ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამიტის გზავნილი: ალიანსი კვლავ მტკიცეა


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი (მარცხნივ) და იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი (მარჯვნივ)
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი (მარცხნივ) და იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი (მარჯვნივ)

ორშაბათს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე, ორგანიზაციის 30-მა წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, არსებული გამოწვევების წინაშე ნატოს ერთობა. ალიანსმა, უმაღლესი დონის სამიტზე მკაცრი გზავნილები გააგზავნა რუსეთის და ჩინეთის მისამართით და თქვა, რომ ეს ორი სახელმწიფო არის "გამოწვევა ნორმებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის".

ბრიუსელში გამართულ ნატოს წლევანდელ სამიტზე იმსჯელეს ოთხ მთავარ გამოწვევაზე: გეოპოლიტიკური კონკურენცია, რეგიონული არასტაბილურობა, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილებები. სამიტის შემაჯამებელ ფინალურ კომუნიკეში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ "ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალი ქვეთავი" უნდა დაიწყოს, რათა ალიანსი მიმდინარე წამოწვევებს გაუმკლავდეს.

ალიანსმა დაამტკიცა საკონსულტაციო მექანიზმი სახელად "ნატო-2030", რომელიც მის სამომავლო სტრატეგიას განსაზღვრავს, მზარდი საფრთხეების და გლობალური კონკურენციის პირისპირ. ამ დოკუმენტზე შეთანხმება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, "ალიანს გააძლიერებს და მომავლისთვის უკეთ მოამზადებს". სტოლტენბერგმა ეს განცხადება სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს უჭერს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. "ჩვენ რუსეთის მზარდ დესტაბილიზაციურ ქმედებებზე საპასუხოდ, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და მივესალმებით ნაბიჯებს, რომელიც გადადგმულია ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის" - ნათქვამია კომუნიკეში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელთან გამკლავების მნიშვნელობაზეც ალიანსი თანხმდება, არის აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის აგრესია და კიბერშეტევები. სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნები კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ.

მოსკოვი თითქმის ყველაფერს უარყოფს, რაშიც მას დასავლეთი ადანაშაულებს.

ნატოს სამიტის კულუარებში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის ლიდერებს შეხვდა, ქვეყნებს, რომელთაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მართალია, ეს ქვეყნები ნატოს და ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ რუსეთი მათთვის დღემდე რჩება უსაფრთხოების გამწვევად.

საუბარი შეეხო ჩინეთის გავლენასაც საერთაშორისო არენაზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა ჩინეთის მზარდი სამხედრო ყოფნა ბალტიისპირეთიდან დაწყებული აფრიკის ჩათვლით და თქვა, რომ ნატო ამ გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს.

ავღანეთთან დაკავშირებით, კი ალიანსის წევრები დაეთანხმნენ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ქვეყნიდან ჯარების საბოლოო გამოყვანის თაობაზე. "ნატოს ლიდერებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ ავღანეთის გვერდში დგომას წვრთნებით, ავღანეთის ძალების და ინსტიტუტების საერთაშორისო მხარდაჭერით, თუ დაფინანსებით" - აღნიშნავს ალიანსის გენერალური მდივანი.

სამიტის დასრულებისთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ტვიტერზე" დაწერა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ნატოში უკრაინის მომავალში გაწევრიანების საკითხი კიდევ ერთხელ დაადასტურეს. სამიტის დეკლარაციაში, მართალია აღნიშნულია, რომ ალიანსი რჩება ერთგული 2008 წლის "ბუქარესტის სამიტის" გადაწყვეტილებისა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, თუმცა რაც შეეხება კიევისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, ამ შეხვედრაზე ალიანსს ამაზე საჯაროდ არ უსაუბრია.

როცა ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ "ეს დამოკიდებულია იმაზე, დააკმაყოფილებს თუ არა ის [ალიანსის წევრობის] კრიტერიუმებს". კიევის ერთ-ერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად პრეზიდენტმა ბაიდენმა კორუფცია დაასახელა.

ბაიდენის მთავარი გზავნილი ბრიუსელში, ისევე როგორც დიდი შვიდეულის სამიტზე ბრიტანეთში, იყო რომ საერთაშორისო არენაზე "ამერიკა დაბრუნდა". ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ერთგულია ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი.

"მინდა მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ შეერთებული შტატები აქ დგას. შეერთებული შტატები აქ არის" - უთხრა შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG