ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზავი შეწყდა, ღაზის სექტორში ომი განახლდა


ისრაელის თითქმის ორთვიანი ომი ჰამასის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადადის. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ღაზის სექტორში კვლავ აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ე.წ. ზავის დასრულების შემდეგ, ისრაელმა საცეცხლე წერტილებზე ინტენსიური იერიშები მიიტანა.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ ისრაელის ახალ იერიშებს 109 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათობით დაშავდა.

სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ყველაზე მასშტაბური იერიშები განხორციელდა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან-იუნისში და რაფაში, სადაც ჩრდილოეთ ღაზიდან დევნილი პალესტინელები აფარებდნენ თავს. თუმცა, იერიშები ასევე მიიტანეს ანკლავის ცენტრალურ ნაწილსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში.

დაბომბვებამდე ღაზის სამხრეთ ქალაქებში ისრაელმა თვითმფრინავებიდან ფურცლები გადმოყარა, სადაც იყო მოწოდება მშვიდობიან პალესტინელებს ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან ეს უსაფრთხო ზონა არ იყო.
„თქვენ უნდა გააგრძელოთ ევაკუაცია რაფაჰის რაიონში. ხან-იუნისი სახიფათო საბრძოლო ზონაა“,- ეწერა ფურცლებზე.

განახლებული ომის შემდეგ „როიტერის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ ათასობით პალესტინელი უსაფრთხო თავშესაფარის პოვნას ცდილობს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა ღაზის სექტორში ისრაელის ომი გაფართოვდეს და გასცდეს ჩრდილოეთ ღაზას, სადაც ამ დროისათვის ისრაელ-„ჰამასის“ ომის მთავარი ეპიცენტრია. პალესტინელები ფიქრობენ, რომ თუ ისრაელის ომი გაფართოვდა და ღაზის სამხრეთი ნაწილი სრულად მოიცვა, წასასვლელი აღარსად ექნებათ.

ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ მათ შეიმუშავეს გეგმა და დაყვეს ღაზის სექტორი უსაფრთხო და საფრთხისშემცველ ტერიტორიებად. მათ სპეციალური რუკაც შექმნეს, რომელიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი.

ზავის დასრულების შემდეგ, იერიშები განაახლა „ჰამასმაც“. გვიან ღამით ისრაელის რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. „ჰამასის“ მთავარი სამიზნე ამჯერად ღაზის სექტორის მოსახზღვრე ისრაელის ქალაქები იყო. ამ დროისთვის დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „როიტერის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ისრაელის საჰაერო თავდაცვითი სისტემა, ე.წ. რკინის გუმბათი აქტიურად მუშაობდა.

ისრაელმა "ჰამასს" ომი 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. "ჰამასის" მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს, გაიტაცეს 200-ზე მეტი ადამიანი და მოკლეს 1400-მდე ისრაელის მოქალაქე. მომხდარი ისრაელმა "ტერორისტულ თავდასხმად" შეაფასა და პალესტინელთა ისლამისტურ დაჯგუფებას ომი გამოაცხადა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მხარეებმა ომის დროებით შეჩერება და ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადება შეძლეს. მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, "ჰამასის" მიერ გატაცებული ქალები და ბავშვები ისრაელში დაბრუნდნენ. ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება და "ჰამასი" არ განადგურდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG