ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ერაყს დახმარებას უმცირებს


ერაყში, რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირებით ირანი ითბობს ხელს და ნური ალ-მალიკის მომხრე შიიტებთან კავშირებს ზრდის

სადამ ჰუსეინის დამხობის და ერაყში გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ამერიკელებს ამ ქვეყანასთან გრძელვადიანი, ურთიერთობების დამყარება სურდათ.

დღეს, ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ძალები ამერიკის გავლენის შეკვეცას ესწრაფვიან ობამას ადმინისტრაცია დიპლომატებისა და ამერიკის ფედერალური კონტრაქტორების რაოდენობას ერთი მესამედით ამცირებს.

2013 წლისთვის, ამერიკის კონგრესმა ერაყს დახმარება გაუნახევრა და ახლა ეს ციფრი 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთლიანად დასრულდება 850 მილიონ დოლარად შეფასებული ერაყის პოლიციის გადამზადების პროგრამაც. ამერიკელები, ამ პროგრამით დასაწყისშივე ამაყობდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას ადგილობრივების უკმაყოფილება ახლდა თან.

ერაყის პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ერთის მხრივ დამოუკიდებლობა, მეორეს მხრივ კი ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობა სწადიათ.

პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკისთან დაახლოებული შიიტი კანონმდებელი სამი ალ ასკარი თავის პოზიციას ასე ასაბუთებს:
ასკარი ამბობს, რომ მათ ამერიკელებთან მუშაობის სურვილი აქვთ რათა მიღწეულ იქნას შედეგი, როცა ერაყს არავის დახმარება, მათ შორის არც ამერიკის დახმარება, აღარ დასჭირდება.
ამ ფონზე, ქურთი ლიდერები, ერაყის ჩრდილოეთში ტრადიციულად მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ ვაშინგტონთან. თუმცა დამოუკიდებელი ქურთი კანონმდებელი მაჰმუდ ოსმანი ამბობს, რომ ქურთებმა კარგად უნდა განსაზღვრონ გარე ძალებზე, მათ შორის ამერიკაზე, ზედმეტად დამოკიდებულების ყველა მხარე.

ოსმანის თქმით, ამ ქვეყნებს საკუთარი ინტერესები აქვთ. დღეს ისინი ერაყს ეხმარებიან, მალე კი შესაძლოა მიატოვონ ან გაყიდონ ეს ქვეყანა. ასეთი შემთხვევები, ოსმანის აზრით, წარსულში მრავლადაა. ამიტომაც მისი თქმით უპრიანია, რომ ქურთმა ლიდერებმა დიალოგი ყველა მხარესთან, მათ შორის ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც აწარმოონ.

ბაღდადის მკვიდრი ჰუდა აჰმედი ამერიკის ხმას ეუბნება, რომ სადამ ჰუსეინის განდევნისთვის ვაშინგტონს ემადლიერება, თუმცა ერაყელთა იმედები ცვლილების მისაღწევად ჯერ კიდევ არ არის ახდენილი.

„არ ვუარყოფ ამერიკის დიდ როლს ყოფილი რეჟიმის დამხობაში, თუმცა ამერიკა ახლა არაფერს აკეთებს ერაყის მოქალაქეებისთვის. ამერიკა არ გვეხმარება ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებაში.“
ამბობს ბაღდადის მაცხოვრებელი.
2003 წლის შემდეგ ამერიკელთა გავლენა და ძალაუფლება ერაყში თანდათან მცირდებოდა. პრემიერ ნური ალ მალიკის დაპირისპირებით მოცულმა მთავრობამ ამ დროს რეგიონის წამყვან შიიტურ ძალასთან-ირანთან არჩია კავშირი.

ვაშინგტონში ბაზირებული ახლო-აღმოსავლეთის ინსტიტუტის ექსპერტი ალექს ვატანკა ამბობს, რომ ეს ფაქტი ვაშინგტონში, ერაყის საკითხებზე მომუშავე პოლიტიკოსებს აღელვებთ და რომ ამ ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირება და სირიის მდგომარეობა თეირანის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ახლო აღმოსავლეთში შიიტებსა და სუნიტებს შორის არსებული დაპირისპირების დროს, ერაყელი შიიტები ყოველთვის დომინანტური რეგიონალური ძალის, და ასევე შიიტური სახელმწიფოს ირანის მიმართულებით იმზირებიან.“

მალიკის მთავრობა კი ირწმუნება, რომ ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობების დამყარება სურს, და მან ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვის მიზნით სამ მილიარდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ვატანკას თქმით, ერაზე მომუშავე ამერიკელი დიპლომატების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რეგიონში თეირანის მეტნაკლები უპირატესობის ფონზე, ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში გავლენიან ძალად დარჩენის კარგი შანსი მაინც აქვს.

ვატანკას თქმით, თეირანი, იზოლაციის პირობებში ბევრს ვერ გააკეთებს რეგიონისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში. სწრედ ამიტომ, აგრძელებს, ის, ამერიკა ერაყისთვის მიმზიდველ პარტიორად დარჩება.
მიუხედავად სოლიდური ექსპერტის დასკვნისა, არიან კიდევ სხვა ექსპერტებიც რომლებიც ფიქრობენ, რომ 2003 წელს, ერაყის ანექსიისას დაწყებული სტრატეგია ჯერ კიდევ შეუსრულებელია.

ამ სტრატეგიის ნაწილად, ვერმონტის უნივერსიტეტის ექსპერტი გრეგორი გოსი, სტაბილური, დემოკრატიული, ძლიერი ერაყის აღმოცენებას მიიჩნევს, ქვეყნისა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ამერიკასთან და ასევე მშვიდობიან ურთიერთობებს ინარჩუნებს ისრაელთან, ირანს კი უპირისპირდება. ამ სტრატეგიას არასდროს ეწერა შესრულება. თუმცა სტრატეგიის შუალედური ხედვა, რომელიც სტაბილური და დემოკრატიული ერაყის შენებაა, ჯერ კიდევ მიუღწეველი რჩება, ამბობს გოსი.

და ბოლოს, არაერთი ამერიკელი ოფიციალური პირი თვლის, რომ ამერიკელთან შედარებით ზომიერი მოცულობის ძალის დარჩენა ერაყში უკეთეს შედეგებს მოიტანს. რადგან ამ ქვეყანაში მეამბოხე ძალების გააქტიურებისა და ამერიკაში რთული საბიუჯეტო კლიმატის პირობებში შესაძლოა ასეთი ალტერნატივა მართლაც უფრო მომგებიანი და ოპტიმალური იყოს.
XS
SM
MD
LG