ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახსენით ჭიშკარი ანუ მე ბერლინელი ვარ


გახსენით ჭიშკარი ანუ მე ბერლინელი ვარ
გახსენით ჭიშკარი ანუ მე ბერლინელი ვარ

ბერლინის კედლის ისტორია

1961 წლის 13 აგვისტოს მსოფლიოში რკინის ფარდა გაჩნდა. ერთ დილას, ქალაქი ბერლინი ორ ნაწილად გაყოფილი აღმოჩნდა. ბერლინის კედელმა 20, 315 დღე გაძლო. 28 წლის განმავლობაში ის აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას ერთამეთისგან ყოფდა. „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის კორესპონდენტებმა სერგეი მოსკალევმა და ულიანა საფრონოვამ ბერლინის კედლის ისტორია გაიხსენეს.

ბერლინის კედლის ნატეხი ვაშინგტონში ახალი ამბების მუზეუმშიც არის შემონახული. ხანგრძლივი დროის მანძილზე კედელი ორ მსოფლიოს შორის „რკინის ფარდად“ იქცა. ერთი სამყარო თავისუფლებაში ცხოვრობდა, ხოლო მეორე ფარდის მიღმა.

ბერლინის კედელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა. თუმცა მანამდე, 1949 წელს, აღმოსავლეთ ბერლინი საბჭოთა ოკუპირებული ზონის, იგივე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დასავლეთ ბერლინს კი შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის არმიები აკონტროლებდნენ.

მანამდე მიღებული იყო, რომ ბერლინელებს ეცხოვრათ დასავლეთ ნაწილში და ემუშავათ აღმოსავლეთში, ანდა პირიქით. ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარ მილიონ ბერლინელს უხდებოდა სოციალიზმიდან კაპიტალიზმში მოგზაურობა. მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი 1961 წლის 13 აგვისტოს დაესვა. წინა ღამით ორ ბერლინს შორის საზღვარი ჩაიკეტა, ხოლო მეორე დილით ბერლინელებს სხვა სანახობა დახვდათ. ქალაქი მავთულხლართებით და მიწის თხრილებით იყო გაყოფილი. ყველგან სამხედროები იდგნენ. ყველაზე უჩვეულო კი ბერლინელებისთვის მავთულხლართების კედელი იყო - რომელმაც ქალაქი ორ ნაწილად გაყო.

რა გახდა კედლის აღმართვის მიზეზი? ალბათ ის, რომ დასავლეთ ბერლინი საბჭოთა კავშირისთვის და აღმოსავლურ გერმანული რეჟიმისთვის მუდმივი თავისტკივილი გახდა. მოსახლეობას კომუნისტური გერმანიის დატოვების სურვილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა, დასავლეთის თავისუფალი საბაზრო იდეოლოგია აღმოსავლეთ ბერლინისთვის უფრო მიმზიდველი ხდებდა, ეს კი აღმოსავლეთ გერმანიისთვის არც თუ სასიამოვნო ფაქტი იყო. პირიქით, მათ სტაბილურობას საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომაც, მოსკოვთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლებამ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

თავდაპირველად მოსახლეობამ ორივე მხრიდან სცადა გამყოფი ხაზის გარღვევა. მათი მცდელობა აღმოსავლეთ გერმანიის ჯარისკაცებმა და პოლიციელებმა აღკვეთეს.

ამ ფაქტმა დასავალეთის აღშფოთება გამოიწვია. ქალაქში დაძაბულობამ იმატა. ამ ყველაფრის შედეგი კი ე.წ. ბერლინის კრიზისი აღმოჩნდა, რომელმაც საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთერთი მწვავე კონფრონტაციის სახე მიიღო.

28 ოქტომბერს ამერიკის სამხედრო ჯიპებმა, ბულდოზერებმა და ტანკებმა გეზი დასავლეთ სექტორიდან ბრანდებურგის კარიბჭისკენ აიღეს. მათ ზღუდების დანგრევა ქონდათ განზრახული. თუმცა ამერიკელთა შესახვედრად საბჭოთა ტანკები დაიძრნენ. ეს კრიზისის პიკი იყო. მთელი ღამის განმავლობაში ამერიკული და საბჭოთა ტანკები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. დილით ორივე მხარემ უკან დაიხია. ამით მოულოდნელი კრიზისი დასრულდა. ერთი რამე ნათელი გახდა - ბერლინის კედელი კიდევ დიდხანს იდგებოდა, რაც ცივი ომის სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველად კედელს მავთულხლართების სახე ქონდა, რომელიც მოედნებს, ხიდებს და შენობებს ყოფდა. 1962 წელს პარალელური კედელი აღიმართა. 1975 წელს კი ბერლინში ახალი კედელი ააშენეს, რომელზეც 45 ათასი ცემენტის ბლოკი დაიხარჯა. კედელმა 20 315 დღე გაძლო. ასობით ადამიანი, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადასვლას შეეცადა - დაიღუპა.

გახსენით ჭიშკარი ანუ მე ბერლინელი ვარ
გახსენით ჭიშკარი ანუ მე ბერლინელი ვარ

დასავლეთ სამყარო თავისუფალი მოძრაობის მხარდამჭერად დარჩა. ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის სიტყვები ბერლინელების მეხსიერებაში დღემდე შემორჩა:

„თავისუფალი სამყარო ამაყობს სიტყვებით - მე ბერლინელი ვარ“.

1987 წელს მსოფლიომ კიდევ ერთი ფრაზა აიტაცა, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირის ლიდერს მიხაილ გორბაჩოვს მიმართა:

„მისტერ გორბაჩოვ, გახსენით ჭიშკარი“

1989 წელს ბერლინის კედელი დაეცა. აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ საზღვარი გახსნა. ამ მოვლენის 20 წლისთავზე ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა:

„ბერლინის კედელი არ იყო მხოლოდ ქალაქის და სახელმწიფოს გამყოფი. მან გაყო კონტინენტი. ეს იყო დაყოფის სიმბოლო. ეს იყო ტოტალიტარული მთავრობის და ადამიანის უფლების გათელვის სიმბოლო. ადამიანები კედლის გადალახვის დროს სიცოცხლეს წირავდნენ. ჩემთვის ეს არის სიმბოლო, რაც არასდროს უნდა დავივიწყოთ,“ - განაცხადა სენატორმა კარდინმა.

ის რომ ბერლინის კედელმა მსოფლიო შეცვალა, ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ადამიანთა გაყოფის სიმბოლო ისევ ადამიანთა ნებამ დაანგრია, რაც თავისუფლების ზეიმად იქცა.

XS
SM
MD
LG