ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმატებული „გადატვირთვა“


წარმატებული „გადატვირთვა“
წარმატებული „გადატვირთვა“

რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ორწლედი

გუშინ კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდმა რუსეთ-ამერიკის თანამედროვე ურთიერთობაზე უმასპინძლა შეხვედრას. მომხსენებელი გახლდათ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ცენტრალური აზიის საქმეთა მიმართულების დირექტორი მაიკლ მაკფოლი, ხოლო მოდერატორი კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი, ყოფილი ელჩი რუსეთში ჯეიმს კოლინსი.

ბატონი მაკფოლის გამოსვლა მთლიანად მიეძღვნა შეერთებული შტატების და რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას, რომელიც უკვე „გადატვირთვის პოლიტიკის“ სახელითაა ცნობილი. მაკფოლმა თავის მოხსენების გასამყარებლად ილუსტრაციებიც წარმოადგინა. ელექტრონულ პრეზენტაცია იწყებოდა იმ ფაქტების ჩამონათვალით, რაც წინ უსწრებდა ორ სუპერსახელმწიფოს შორის გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებას. მაკფოლის თქმით, ეს იყო რუსეთის გარშემო შექმნილი ვითარება, კერძოდ, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კონფლიქტები 2006 წელს, კიბერნეტიკული ომი - 2007 წელს და ბოლოს სამხედრო კონფლიქტი 2008 წელს.

მაკფოლმა აღნიშნა, რომ გადატვირთვის პოლიტიკის დაწყების წინაპირობა გავლენის სფეროებზე ორივე სახელმწიფოს უარი გახდა. მათ ასევე უარყვეს ცენტრალური აზიაში ე.წ. დიდი თამაშის არსებობა. გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში შეერთეული შტატები აქტიურად თანამშრომლობს როგორც რუსეთის მთავრობასთან, ასევე რუსულ საზოგადოებასთან. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები, არა მხოლოდ პრეზიდენტებს შორის, არამედ მთავრობის წევრებს შორისაც. სამუშაო რეჟიმში ურთიერთობენ კლინტონი და ლავროვი, გეითსი და სერდიუკოვი, უშიშროების საბჭოების ხელმძღვანელები და ა.შ. რაც შეეხება თავად პრეზიდენტებს, ობამამ და მედვედევმა ორი წლის მანძილზე უკვე 10 შეხვედრა გამართეს. მაკფოლმა გადატვირთვის პოლიტიკის შედეგებზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვჯერა რომ ორი წლის მანძილზე ბევრ კონკრეტულ შედეგს მივაღწიეთ. ეს არის „სტარტის“ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა და იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე იქნება რატიფიცირებული. და მე მინდა ყველა აქ მსხდომი გაგამხნევოთ ამის შესახებ. შესაძლოა ეს მე არ უნდა მეთქვა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ასე იქნება,“ - განაცხადა მაკფოლმა.

მეორე მიღწევად მან დაასახელა ავღანეთი, სადაც რუსეთმა და ამერიკამ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს მჭიდრო თანამშღომლობის დაწყებაზე, მაკფოლმა კონკრეტული ციფრებიც მოიყვანა. წელს რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით ავღანეთში განხორციელდა 690 გაფრენა, ასევე რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთის მიმართულებით, და უკან, იმგზავრა 111 ათას 960-მა ამერიკელმა ჯარისკაცმა და გადაიზიდა 19 500 კონტეინერი. ასევე ამ გადატვირთვის პოლიტიკის მიღწევებად მაკფოლმა დაასახელა შუა აზიაში და კერძოდ ყირგიზეთში ერთობლივი და შეთანხმებული მოქმედება. ირანის საკითხში პოზიციების შეჯერება და ისტორიული რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მხარდაჭერით.

ასევე პირველად მოხდა „ცივი ომის“ პერიოდის ჩათვლით, რომ რუსეთმა ირანს „ეს-300“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი უთხრა.

გარდა ამისა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გააქტიურების პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს ნატო-რუსეთის დაახლოვება და ამასაც შეგვიძლია ნატო-რუსეთის „გადატვირთვის პოლიტიკა“ დავარქვათ.

ბატონმა მაკფოლმა რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცაიში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. პოზიციები რომ უკვე შეჯერებულია და ამერიკა მხარს უჭერს რუსეთის ამ ორგანიზაციაში შესვლას, ესეც გადატვირთვის პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთი მაგალითია.

„ჩვენ რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კარგ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე სამუშაო ნაწილზე გადავალთ. ერთი ნაწილი რაც არის დარჩენილი, ეს არის ის რომ, საქართველომ და რუსეთმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაკფოლმა. საქართველოსთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომლის მიხედვთაც არ ვარჩევთ საქართველოსთან ურთიერთობას რუსეთთან ურთიერთობას ან პირიქით. და ჩვენ ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ჩვენ ასეთ თამაშს არ ვთამაშობთ,“ - განაცხადა მაკფოლმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ძირეული შეუთანხმებლობა აქვს რუსეთის მთავრობასთან საქართველოს საკითხზე და ამერიკა მოქმედებს ისე, როგორც მისი ევროპელი მოკავშირეები. თუმცა, ამის პარალელურად ამერიკას სურს რუსეთთან მუშაობაც კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG