრაელმა მაშინ სამ კვირაში შეძლო შეტევის მოგერიება.

1982 წელს ისრაელი ლიბანში შეიჭრა, ადგილზე "პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციის" (PLO) და "ისრაელის თავდაცვის ძალებს" შორის განგრძობითი შეტაკებების ფონზე. 10 კვირის განმავლობაში მათ ალყაში მოაქციეს იასირ არაფატი და ათასობით პალესტინელი, რომელთა ევაკუაციას მოგვიანებით შეერთებული შტატების და საერთაშორისო მშვიდობისმყოფელების შუამდგომლობით მოხდა.

2006 წელს ლიბანში ომი კვლავ განახლდა, შიიტი დაჯგუფება "ჰეზბოლას" მებრძოლებმა ორი ებრაელი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს, რასაც ისრაელმა უპასუხა.

2005 წელს ისრაელმა ღაზას სექტორი დატოვა, რომელიც მან 1967 წელს ეგვიპტესთან ბრძოლის შემდეგ დაიკავა. თუმცა ღაზაში შეტაკებები მას შემდეგ გრძელდება.

ომების გარდა ადგილი ქონდა პალესტინელთა ორ აჯანყებას, ე.წ. "ინტიფადას" 1987-1993 და 2000-2005 წლებში.

მშვიდობის დამყარების მცდელობები

1979 წელს ეგვიპტემ და ისრაელმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც 30 წლიანი მტრობა დაასრულა. 1993 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცხაკ რაბინმა და არაფატმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, როცა "ოსლოს შეთანხმებით" პალესტინის შეზღუდული ავტონომიაზე შეთანხმდნენ. 1994 წელს ისრაელმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას იორდანიასთან. 1995 წელს ისრაელელემა ულტრანაციონალისტმა, რომელიც შეთანხმებას ეწინააღდეგებოდა, რაბინი მოკლა.

2000 წელს კემპ დევიდში, მერილენდის შტატში, ამერიკის შუამდგომლობით გამართულ სამიტზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და არაფატმა სამშვიდობო შეთანხმებაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. პროცესში ჩართული იყო ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

2002 წელს ისრაელს არაბული გეგმა შესთავაზეს, რაც ყველა არაბულ ქვეყანასთან ისრაელის ურთიერთოებების ნორმალიზებას ითვალისწინებდა, თუ ისრაელი გაიყვანდა ჯარებს 1967 წელს ომის დროს დაკავებული ტერიტორიებიდან. შეთანხმება პალესტინელი ლტოლვილებისთვის „სამართლიან გადაწყვეტასაც“ მოიცავდა.

სამშვიდობო ძალისხმევა 2014 წლის შემდეგ შეჩერებულია, მას შემდეგ რაც ვაშინგტონის მცდელობის მიუხედავად ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მოგვიანებით პალესტინელებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. პალესტინელებმა მაშინ მიზეზად ამერიკის პოლიტიკის ცვლილება დაასახელეს, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ითვალისწინებდა. ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო ფორმულით პალესტინის სახელმწიფოს შექმნა გათვალისწინებულია იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელმა 1967 წელს დაიპყრო.

რა ეტაპზეა სამშვიდობო ძალისხმევა დღეს?

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს ახლო აღმოსავლეთში „დიდი გარიგების“ უზრუნველყოფის მცდელობაზე, რომელიც მოიცავს ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

მიმდინარე კვირაში დაწყებული ომი დიპლომატიური კუთხით უხერხულობას ქმნის, უკვე არსებული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.

ძირითადი, პრობლემური საკითხები

ისრაელსა და პალესტინას შორის პრობლემური რამდენიმე ძირითადი საკითხია, იქნება ეს: ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა, 1967 წელს დაპყრობილი ტერიტორიები, იერუსალიმის სტატუსი, ებრაული დასახლებები თუ ლტოლვილების თემა.

  • ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა - ეს არის შეთანხმება რომელიც შექმნის სახელმწიფოს პალესტინელებისთვის დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში ისრაელთან ერთად. თუმცა ჰამასი უარყოფს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას, მის მებრძოლებს ფიცი აქვთ დადებული, რომ ისრაელს გაანადგურებენ. ისრაელის ოფიციალური პოზიციაა, რომ თუ პალესტინის სახელმწიფო შეიქმნება ის უნდა იყოს დემილიტარიზებული, რათა ისრაელს საფრთხე არ დემუქროს.
  • დასახლებები - ბევრი ქვეყანა უკანონოდ მიიჩნევს ებრაულ დასახლებებს, რომელიც ისრაელმა 1967 წელს ოკუპირებულ მიწებზე ააშენა. ისრაელი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ამ მიწებთან ებრაელ ხალხს ისტორიული და ბიბლიური კავშირი აქვს. ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკამათო თემაა, ისრაელს, პალესტინელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის.
  • იერუსალიმი - პალესტინელებს სურთ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომელიც მოიცავს მუსულმანების, ებრაელებისა და ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილებს იყოს მათი სახელმწიფოს დედაქალაქი. ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმი უნდა დარჩეს მის „განუყოფელ მარადიულ დედაქალაქად“. ისრაელის პრეტენზია იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილზე საერთაშორისო დონეზე აღიარებული არ არის. 2018 წელს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო, იმის დაკონკრეტების გარეშე თუ რა ნაწილს მოიცავს ის და ამერიკის საელჩოც სწორედ იერუსალიმში გადაიტანა.
  • ლტოლვილები - დღეს დაახლოებით 5.6 მილიონი პალესტინელი ლტოლვილია. ძირითადი ნაწილი მათი შთამომავალია, ვინც ისრაელი 1948 წელს დატოვა. მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს იორდანიაში, ლიბანში, სირიაში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. რეგისტრირებული ლტოვლილების ნახევარი რჩება მოქალაქეობის არმქონედ, ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ ბევრი ბანაკებში ცხოვრებას აგრძელებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG