ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეს კითხვა შეიძლება თარჯიმანმა არ თარგმნა"- პუტინი ნავალნიზე დასმულ შეკითხვაზე


ჟენევაში ბაიდენ-პუტინის სამიტის დასრულების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრა პრინციპული, თუმცა კონსტრუქციული იყო. აქვე პუტინი აცხადებს, რომ 2-საათიანი შეხვედრის დროს მხარეები პოზიციების დაახლოებაზე მუშაობდნენ და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

პრესკონფერენციის პირველივე წუთებში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამერიკის და რუსეთის ელჩები ვაშინგტონსა და მოსკოვში დაბრუნდებიან.

„რაც შეეხება ელჩების დაბრუნების საკითხს. ჩვენ შევთანხმდით რომ ეს პრობლემა მოგვარებულია და ელჩები დაბრუნდებიან ვაშინგტონშიც და მოსკოვშიც. ტექნიკური საკითხებია დარჩენილი. არ ვიცი ეს დღეს იქნება თუ ხვალ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებულია,“- ამბობს ვლადიმირ პუტინი.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ის კითხვაზე, როგორი ხასიათის იყო შეხვედრა, პუტინმა თქვა, რომ შეხვედრა იყო პრინციპული, თუმცა კონსტრუქციული.

„მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა პრინციპული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი შეხედულებები განსხვავდება, თუმცა ჩვენ, ორივე მხარე ვცდილობდით პოზიციების დაახლოებას. კონსტრუქციული შეხვედრა იყო, ასე შემიძლია ვთქვა,“- აღნიშნა პუტინმა.

ამერიკელმა ჟურნალისტმა პუტინს ასევე ჰკითხა კიბერთავდასხმების შესახებ, რაზეც პუტინმა პასუხის დროს აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ამ მხრივ მოლაპარკებები გაგრძელდება. პუტინი ფიქობს, რომ რუსეთიდან კიბერთავდასხმები იშვიათად ხდება და ყველაზე მეტი კიბერთავდასხმა მსოფლიოში ამერიკიდან, კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან ხორციელდება.

„კიბერუსაფრთხოების საკითხზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ. ამის შემდეგ გაირკვევა, თუ ვინ და რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამერიკელი წყაროები, მე არ მახსოვს ამ ორგანიზაციების სახელები, ამბობენ, რომ ყველაზე მეტი კიბერთავდასხმა მსოფლიოში ამერიკიდან ხდება, შემდეგ კანადაა, შემდეგ ბრიტანეთი. რუსეთი ამ სიაში არ მოიხსენიება,“- ამბობს ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკამ გასულ წელს რუსეთისგან 20 კიბერთავდასხმაზე მოითხოვა პასუხი და 2021 წელს მხოლოდ 2 შემთხვევაზე. მაშინ როცა რუსეთმა, პუტინის მტკიცებით, ამერიკისგან 2020 წელს 45 კიბერთავდასხმაზე გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა პასუხი არ მიუღია.

რაც შეეხება ამერიკულ ნავთობსადენზე მომხდარ თავდასხმას, პუტინი ამბობს, რომ ამის უკან რუსეთი არ დგას.

„მე როგორც ვიცი, ამ კომპანიას სერიოზული პრობლემები აქვს. თანხები აქვს გადასახდელი. მე არ მინდა დამატებით დეტალებში შევიდე თუმცა ეს ამბავი გასარკვევია,“- ამბობს პუტინი.

ვლადიმირ პუტინისთვის პრესკონფერენციაზე არცერთ რუს ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა ალექსეი ნავალნის შესახებ. თუმცა, კითხვები ნავალნიზე დასვეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა. თავდაპირველად შეკითხვა ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ჟურნალისტმა დასვა, რომელსაც პუტინმა თავი აარიდა. შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ნავალნის შეკითხვა არ მოუსმენია და ივარაუდა, რომ მას ეს კითხვა არ უთარგმნეს.

ნავალნიზე საუბრის დროს პუტინს რუსი ოპოზიციონერის სახელი და გვარი არცერთხელ არ უხსენებია.

„მაგ ადამიანმა იცოდა იმ კანონის შესახებ, რაც რუსეთშიც არსებობს. ის გააზრებულად უგულვებელყოფდა გაგზავნილ შეტყობინებებს. წავიდა ქვეყნიდან, როცა ამის უფლება არ ჰქონდა. მოთხოვნებზე პასუხი არ გასცა და არ გამოცხადდდა. შესაბამისად, შემდეგ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მისი ინტერვიუებიც მოწმობს, რომ მან იცოდა, რომ დაბრუნების შემთხვევაში დაიჭერდნენ და ეს მან მაინც გააკეთა. ჩამოვიდა და ის დაიჭირეს. მოხდა ის, რაც მას უნდოდა,“- თქვა პუტინმა.

პრესკონფერენციაზე საუბრის დროს პუტნმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე საუბარი ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „ამ პირის“ როგორც ის ნავალნის მოიხსენიებდა, შესახებ საუბარი სწორედ პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივით მოხდა.

ნავალნის შესახებ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი კითხვა ამერიკული ტელეარხის „ეი-ბი-სის“ ჟურნალისტმა დასვა. მან პუტინს ჰკითხა: რამდენად სამართლიანია ქვეყანაში არჩევნები მაშინ, როცა მისი ყველა მეტოქე მკვდარი და მოწამლულია.

პუტინმა კითხვას თავი აარიდა, ჟურნალისტის ჩაკითხვის შემდეგ, მას აღარ დაუკონკრეტებია, კიდევ არ უთარგმნეს შეკითხვა, თუ თავად არ სურდა პასუხის გაცემა. განმეორებით დასმულ კითხვაზე პუტინმა თქვა:

‘“ამერიკაში არჩევნების შემდეგ ხალხი შეიჭრა კონგრესში, 400 ადამიანია დაკავებული. ისინი შიდა ტერორიზში არიან ბრალდებულები. ერთი ადამიანი მოკლულია, პოლიციამ ის ადგილზე დახვრიტა. ჩვენ ვწუხვართ იმის გამო რაც მოხდა ამერიკაში, მაგრამ არ გვსურს იგივე რუსეთში მოხდეს,“- თქვა პუტინმა.

ვლადიმირ პუტინის ამ განცხადებაზე კითხვა ჟურნალისტებმა ამერიკის პრეზიდენტსაც დაუსვეს. ჯო ბაიდენმა პუტინის განცხადებაზე გაიცინა.

ბაიდენ-პუტინის სამიტის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი იყო განხილული, თუმცა ამ თემას დიდი დრო არ დათმობია. პუტინმა თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტის პოზიციაა უკრაინა რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის განხილვა მინსკის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდეს. თუმცა, პუტინმა თქვა, რომ უკრაინას მინსკის შეთანხმებაში დაბრუნება არ სურს და წინადადებები, რომელიც უკრაინას აქვს წამოყენებული, რუსეთისთვის საინტერესო არ არის.

„უკრაინა თუ მზად არის, ჩვენ ამ საკითხების განხილვა მინსკში უნდა გავაგრძელოთ. თუმცა, უნდა ითქვას, ის რაც შემოგვთავაზა უკრაინამ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინელი სამხედროები თავის დისლოკაციის წერტილზე უნდა დაბრუნდნენ, ანუ დონბასში. ამის შემდეგ კი სამ თვეში არჩევნები ჩატარდეს. ამას არ ითვალისწინებს მინსკის შეთანხმება და ამაზე განხილვები ვერ წარიმართება,“- თქვა პუტინმა.

აქვე რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის შესახებ საუბრის დროს აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, რატომ შეშფოთდა დასავლეთი მაშინ, როცა რუსეთმა „საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნები გამართა“.

„ეს ჩვენი ტერიტორიებია. ვატარებთ რეგულარულ წვრთნებს. არ მესმის, რა არის ამაში გაუგებარი. წვრთნებს საკუთარ ტერიტორიებზე ამერიკის შეერთებული შტატებიც მართავს,“- აღნიშნა პუტინმა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG