ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიის მძიმე ტვირთი რუსეთის სატარებელია


სტივ ჰედლი

საქართველოსთვის იარაღის მიცემით რუსეთის პროვოცირება ამერიკას იმდენად არ აღელვებდა, რამდენადაც საქართველოში ფუჭი უსაფრთხოების შეგრძნების გაჩენა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:11:03 0:00
ბმული

ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი რუსეთ-საქართველოს ომს ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის გადმოსახედიდან აფასებს და საქართველოს ახალ მთარობას რეკომენდაციებს სთავაზობს. სტივ ჰედლის ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა:

ბატონო სტივ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ირანთა უვიზო რეჟიმის დამტკიცება თავის დროზე შეთანხმებული იყო ამერიკის ადმინისტრაციასთან. რას ფიქრობთ ამ ნაბიჯზე? გამართლებული იყო საქართველოსთვის ირანთან უვიზო რეჟიმი? თქვენ, როგორც ყოფილი სახელმწიფო მოხელე, რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე?

მე არ ვიცი რა სახის კონსულტაციები გაიარეს ადმინისტრაციასთან, მაგრამ ამ საკითხს მე იმ ჩარჩოში შევხედავდი, თუ რა არის კარგი საქართველოსთვის. ირანი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ხშირად ერევა საკუთარი მეზობლების საქმეებში. თუ არ გჯერათ ჰკითხეთ ერაყელებს, ავღანელებს, სირიელებს. პირველი საკითხი აქ იმაში მდგომარეობს, გსურთ თუ არა ირანელებს ასე თავისუფლად მიუწვდებოდეთ ხელი თქვენს ქვეყანაზე. მეორე საკითხი კი ის არის, თუ კიდევ ვისთან აქვს საქართველოს უვიზო რეჟიმი რეგიონში და
შეიძლება ომის დაწყებაში ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთი შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში და ომი დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან დაიწყო; საბოლოო ჯამში, ისტორიის მძიმე ტვირთი მაინც რუსეთის სატარებელია.
სტივ ჰედლი
გამომდინარე აქედან, რა გზავნილს ავრცელებს საქართველო ამ ნაბიჯით. სინამდვილეში საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა არის კარგი საქართველოსთვის. ჩემი აზრით, ის, რომ საქართველო გადაწყვეტილების შეცვლას ცდილობს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა გამართლებული სიფრთხილით უდგება ირანელებთან ურთიერთობის გააქტიურებას. ჩემი აზრით, სიფრთხილე აუცილებელია.

თქვენი აზრით, მიიღო თუ არა საქართველოს მთავრობამ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქრტი გამოიწვია? და იქნა თუ არა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის მთავრობის მხრიდან?

ძალიან რთულია ამის თქმა და ისტორია ჯერ ისევ იწერება. ჩემი აზრით, ამერიკის მთავრობის მხრიდან ერთი რამ შეიძლება ითქვას. სიგნალებს, რომლებსაც ვაგზავნიდით, ძირითადად რუსეთის მთავრობისკენ იყო მიმართული. პრეზიდენტ პუტინს ვეუბნებოდით დაენებებინა საქართველოსთვის თავი, რომ ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, პატივი უნდა სცე ამ მთავრობას და არ აჰყვე საქართველოს ლიდერების პროვოკაციებს. ხოლო მესიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობას ვუგზავნიდით იყო ის, რომ გამოგვეხატა დემოკრატიის მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს მთავრობას ვაფრთხილებდით, რომ არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება და არ დაეწყო რაიმე ისეთი, რასაც ვერ დაასრულებდა. რუსეთთან უთანხმოების დაწყების შემთხვევაში, საქართველო მას წარმატებით ვერ დაასრულებდა. ორივე მხრიდან მოხდა არასწორი გათვლების გაკეთება და შედეგი იყო 2008 წლის ტრაგედია.

შედეგი იყო რუსეთის შეჭრა საქართველოში. შეიძლება ომის დაწყებაში ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთი შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში და ომი დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან დაიწყო; საბოლოო ჯამში ისტორიის მძიმე ტვირთი მაინც რუსეთის სატარებელია.

რა იყო ზოგიერთი ეს არასწორი გათვლა?

ჩემი აზრით, ჩვენ ვერ შევნიშნეთ რუსეთის კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ომისთვის მზადება იყო. საქართველოს მხრიდან კი გაჩნდა წარმოდგენა, რომ ქვეყანას შესაძლებლობა ჰქონდა სუვერენიტეტი აღედგინა სამხრეთ ოსეთში. ქართულმა მხარემ იმ მომენტის შესაძლებლობები არასწორედ გათვალა. ორივე მხრიდან უწყვეტმა პროვოკაციებმა და ძალიან ბევრმა არასწორმა გათვლამ შედეგად ომი მოიტანა.

თქვენი აზრით, რა იყო რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზანი საქართველოში შეჭრის დროს?

ჩემი აზრით, ის შეიცვალა. თავდაპირველად მიზანი სააკაშვილისთვის დარტყმის მიყენება იყო. პუტუნსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა პერსონალური უთანხმოების დონეზე იყო გადასული. მეორე მიზანი კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისკენ იყო მიმართული. როდესაც რუსებმა ნახეს, რომ წარმატებას აღწევდნენ, მათი მიზნები გაიზარდა. თავდაპირველი მიზანი სეირი ეჩვენებინათ საქართველოსთვის, გადაიზარდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის შეცვლის სურვილში. პირველად ეს სურვილი გამოიკვეთა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის მაშინდელ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებიდან უნდა წასულიყო. რაისმა მაშინ ეს საჯაროდ დაგმო და სწორედ ამან გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება საქართველოზე.

ამის შემდეგ საქმე აღარ ეხებოდა მხოლოდ ტერიტორიას ან მოსახლეობას, ახლა საქმე ქართული დემოკრატიის გადარჩენაზე იყო მიმდგარი. კარგი ის იყო, რომ რუსეთის ჯარების სვლა თბილისამდე არ-მისული დასრულდა. საქართველოსთვის მოვლენები ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ ის სტრატეგიული მიზანი, რომელიც რუსებმა ომის მსვლელობისას დაისახეს აღარ შესრულდა. ჩემი აზრით, ომის შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობაში და ევროკავშირის სანქციებით, რუსეთს ეს ომი საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ეს კი იმიტომ გაკეთდა, რომ საქართველოს შემდეგ იგივე ბედი შეიძლება გაეზირებინა უკრაინას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. რუსეთის მთავრობას უნდა გაეგო ის, რომ 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის მეთოდები მიუღებელია. იმედია რუსეთმა ეს გაიგო.

2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ თქვენ ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყავით, რომელიც უარს აცხადებდა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვაზე. პრესაში გაკეთებული განცხადებებით მაშინ ჩანდა, რომ შიშობდით, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება კიდევ უფრო დაეძაბა ისედაც ცუდი ურთიერთოება მოსკოვთან. როგორ ამართლებდით მაშინ ამ გადაწყვეტილებას და რას ფიქრობთ ამ საკითხზე დღეს?

მე მოვლენები სხვანაირად მახსოვს... 2008 წლისთვის ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან რამდენიმე საკითხის გამო მნიშვნელოვნად გაუარესდა, თუმცა უმთავრესი მიზეზი იყო რუსეთის დამოკიდებულება „ახლო საზღვარგარეთთან“ და ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ორგანიზაციები რუსეთის სამეზობლოში დემოკრატიულ ქვეყნებს ქმნიდა, რუსეთმა კი ისინი დესტაბილიზაციის წყაროდ აღიქვა. მე ამას არ ვეთანხმები და ეს ჩვენი გათვლა არ იყო, მაგრამ რუსებმა რეალობა ასე მიიღეს. იმას ვამბობ, რომ 2008 წლისთვის რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ჩემი ყოყმანი იარაღთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ჭრილში გამოიხატებოდა. რუსეთს ვაფრთხილებდით, რომ არ აჰყოლოდა საქართველოს პროვოკაციებს, საქართველოს ვაფრთხილებდით, რომ არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება. აი ამ კონტექსტში განვიხილავდით საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას. რეალური შეკითხვა იყო ეს - რუსეთის სამხედრო ძალის უზარმაზარი უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის დამატებითი თავდაცვითი იარაღის მიცემა შეცვლიდა თუ არა სინამდვილეში რამეს და უზრუნველყოფდა თუ არა ქვეყნის უკეთეს დაცვას, თუ პირიქით, ქართველებს მიანიჭებდა ფუჭ თავდაჯერებულობას, რომლის საფუძველზეც მათ შეიძლება რუსეთის პროვოცირება მოეხდინათ. არადა, ჩვენ სწორედ ამის თავიდან აცილებას ვთხოვდით საქართველოს მთარობას. აი ეს იყო კონტექსტი. ჩვენი აზრით, საქართველოსთვის იარაღის მიცემა ვითარებას არ შეცვლიდა. ჩვენ რუსეთის პროვოცირება იმდენად არ გვაღელვებდა, რამდენადაც საქართველოში ფუჭი უსაფრთხოების შეგრძნების გაჩენა. აი ამით ვამართლებდით ამ გადაწყვეტილებას.

მას შემდეგ საქართველოსთვის იარაღის აქტიური გადაცემა არ ხდება. მდგომარეობა დღესაც მსგავსია? ახლანდელ ადმინისტრაციასაც იგივე პოლიტიკა აქვს?

არ ვიცი რას ფიქრობს ადმინისტრაცია. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ არის ის, რომ საკუთარი თავი არ აღიქვან, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე გამყოფი ხაზი და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ერთ-ერთი ელემენტი. ეს მცდარი შეხედულებაა. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის შიგნით უნდა გააკეთოს კონცენტრაცია, ქვეყნის მოსახლეობისთვის საუკეთესო რამ ეკონოიკურად განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის აშენება იქნება. საბოლოო ჯამში სწორედ ეს გადაწყვეტს იმას, შემოუერთდება თუ არა საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. საბოლოო ჯამში, მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა ჯობია მის გარეთ ყოფნას. საქართველო უნდა გახდეს რეგიონის კონსტრუქციული წევრი. ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს ცივი ომის დროინდელ ძალთა დაყოფაზე ფიქრი და საკუთარ დემოკრატიაზე, ეკონომიკურ წარმატებასა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზე იზრუნოს.

რა რეკომენდაციები გაქვთ საქართველოს მთავრობისთვის იმ შეხედულებების ფონზე, რომლებიც მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირების ჩამოყალიბდა?

ჩემი აზრით, სირთულეც და შესაძლებლობაც საქართველოსთვის ის არის, რაც ახალი დემოკრატიების უმრავლესობას უჩნდება. დემოკრატიულად არჩეული პირველი მთავრობა შეცდომებს უშვებს, შემდეგ მოდის ახალი მთავრობა, რომელიც, ფაქტობრივად, შურს იძიებს პირველზე და მის დისკრედიტაციას ცდილობს. ეს ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს არა დემოკრატიასთან, არამედ ანგარიშსწორებასთან იმ მიზნით, რომ განადგურდეს პირველი პარტია და გაძლიერდეს მეორე. ჩემის აზრით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს გაარღვიოს ეს წრე. ვიდრე იმ ადამიანების წინააღმდეგ სამართლიანობის აღდგენაზე დაიწყება ლაპარაკი ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა შეიცვალოს ინსტიტუტები. ყურადღება უნდა გამხვილდეს ინსტიტუტების შეცვლაზე, სასამართლო სისტემაზე, პროკურატურაზე, კანონის უზენაესობაზე.

დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა შეიქმნას დემოკრატიული ინსიტუტები, რომელთა მიმართ ნდობა ექნება როგორც ქართველ ხალხს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას. მას შემდეგ, რაც ეს სისტემები შეიქმნება, მთავრობას შეუძლია თქვას, რომ წინა ადმინისტრაციამ დანაშაული ჩაიდინა და ჩვენ ამას თავს ამ ახალი სასამართლო სისტემით გავართმევთ. იგივეს გავაკეთებთ ჩვენი გუნდის წევრების წინააღმდეგაც, როცა ისინი დანაშაულს ჩაიდენენ - და გარწმუნებთ, ისინი დანაშაულს აუცილებლად ჩაიდენენ. ერთის მხრივ ყველაზე კარგი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ საქართველომ შექმნას ასეთი სისტემა და შემდეგ ვიღაცამ ახლანდელი მთავრობიდან ჩაიდინოს დანაშაული და მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ახალ სისტემაში გამჭვირვალედ დადგეს. ამის შემდეგ ახალი მთავრობის მიმართ გაჩნდება ნდობა და შეხედულება, რომ მართლმსაჯულება არის არა-პოლიტიკური. ასეთ მართლმსაჯულებას კი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაშიც მეტი ნდობა ექნება.

ბატონო სტივ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
XS
SM
MD
LG