ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია უკრაინისთვის კომპენსაციის გაცემას განიხილავს - ბლინკენი


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, გერმანია უკრაინასთან კომპენსაციის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. 7 ივნისს ენტონი ბლინკენმა ამის შესახებ შეერთებული შტატების კონგრესს მოახსენა.

საქმე ეხება მილსადენს "ჩრდილოეთის ნაკადი-2" (Nord Stream 2), რომელიც რუსეთს გერმანიასთან უკრაინის გვერდის ავლით აკავშირებს. მისი დასრულება რუსეთის სამხედრო აგრესიის ქვეშ მყოფ კიევს, დამატებით ფინანსურადაც დააზარალებს. უკრაინის ბიუჯეტი სატრანზიტო შემოსავლის სახით, წლიურად მილიარდობით დოლარს დაკარგავს.

შეერთებული შტატები, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა, ამ პროექტის წინააღმდეგ გამოდიოდა. მიზეზი ის იყო, რომ გაზსადენი ევროპას რუსულ ენერგიაზე კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის. პარალელურად, ის ძირს უთხრის უკრაინის ეკონომიკას და უსაფრთხოებას.

ამის მიუხედავად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არჩია არ გაერთულებინა ურთიერთობა გერმანიასთან, ევროპის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან და გასულ თვეში გაზსადენზე სანქციების ნაწილის მოხსნას დათანხმდა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე კონგრესმენებს სწორედ ამ საკითხის დაზუსტება აინტერესებდათ.

ბლინკენმა კონგრესმენებს მოახსენა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის ეკონომიკის დახმარების მიზნით ინიციატივით გერმანია გამოვიდა. "ჩვენ მათთან [ბერლინთან] აქტიურად ვართ ჩართულნი განხილვაში, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს" უკრაინის დასახმარებლად, უთხრა ბლინკენმა კომიტეტის წევრებს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა სახის კომპენსაცია შეიძლება გაიცეს. ამ საკითხზე კონგრესში არც სახელმწიფო მდივანს არ უსაუბრია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიამ შესაძლოა ინვესტიცია ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩადოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG