ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა პრეზიდენტ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტს ელის


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტს ორი წელი ელოდა. საბოლოოდ ეს ხდება - პრეზიდენტი ბაიდენი ზელენსკის ვაშინგტონში პირისპირ შეხვდება.

უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში ოქსანა მაკაროვა ამერიკა-უკრაინის ურთიერთობის შესახებ ამბობს ამბობს, რომ ზელენსკის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია ორივე ქვეყნისთვის.

“[გერმანიის] კანცლერ მერკელის შემდეგ, პრეზიდენტი ზელენსკი მეორე ლიდერია, რომელიც თეთრ სახლში ზოგიერთ სტრატეგიულ საკითხზე მსჯელობისთვის მიიწვიეს. ვფიქრობ, უკრაინისთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც, ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მიმართ ყურადღების დონეს და მნიშვნელობას წარმოაჩენს”.

უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, სტივენ პაიფერის აზრით, შეხვედრის შედეგი, მეტწილად, ვოლოდიმირ ზელენსკიზე იქნება დამოკიდებული.

“როგორც ვხედავ, შეხვედრის წარმატებით წარმართვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ პრეზიდენტი ზელენსკი რას მოითხოვს. მისი ზოგიერთი თხოვნა ზომიერი უნდა იყოს, რადგან თუ ზედმეტად ბევრს მოითხოვს, შეიძლება გაწბილებული დარჩეს. არ უნდა დასვა კითხვა, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ პასუხი “დიახ” იქნება,” თქვა პაიფერმა.

უფრო მგრძნობიარე თემებს შორისაა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი და რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი “ჩრდილოეთის ნაკადი 2” გაზსადენის მიმართ ქვეყნის წინააღმდეგობა.

“შეერთებული შტატებისგან, ნატოსა და უკრაინის შესახებ არანაირ ვალდებულებას არ უნდა ელოდეს. ასევე, “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის შესახებ ბაიდენის პოზიციის არანაირ ცვლილებას არ უნდა ელოდეს”, ამბობს ჯონ ჰერბსტი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში.

უკრაინის ანტი-კორუფციული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორ დარია კალენიუკს სჯერა, რომ “ჩრდილოეთის ნაკად 2"-ის საკითხზე მსჯელობისას, პრეზიდენტი ზელენსკი შეუპოვარ პოზიციაზე უნდა დარჩეს.

ის ამბობს, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება, რუსული მილსადენისთვის სანქციები მოეხსნა, საზღვარგარეთ კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

“სწორი იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინაში არსებულ კორუფციაზე საუბარი, არამედ ასევე საუბარი გეოპოლიტიკურ კორუფციაზე და სტრატეგიულ კორუფციაზე. ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავსვათ კითხვა, რატომ მთავრდება “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ის სტრატეგიული კორუფციის სიმბოლოა”, თქვა კალენიუკმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას, უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობაა.

თეთრმა სახლმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან კონფლიქტის სავარაუდო ესკალაციის შემთხვევაში, უკრაინას დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს.

შესაძლოა ეს სექტემბერში, რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების “დასავლეთის” დროს მოხდეს.

სტივენ პაიფერის თქმით, “კარგი იქნებოდა დამატებითი ამერიკული სამხედრო დახმარება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს უკრაინელების თავდაცვით შესაძლებლობებს გააუმჯობესებდა. ეს პრაქტიკული ნაბიჯია. მეორეს მხრივ, ეს უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილის გაჟღერების გზა იქნებოდა”.

თეთრმა სახლმა ბევრჯერ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელშესახებ შედეგებს მოელის.

“ყველაზე დიდი რამ, რაც პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია წარმოადგინოს, არის კიევის დამაჯერებელი, უდავო გზავნილი, რომ ის რეფორმებისადმი ერთგულია და კრიტიკული მასის მქონე რეფორმებს გაატარებს. ეს უფრო გახსნილ და კონკურენტულ ეკონომიკას ნიშნავს. ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას, რაშიც სასამართლო სექტორის რეფორმაც შედის. ეს ოლიგარქების უზომო პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შემცირებას ნიშნავს. ეს კორუფციასთან ბრძოლას ნიშნავს”, დამატა სტივენ პაიფერმა.

უკრაინელი დიპლომატები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტი მხოლოდ დასაწყისია. ისინი მოელიან, რომ იმ დროს, როდესაც ორი ქვეყანა საკუთარი შეთანხმებების შესრულებაზე ბეჯითად მუშაობს, ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG