ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება ისრაელში - „ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ "ჰამასს" აღარ ექნება სამხედრო შესაძლებლობები"


ისრაელის ძალები ღაზის სექტორის საზღვართან. 9 ოქტომბერი, 2023 წ.
ისრაელის ძალები ღაზის სექტორის საზღვართან. 9 ოქტომბერი, 2023 წ.

ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ მათ ღაზის სექტორში ასობით საჰაერო თავდასხმა განახორციელეს დაჯგუფება "ჰამასის" სამიზნეებზე. ისრაელის ჯარები იბრძვიან იმისთვის, რომ სამხრეთ ისრაელიდან ტერორისტული დაჯგუფების მეომრები განდევნონ.

9 ოქტომბრის დილით, ისრაელის არმიის სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰექტმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბრძოლები კვლავ გრძელდებოდა ისრაელის რვიდან შვიდ პუნქტში. მისი განცხადებით, შაბათს დილით დაწყებული იერიშების მოგერიებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა.

ისრაელის სამხედრო მეთაურობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა დაადასტურა, რომ ისრაელმა მობილიზაციის მიზნით, 300 000 რეზერვისტი გამოიძახა. „ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ ამ ომის დასასრულს, "ჰამასს" აღარ ექნება სამხედრო შესაძლებლობები, რათა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას დაემუქროს“, - თქვა კონრიკუსმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. „გარდა ამისა, ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ "ჰამასი" ვერ შეძლებს ღაზის სექტორის მართვას".

ისრაელი აცხადებს, რომ მათ "შეტევაზე გადასვლამდე", რეზერვისტების უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზება შეძლეს. ისრაელის არმიის მთავარმა სპიკერმა, ადმირალმა დენიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისრაელმა აღადგინა კონტროლი ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე, სადაც "ჰამასის" მებრძოლები შაბათს შეიჭრნენ. ორშაბათის მონაცემებით, ისრაელმა დაბრუნებული ტერიტორიის ნაწილის გაწმენდა დაიწყო. იქ დღეს "ჰამასის" მებრძოლებს ეძებდნენ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორს "სრულ ბლოკადაში" მოაქცევს. ის იმუქრება, რომ სექტორის მოსახლეობას "შეუწყდება წვდომა ელექტროენერგიაზე, საკვებზე, საწვავზე, წყალზე, ყველაფერზე".

ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს. ღაზის სექტორში კი, ორშაბათს შუადღის მონაცემებით, 500 ადამიანია დაღუპული. ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი დაშავდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ცხრა ამერიკელია და აშშ-ის სხვა მოქალაქეები უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაღუპულთა შესახებ ცნობას საქართველოც ადასტურებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ისრაელში ორი ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელია.

ისრაელში დაღუპულთა შორის ასევე არიან ადამიანები ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ნეპალიდან, ტაილანდიდან, თუ უკრაინიდან, აცხადებენ ამ სახელმწიფოთა ოფიციალური პირები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზის სექტორში 123 000-ზე მეტ პალესტინელს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორის საჰაერო და სანაპირო სივრცეს, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მეორე მხრიდან ღაზას ეგვიპტე ესაზღვრება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG