ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები ჩრდილოეთის ნაკად-2-ზე მოკავშირეებთან ურთიერთობებს დააზიანებს - ბაიდენი


შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გააუქმოს სანქციები, რომლებიც გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2" წინააღმდეგაა დაწესებული. ბალტიის ზღვის ქვეშ გაყვანილი მილსადენი რუსეთიდან გაზს უკრაინის გვერდის ავლით, გერმანიას მიაწვდის.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, "ის თითქმის ბოლომდე დასრულებულია" და ამას გარდა, სანქციები დააზიანებს ურთიერთობებს ევროპელ მოკავშირეებთან. "ეს იმაზე არ არის, თუ რამდენად შემიძლია გერმანიას რაიმეს გაკეთების უფლება მივცე, ან არა... ახლა რომ სანქციები დავუწესოთ, ვფიქრობ, ევროპული ურთიერთობების ჭრილში ეს კონტრპროდუქტიული იქნება", - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ პროექტს ის ჩანასახშივე ეწინააღმდეგებოდა.

გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზსადენის უკან მდგარი რუსული კომპანია Nord Stream 2 AG და მისი გერმანელი უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი მატიას ვარინგი, რომელიც ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწეა, სანქცირებულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა სანქციები და თქვა, რომ ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებით არის განპირობებული. სანქციების გაუქმებას რესპუბლიკელები და დემოკრატთა ნაწილი კრიტიკით შეხვდა.

გაზსადენის დაახლოებით 95% უკვე დასრულებულია. გერმანიის ცნობით, სამუშაოები შესაძლოა სექტემბერში დასრულდეს. წინა ადმინისტრაციის დროს, გაზსადენის საკითხი ვაშინგტონს და ბერლინს შორის უთანხმოების მიზეზად იქცა. მას შემდეგ კი, რაც თეთრი სახლი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიკავა, ადმინისტრაციამ ევროპასთან ამერიკის შელახული ურთიერთობის გამოსწორება დაისახა მიზნად.

შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა გერმანია, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ევროპას რუსულ გაზზე მეტად დამოკიდებულს გახდის. ამას გარდა, ის გვერდს უვლის უკრაინას, რომელიც გაზის სატრანზიტო გადასახადზეა დამოკიდებული.

გერმანიამ პროექტის შეჩერებაზე უარი განაცხადა იმ არგუმენით, რომ ეს კომერციული გარიგებაა. 24 მაისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ გაზსადენთან დაკავშირებით ამერიკასთან დისკუსიას გააგრძელებს მას შემდეგ, რაც სანქციები მოიხსნება.

ბაიდენი კანცლერ მერკელს და პრეზიდენტ პუტინს ივნისში, ევროპაში მოგზაურობის დროს შეხვდება. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ გერმანიას კარგად მოეხსენება ვაშინგტონის შეშფოთების თაობაზე.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენი იქნება. მისი სიგრძე 1 200 კილომეტრია. გაზსადენს წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადატანა შეუძლია რუსეთიდან გერმანიაში.

ფორსტნერი: ჩრდილოეთის ნაკადი 2 ევროპის საკეთილდღეოდ შენდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:18:26 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG