ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ისრაელზე "ჰამასის" მიერ მიტანილ იერიშს ეხმაურება


ღაზის სექტორი, 8 ოქტომბერი, 2023 წ.
ღაზის სექტორი, 8 ოქტომბერი, 2023 წ.

7 ოქტომბრის დილით, პალესტინელთა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე ზედიზედ რამდენიმე იერიში მიიტანა. ისრაელის ცნობით, შაბათს დაწყებული შეტევის შედეგად, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა კვირისთვის უკვე 600-ს გადააჭარბა, დაჭრილთა რაოდენობა კი 2 000-ზე მეტია. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოს ქვეყნები ისრაელზე "ჰამასის" მხრიდან მიტანილ, ბოლო წლების ყველაზე დიდ იერიშს ეხმაურებიან.

აშშ
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცალსახად დაგმო „ჰამასის ტერორისტების“ თავდასხმა და განაცხადა: „მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რომ მზად ვართ, შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობას და მის ხალხს. ტერორიზმი არასდროსაა გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და თავისი ხალხი... ჩემი ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია“.

"ტერორიზმის გამართლება არ არსებობს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობას და ხალხს და ვუსამძიმრებთ ისრაელს ამ თავდასხმებში დაღუპულთა გამო", - თქვა ენტონი ბლინკენმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მის განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

განცხადება პენტაგონმაც გაავრცელა. „უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან საკუთარი თავის და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ესაჭიროება“ - ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

ბრიტანეთი

ლონდონში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ „გაერთიანებული სამეფო ცალსახად გმობს "ჰამასის" საზარელ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი“ - თქვა კლევერლიმ.

გაერო

თორ უენესლენდი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობის დესპანი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამბობს: "ეს არის სახიფათო უფსკრული და მივმართავ ყველას, რომ მისი კიდიდან უკან დაიხიონ".

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა კი განაცხადა: „ეს თავდასხმა საშინლად მოქმედებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე... მშვიდობიანი მოქალაქეები თავდასხმის სამიზნე არადროს არ უნდა გახდნენ“.

პალესტინელთა პრეზიდენტი

მაჰმუდ აბასის, პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის თქმით, მის ხალხს აქვს უფლება თავი დაიცვას "მოსახლეების და საოკუპაციო ჯარების ტერორისგან". მის სიტყვებს ადგილობრივი ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA ავრცელებს.

ირანი

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა შაბათს პალესტინელ მებრძოლებს მილოცვა გაუგზავნა. ადგილობრივი ნახევრადოფიციალური ახალი ამბების სააგენტოს ISNA ცნობით, იაჰია რაჰიმ საფავიმ თქვა: „ჩვენ ვიდგებით პალესტინელი მებრძოლების გვერდით პალესტინისა და იერუსალიმის განთავისუფლებამდე“. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, სადაც პარლამენტის წევრები თავიანთი ადგილებიდან წამოდგნენ და სკანდირებდნენ „სიკვდილი ისრაელს“.

ჩინეთი

პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს მოუწოდა „შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად“. განცხადება ასევე ამბობს: „კონფლიქტის გადაჭრის ფუნდამენტური გზა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილების დანერგვაზე და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე გადის“.

გერმანია

"საშინელი ამბები მოგვდის ისრაელიდან. ძალზე შოკირებული ვართ ღაზიდან წამოსული სარაკეტო ცეცხლით და მზარდი ძალადობით. გერმანია გმობს "ჰამასის" ამ თავდასხმებს და მხარს უჭერს ისრაელს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სოციალურ მედიაში.

საფრანგეთი

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მკაცრად გმობს თავდასხმებს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. „სრულ სოლიდარობას გამოვხატავ მსხვერპლთან, მათ ოჯახებთან და მათ ახლობლებთან“ - აცხადებს საფრანგეთის ლიდერი.

თურქეთი

"ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.

რუსეთი

მოსკოვიც მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ბოგდანოვის თქმით, კრემლი კონტაქტშია ისრაელთან, პალესტინელებთან და არაბულ ქვეყნებთან.

ევროპის კავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მომხდართან დაკავშირებით ამბობს: ”ცალსახად ვგმობ ისრაელის წინააღმდეგ "ჰამასის" ტერორისტების თავდასხმას. ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საძაგელი ფორმით".

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ამბობს, რომ "მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად გამოყენება ყველა კანონის აშკარა დარღვევაა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ გათავისუფლებაში ჩემი წვლილი შევიტანო", აცხადებს ის.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG