ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-უკრაინას შორის სტრატეგიული თავდაცვის ხელშეკრულება გაფორმდა 


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სამშაბათს სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მოაწერეს.

დოკუმენტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღმავებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, დოკუმენტით “განისაზღვრება საერთო პრიორიტეტები, გაღრმავდება უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ დახმარებას გაუწევს“.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწაფებებისადმი ურყევია“,- განაცხადა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტსა და სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე პენტაგონში ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხსაც. ხელშეკრულება, რომელიც ამერიკასა და უკრაინას შორის გაფორმდა, „განიხილავს თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმებს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად“

ჩარჩო ხელშეკრულება ასევე მოიცავს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, კიბერსაფრთხოების საკითხებსა და დაზვერვის სამსახურებს შორის თანამშრომლობას.

ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ვაშინგტონმა კიევს 2.5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დახმარება აღმოუჩინა. ამ წლის განმავლობაში კიევმა პენტაგონისგან საჰაერო თავდაცვის სისტემები „ჯაველინები“ მიიღო.

რუსეთი უკრაინას თავს 2014 წელს დაესხა და ყირიმის ანექსია მოახდინა. რეგიონში წლების განმავლობაში რთული ვითარება ნარჩუნდება. ბოლოს სიტუაცია უკრაინასა და რუსეთს შორის 2021 წლის გაზაფხულზე გართულდა, როდესაც მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე და მძიმე ტექნიკა გადაისროლა.

პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ ხალხს გვერდში დგომა აღუთქვა. ლოიდ ოსტინმა უკრაინის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში დახმარებისთვის. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრის დროს თქვა: „მე ველოდები უფრო უსართხო, აყვავებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ უკრაინას“.

უკრაინის პრეზიდენტი და სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონს სამშაბათს ეწვია. დღეს პრეზიდენტი ზელენსკი თეთრ სახლშია მიწვეული, სადაც ის ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG