ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არანაირი მოლოდინი ბაიდენი-პუტინის სამიტის წინ


„არ მგონია, რომ მას სული აქვს“ - ასე მოიხსენია 2011წელს, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინი. ეს იყო პასუხი ამერიკის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის კომენტარზე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პუტინის თვალებში მისი სული დაინახა. ახლა ის პრეზიდენტის რანგში პირველად შეხვდება რუსეთის ლიდერს. შეხვედრის ინიციატივით ვაშინგტონი გამოვიდა. თუმცა, სამიტისგან უთანხმოებების გრძელი სიის გათვალისწინებით, დიდი მოლოდინები არ არსებობს.

„მოლოდინებს არ შევიქმნიდი. თეთრ სახლს სურს სტაბილური და გათვლადი ურთიერთობა რუსეთთან. პუტინი კი, როგორც ვხედავთ, არცერთით არ არის დაინტერესებული“, - ამბობს დენიელ ფრიდი, ყოფილი დიპლომატი და წამყვანი მკვლევარი „ატლანტიკური საბჭოდან“.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად, ბაიდენი დაეთანხმა შეფასებას, რომ პუტინი მკვლელია. თეთრი სახლის დაკავების შემდეგ, მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ვაშინგტონი უპასუხოდ არ დატოვებს.

თუმცა, ამ დრომდე მკაცრ რიტორიკას, რა კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება, ჯერ უცნობია.

“ერთი მხრივ ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს ილუზია იმაზე, თუ რას წარმოადგენს რუსეთი, მეორე მხრივ კი, არ იციან ზუსტად რა უნდა გააკეთონ“, - თქვა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, თომას ჰენდრიკ ილვესმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში.

იანვარში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთთან ახალი სტარტის შეთანხმება ხუთი წლით გააგრძელა, გააუქმა სანქციების ნაწილი „ჩრდილოეთის ნაკადი ორის“ გაზსადენთან დაკავშირებით, რომლითაც მოსკოვი გერმანიას უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის გაზს. ეს ნაბიჯები ბევრმა ვაშინგტონში დათმობად აღიქვა, მათ შორის კონგრესშიც.

“მიუხედავად სკეპტიციზმისა... ვფიქრობ ბაიდენი გულუბრყვილოდ არ უდგება პუტინს. ის იქნება მზად გაუგზავნოს მტკიცე გზავნილი პუტინს, რომ რუსეთი პასუხს აგებს რეპრესიებზე ქვეყნის შიგნით და გარეთ“, - ამბობს დენიელ ფრიდი.

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი

15 აპრილს, ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების ახალი წყება მიიღო მოსკოვის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის, ყირიმის ანექსიის და კიბერ-თავდასხმების გამო. ამ ჩამონათვალს ემატება რუსეთის ქმედებები ევროპაში, მათ შორის ჯაშუშობა ჩეხეთში. იარაღის საწყობის აფეთქება ბულგარეთში, ხოლო ქვეყნის შიგნით, რუსულ ოპოზიციაზე ზეწოლა. სწორედ ამიტომ რთული სათქმელია რა შედეგებს გამოიღებს ეს შეხვედრა.

„პარტნიორობის შესაძლებლობას ბევრი ლიმიტი აქვს, მათ შორის კიბერ-უსაფრთხოება ერთ-ერთი სერიოზული საკითხია. ვფიქრობ, სამიტზე ესეც განხილული იქნება. არ ვიცი, მიაღწევენ თუ არა რაიმე შეთანხმებას... პარტნიორობის ერთ-ერთი დაბრკოლება ისიცაა, თუ რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რუსეთის შიგნით ვითარებაზე გავლენის მოსახდენად“, - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ანჯელა სტენტი.

ცოტა ხნის წინ, მოსკოვმა ქვეყნის შიგნით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა და მისი "ანტი-კორუფციული ფონდის" ოფისები დახურა. იზრდება ზეწოლა სხვა ოპოზიციონერებზეც და ბევრი მათგანი რუსეთს ტოვებს.

კრემლი ამ ფონზე უკან არც საერთაშორისო არენაზე იხევს. მოსკოვმა ერთი თვის წინ უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცი განათავსა და ახლა საუბრობს დასავლეთ საზღვარზე დამატებით დანაყოფების შექმნაზე. ამასთან, ბელარუსში მომხდარ „რაინეარის“ ინციდენტში დასავლეთში ბევრმა რუსული კვალი დაინახა.

შეშფოთება კრემლის ქმედებებით, ბოლო ხანებში კოლონიალურ მილსადენზე კიბერშეტევას და შემდეგ, ხორცპროდუქტების მწარმოებელზე ჰაკერულ თავდასხმას მოჰყვა. პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი ერთმანეთს იმ ფონზე ხვდებიან, როცა ორ ქვეყანას საკუთარი ელჩები დედაქალაქებში ჰყავთ გამოძახებული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საერთო ენის პოვნა ორ ლიდერს, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ საკითხებზე შეუძლიათ.

„განხილული იქნება ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხი, ამის იქით [სხვა საკითხებზე] შეთანხმება ბევრად რთული იქნება“, - თქვა ანჯელა სტენტმა.

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი, 2011 წელი
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი, 2011 წელი

ბაიდენი იქამდე სანამ პუტინს შეხვდებოდა, მხარდაჭერის ხაზგასასმელად, ნატოსა და ევროკავშირს ეწვია.

„ამერიკელი პრეზიდენტებისთვის ეს ტიპიურია. ისინი თვლიან, რომ სწორია ჯერ მოკავშირეებს შეხვდე იქამდე, სანამ შეხვდები ხალხს, რომელიც მათ აბრაზებთ, ეს... დიპლომატიური პოლიტიკაა“, - ამბობს ჯერემი შაპირო, „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ კვლევების მიმართულების დირექტორი.

სამიტამდე, ბაიდენის ადმინისტრაციას მოუხდა განემარტა, რომ შეხვედრა პუტინისთვის „ჯილდო არ არის“. რუსული სამთავრობო მედია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ შეხვედრის ინიციატორი ვაშინგტონი იყო და პუტინი მას ყოყმანით დათანხმდა. თუმცა ვაშინგტონში ამბობენ, მოსკოვთან საერთო ენის გამონახვა, დღეს თეთრი სახლისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

„მათ რუსეთის მიმართ ილუზიები არ აქვთ. არც პუტინის მიმართ აქვთ ილუზიები - უბრალოდ უფრო დიდი პრობლემას უმკლავდებიან [ჩინეთის სახით] და უნდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობამ ამაში ხელი არ შეუშალოთ“, - ამბობს შაპირო.

ორი ლიდერი ხვალ ერთმანეთს, ჟენევას ტბაზე მე-18 საუკუნის შვეიცარიულ ვილაში შეხვდება. ბაიდენი მეხუთე ამერიკის პრეზიდენტი იქნება, რომელსაც ოთხშაბათს, პუტინი, რუსეთის ლიდერის რანგში, ხელს ჩამოართმევს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG