ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეხ ვალესას შესახებ ანჟე ვაიდამ ახალი ფილმი გადაიღო


ლეხ ვალესა ამბობს, რომ "ამერიკის ხმის" რადიო-გადაცემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცივი ომის პერიოდში ადამიანების ინფრომირებულობის საკითხში

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ ვალესა ამბობს, რომ ახალ ფილმში, რომელიც მის შესახებ გადაიღეს, კადრს მიღმა მისი ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი დარჩა.

„ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვანი მოვლენებით არის მდიდარი, და შეუძლებელია ეს ორ საათში გადმოსცე“, - ასე აფასებს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი მისი მოღვაწეობის შესახებ შექმნილ ახალ ფილმს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას ერქვა „ლეხ ვალესა- ადამიანი იმედი.“

ნობელის პრემიის ლაურეატი და დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების „სოლიდარობის“ ყოფილი ლიდერი ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში ამერიკის ხმას მოკლედ გაესაუბრა.

ვალესას განცხადებით, რეჟისორმა ანჟეი ვაიდამ შესანიშნავი ფილმი გადაიღო მისი ცხოვრების შესახებ. მისი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის და უბრალო რევოლუციონერის პორტრეტი შექმნა, თუმცა როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ცხოვრების ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი ამ ფილმში არ მოხვედრილა. პოლიტიკურმა აქტივისტმა, რომელმაც 1980 წელს „სოლიდარობის“ მოძრაობა შექმნა, პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობა შეძლო.

კომუნისტური ხელისუფლების დამხობის შემდეგ ლეხ ვალესა პოლონეთის პირველი დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ „ამერიკის ხმამ“ მნიშვნელოვანი როლი როლი ითამაშა ცივი ომის პერიოდში რკინის ფარდის უკან მყოფი ადამიანებისთვის ინფორმირებულობის საკითხში. ლეხ ვალესა ამბობს, რომ ის „ამერიკის ხმის“ მიერ მომზადებულ გადაცემებს რეგულარულად უსმენდა.

„ამერიკის ხმის“ რადიო-გადაცემების გარეშე მე ის არ ვიქნებოდი, რაც ახლა ვარ, ჩვენი გამარჯვების ერთი მესამედი სწორედ „ამერიკის ხმამ“ განაპირობა,“ აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG