ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრაისი: რუსეთი აგრესიის შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს უნდა ელოდოს


"ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას და ეხმარება [მის] მთავრობას რათა უზრუნველყოს ქვეყნის, ადამიანებისა და სუვერენიტეტის დაცვა. ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება კიევში ენტონი ბლინკენის ვიზიტი იყო,"- ამბობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" რუსული რედაქციისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

პრაისი საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიული ქმედებების წინაშე მარტო არ არის და მას პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ. "ამერიკის ხმასთან" ის აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად ოფიციალურმა კიევმა უნდა განაგრძოს ქვეყანაში იმ რეფორმების გატარება, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ჩვენ კიევში ვიყავით რათა სიგნალი გაგვეგზავნა ჩვენი პარტნიორებისთვის , რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ უკრაინელ ხალხის გვერდით ვდგავართ რუსეთიდან მომდინარე სააფრთხეების შესამცირებლად. სახელმწიფო მდივანმა კიევში ყოფნის დროს ისაუბრა როგორც რუსეთის ქმედებებზე ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, საუბარია კორუფციაზე და რეფორმების დღის წესრიგზე. რეფორმების გატარება და კორუფციის აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ შეძლოს და გააგრძელოს ევროატლანტიკურ გზაზე სიარული,"- აცხადებს ნედ პრაისი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი განმარტავს, რომ რუსეთის მიზანია, ოფიციალური კიევის რეფორმირების პროცესი შეაჩეროს და უკრაინელ ხალხში დაუცველობის განცდა გააჩინოს. აქვე პრაისი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის საზღვართან რუსეთის ქმედებებს ყურადღებით აკვირდება.

"2014 წლის შემდეგ უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების ასეთი მობილიზება არ დაფიქსირებულა. ამიტომ ჩვენ ყურადრებით ვაკვირდებით პროცესს და ვაკეთებთ ყველაფერს რათა შევაჩეროთ რუსეთის აგრესია. ჩვენ კიევთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ეს პროცესი გრძელდება. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის გერმანია და საფრანგეთი, ვმუშაობთ დაძაბული ვითარების განმუხტვისთვის,"- აცხადებს ნედ პრაისი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, უკრაინის საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახივლელი თემა იყო დიდ შვიდეულისა და ნატოს სამიტების დროსაც, სადაც პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს. პრაისი განმარტავს, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი ქვეყნების მიზანია, დიპლომატიური გზით გადაწყდეს და დასრულდეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, ბოლო დროს გაჩენილ მოლოდინთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ნორმანდიის ფორმატში შეერთებული შტატები ჩაერთოს. პრაისმა თქვა, რომ ამერიკა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკრაინის საკითხზე მუშაობას განაგრძობს.

ნორმანდიის ფორმატში, რომლის მიზანიც უკრაინის კონფლიქტის გადაჭრაა, ამ დროისთვის 4 ქვეყანაა ჩართული: უკრაინა, რუსეთი გერმანია და საფრანგეთი.

კითხვაზე განიხილავს თუ არა ამერიკა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, ნედ პრაისი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ორი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

"ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც აზრიანი იქნება და დაიცავს უკრაინის სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,"- ამბობს პრაისი. ექსკლუზიურ ინტერვიუში პრაისი ასევე ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედების შემთხვევაში კრემლი ვაშინგტონიდან შესაბამის პასუხს უნდა ელოდოს.

კითხვაზე თუ როგორი შეიძლება იყოს პასუხი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, პრაისი არ აკონკრეტებს თუ რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი და ამბობს:


"ვფიქრობ სიგნალი, რომელიც კიევში ჩასვლით გავგზავნეთ მნიშვნელოვანია. თუ რუსეთი განაგრძობს აგრესიულ და დაუფიქრებელ ქმედებებს უკრაინის ან სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ".

ბლინკენი: პენტაგონი უკრაინის ყველაზე დიდი პარტნიორია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

ნედ პრაისის ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა ასევე სახელმწიფო მდივანმა. სამხედრო დახმარებაზე საუბრისას თქვა, რომ "პენტაგონი უკრაინის მნიშვნელოვანი პარტნიორია". მან აღნიშნა, რომ ამერიკა უკვე დაეხმარა კიევს სამხედრო აღჭურვილობით და დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ კი ვაშინგტონში აქტიური დისკუსია გრძელდება.

ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ყოფნის დროს აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მოულოდნელი აგრესიის საფრთხე დიდია, რის გამოც ვაშინგტონი პროცესებს ახლოს აკვირდება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა მზად არის პასუხი გასცეს რუსეთს, აგრესიული ქმედებების შემთხვევაში. თუმცა განმარტა, რომ ვაშინგტონის მიზანი არ არის მოსკოვთან კონფროტაცია და რომ შეერთებული შტატები მზადაა თანამშრომლობისთვის იქ სადაც ორი ქვეყნის ინტერესები იკვეთება.

რუსეთმა უკრაინის საზღვარზე სამხედრო კონგინგენტის, შეიარაღების და მძიმე ტექნიკის მობილიზაცია მარტიდან დაიწყო. 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსული ჯარის უკრაინის საზღვრებთან მსგავსი მობილიზება არ დაფიქსირებულა.

დასავლეთის მწვავე რეაქციის შემდეგ რუსეთმა 23 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანექსირებულ ყირიმში დამატებით გადაგზავნილი სამხედროები, უკან გაჰყავდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მასშტაბური სამხედრო წვრთნის დასრულებას უკავშირდებოდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG