ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა და ირანი - გაეროში ამერიკის ელჩთან ინტერვიუს მთავარი აქცენტები


ნიკი ჰეილი, ამერიკის ელჩი გაეროში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ნიკი ჰეილის “ამერიკის ხმის“ სპეციალური კორესპონდენტი გრეტა ვანსესტერნი ესაუბრა.

პირველ ყოვლისა, მინდა ვისაუბროთ ჩრდილოეთ კორეის შესახებ. ახალი ინფორმაციით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ და მათი ათლეტები ერთი დროშის ქვეშ იასპარეზებენ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ვფიქრობ, კარგია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთმანეთს ესაუბრებიან. მაგრამ ჩვენ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმ ფაქტმა, რომ რადგან ისინი საუბრობენ ოლიმპიური თამაშების შესახებ, ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებულ საფრთხეებს აქრობს.

მანამ, სანამ ისინი რეალურად არ შეწყვეტენ ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, სანამ მართლაც არ გვაჩვენებენ, რომ სურთ ატომური იარაღისგან გათავისუფლება, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ასეთი საუბრები მანამდეც ყოფილა და ეს შეცდომაში შემყვანი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ისინი ქმედებისთვის მზად არიან და ქმედება არის - ატომური აქტივობის სრულად შეწყვეტა.

მათი თანამშრომლობა უფრო შორსაც მიდის. ისინი ჰოკეის გუნდის ერთობლივ დაკომპლექტებასაც აპირებენ...

თუ მათ სურთ ამის გაკეთება, შეუძლიათ, გააკეთონ. მაგრამ ამით არ მცირდება საერთაშორისო წნეხი ყველასგან, ვინც ეუბნება ჩრდილოეთ კორეას, რომ შეჩერდეს. მათ შეუძლიათ განაგრძონ, ჰქონდეთ ეს რეგიონული თანამშრომლობა ამ დონეზე, მაგრამ საბოლოოდ, რეალურად ჩვენ მაინც გვაქვს ატომური რაკეტები ჩრდილოეთ კორეაში. ისინი აგრძელებენ მათ გამოცდას და ამ რაკეტებით ამერიკის და მსოფლიოს ემუქრებიან. ასე რომ ჩვენთვის ეს მთავარ საკითხად რჩება.

ფიქრობთ, რომ ჩრდილო კორეელ ლიდერს სხვა მოტივი აქვს? რომ ეს გადაწყვეტილებები რეალურად ამერიკისთვის სხვა შეტყობინებას შეიცავს?

ვფიქრობ ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა. ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის ამას აკეთებს: როდესაც საკითხი მწვავდება, იწყება დიალოგი. მაგრამ ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ თამაშის თამაშს, რომელსაც ყოველთვის ვთამაშობდით. ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ დიალოგს, საუბარს და იმის ფიქრს, თითქოს მათი შეხედულეებბი შეიცვალა და გამოსავალს ეძებენ.

მათ უნდა გვითხრან, რომ აპირებენ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შეწყვეტას. და შემდეგ უნდა დავინახოთ, რომ ტესტირება მართლაც შეწყდა. შემდეგ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი აპირებენ ამ პროგრამის შეზღუდვას და შემცირებას.

ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ ამერიკის ადმინსიტრაცია არ შეურიგდება იმას, რომ ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღი ჰქონდეს. რას ვაკეთებთ ამისთვის?

მხოლოდ ის, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს ხელს ართმევენ, არ ნიშნავს, რომ საფრთხემ ჩაიარა. ამერიკა და საერთაშორისო საზოგადოება აპირებს შეინარჩუნონ ის წნეხი, რომელიც ახლა ხორციელდება. ჩვენ ვაპირებთ დაველოდოთ და დავრწმუნდეთ, რომ არ იქნება ამ მხრივ არანაირი აქტივობა, არანაირი ახალი გამოცდა. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ.

თუკი ჩრდილოეთ კორეა სწორად მოიქცევა, მაშინ ჩვენც ბედნეირები ვიქნებით და განვაგრძობთ მუშაობას მათთან ერთად, თუ არა, მაშინ სხვა ვარიანტებს განვიხილავთ.

ეს, რამდენადაც მე ვიცი, პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკამ შეძლო რუსეთისა და ჩინეთის დათანხმება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. როგორ მოახერხეთ ეს?

როგორც იცით, ჩვენ ახლა სამი რეზოლუცია გვაქვს მიღებული. ეს ყველაზე მასშტაბური სანქციებია, რაც კი ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ამოქმედებულა. ვფიქრობ, მთავარი რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო, ესაა იმის ჩვენება, რომ საფრთხე რეალურია. შემდეგ კი იმის ჩვენება, რომ ჩრდილოეთ კორეა ვერ შეძლებდა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას თუკი საამისო ფინანსები არ ექნებოდა. ისინი არ იყენებენ შემოსავალს ხალხის გამოსაკვებად, არამედ იარაღის შესაქმნელად და მის გამოსაცდელად.

ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებელი იყო მათი შემოსავლის წყაროს შეზღუდვა. მათი საერთაშორისო ვაჭრობა 90% ით შემცირდა, ინვესტიციები შეჩერდა.

ფიქრობთ კიმ ჩენ უნი, უბრალოდ იტყვის, „კარგი, ჩვენ ფული არ გვაქვს, ამიტომ თანახმა ვართ, გავჩერდეთ“?

ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებს ის, მაგრამ ვიცით, რომ მხოლოდ ნათქვამი თანხმობით არ დავკმაყოფილდებით. ეს არის რეალური საფრთხე შეერთებული შტატებისთვის და ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. შევინარჩუნოთ წნეხი. ამერიკის პოზიციები არ იცვლება და ჩვენი მიდგომა არ შესუსტებულა.

კიდევ ერთი წამყვანი თემაა ირანი და მასთან დადებული შეთანხმება. რა პოზიცია გაქვთ ამის შესახებ?

ეს ცუდი და საფრთხის შემცველი შეთანხმება იყო. ფაქტობრივად ჩვენ მათ მივეცით მილიარდობით დოლარი იმისთვის, რომ შემობრუნებულიყვნენ და ეთქვათ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ატომურ იარაღს, მაგრამ მივეცით მათ საშუალება გაეკეთებინათ ყველაფერი სხვა, ბალისტიკური რაკეტების ტესტირებით დაწყებული, ტერორისტების მხარდაჭერითა და შეიარაღებით დამთავრებული. ეს წარმოუდგენლად საშიში იყო.

თუმცა რისი მანიშნებელი იქნება ეს მსოფლიოსთვის, სხვა სახელმწიფოებისთვის ან თუნდაც ჩრდილოეთ კორეისთვის? თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რომ გვსურს მათთან საუბარი და შეთანხმების მიღწევა, რა გარანტია ექნებათ მათ, რომ შემდეგი პრეზიდენტი არ იტყვის, რომ ეს ცუდი შეთანხმება იყო და ყველაფერი შეიცვლება? რატომ უნდა ენდოს ის ჩვენ სიტყვას?

თუკი ერთი მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ შეგვიძლია არც ჩვენ შევასრულოთ. სიტუაცია იყო ასეთი: „ჩვენ თქვენ მოგცემთ ფულს და ვიმედოვნებთ, რომ კარგად მოიქცევით“. ახლა კი არის ასეთი: „თუკი ჩვენ ვაპირებთ ამ შეთანხმების მონაწილეები ვიყოთ, მაშინ პასუხისმგებლობის თქვენი წილი უნდა შეასრულოთ". და არა მხოლოდ ეს. თუკი ირანზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვიფიქროთ, თუ რა ქვეყანაა ეს, სად მდებარეობს და რამდენად სწორია იქ ბალისტიკური რაკეტების არსებობა და მათი გამოყენება ისე, როგორც ისინი ამას აკეთებენ.

რასაც იემენში აკეთებენ?

რასაც იემენში ჰუთ მეამბოხეებთან ერთად აკეთებენ. რამდენად არის ნორმალური მათ მიერ ტერორიზმის მხარდაჭერა? რასაც ისინი კვლავ აკეთებენ რეგიონში. არა უშავს მას, რომ ისინი ასადის რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებენ? ასადის, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის? რატომ არის ეს მისაღები? ეს არ არის შეთანხმების ნაწილი.

საერთაშორისო საზოგადოება ამას წინ უნდა აღუდგეს და ირანმაც უნდა გადადგას ნაბიჯები. გარკვეული ქმედებები უნდა შეწყდეს. ამერიკა მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: თუ თქვენ გინდათ, რომ ჩვენ სერიოზულად მოვეკიდოთ ამ შეთანხმებას, მაშინ თქვენ ასევე სერიოზულად უნდა მიუდგეთ ყველა ამ ქმედებებს.

კი, მაგრამ თუკი ეს სხვა საკითხები არ არის შეთანხმების ნაწილი და არის უბრალოდ "სხვა, ცუდი საქციელი", რატომ მიიჩნევა ეს შეთანხმების დარღვევად?

ეს არის უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის დარღვევა...

მაგრამ არა ამ კონკრეტული შეთანხმების - არის ეს საკითხები შეთანხმებით გაწერილი?

არა, ეს არ არის ირანთან დადებული ამ შეთანხმების ნაწილი და ჩვენ სწორედ ამიტომ ვართ მისი მონაწილენი. მაგრამ ეს არის გაეროს ბევრი რეზოლუციის დარღვევა. ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა შესაბამისი გაეროს ანგარიშიც, რომელმაც ეს დარღვევები აჩვენა. ასე რომ, ჩვენ არ ვართ ახლა ერთადერთი აქტორი, რომელიც ამას ამბობს, ჩვენ ვაჩვენებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არის რაღაცები, რაც საშიშია, რაც უსაფრთხო არ არის და ჩვენ რამე უნდა ვიღონოთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG