ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"როიტერის" ცნობით, ყატარი "ჰამასსა" და ისრაელს შორის შუამდგომლობს


ყატარის შუამავლებმა მოლაპარაკებები მოითხოვეს იმ ისრაელელი ქალებისა და ბავშვების გასათავისუფლებლად, რომლებიც "ჰამასის" მებრძოლებმა გაიტაცეს. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან, 36 პალესტინელი ქალი და ბავშვი უნდა გათავისუფლდეს. ინფორმაციას, წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა "ჰამასსა" და ისრაელის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში, მათ შორის, პატიმრების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით, მისი შუამავლობა.

მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელსაც ყატარი აწარმოებს, შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით შაბათს ღამის შემდეგ "დადებითად მიდის", თქვა წყარომ, რომელიც მათ შესახებ იყო ინფორმირებული.

"ამჟამად, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ყველა მხარესთან. ჩვენი პრიორიტეტები სისხლისღვრის დასრულება, პატიმრების გათავისუფლება და კონფლიქტის რეგიონალური გავრცელების გარეშე შეწყვეტაა", - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაჯედ ალ-ანსარმა "როიტერს", დამატებითი დეტალების გარეშე.

თუმცა, ცნობას ისრაელი არ ადასტურებს. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა "როიტერის" ინფორმაციაზე პასუხად თქვა, რომ: „მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“.

ისლამისტური ჯგუფი შაბათს თავს დაესხა ისრაელს ღაზადან, შეიჭრა ქალაქებსა და სოფლებში, მოკლა 700-ზე მეტი ისრაელელი და გაიტაცა ათობით მძევალი.

დეტალები მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ფოკუსირებულია ისრაელის ციხეებიდან 36 პალესტინელის გათავისუფლებაზე, ადრე არ გავრცელებულა.

ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების რაოდენობა ასევე გაურკვეველია.

შაბათიდან მოყოლებული, "ჰამასის" მიერ კონტროლირებად ღაზაზე, ისრაელმა ინტენსიური საპასუხო დარტყმები განახორციელა. თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზის ბლოკადა გამკაცრდება, რათა არ მოხდეს საკვებისა და საწვავის შეტანა სექტორში.

ამასთან, ეგვიპტე მჭიდრო კავშირშია ისრაელთან და "ჰამასთან", რათა თავიდან აიცილოს მათ შორის ბრძოლის შემდგომი ესკალაცია და უზრუნველყოს ისრაელელი მძევლების უსაფრთხოება, - განაცხადა ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურებიდან ორმა წყარომ.

ეგვიპტემ ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა, ხოლო "ჰამასს" ტყვეების კარგ მდგომარეობაში ყოლისკენ. ყატარს პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი აქვს "ჰამასსთან". ყატარის ელჩები, ისლამისტურ ჯგუფსა და ისრაელს შორის, აქამდეც შუამდგომლობდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG